უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას ღია წერილი საერთაშორისო მედიას

„ბოლო დროს, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან, თხოვნით მომმართავენ ინტერვიუსთან დაკავშირებით, ეს წერილი არის ჩემი პასუხი ამ თხოვნებზე და აღსარება უკრაინიდან.

იმის დაჯერება, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა შეუძლებელი იყო, ჩვენი ქვეყანა იყო მშვიდობიანი, ჩვენი ქალაქები და სოფლები კი სიცოცხლით სავსე. 

24 თებერვალს ყველას რუსეთის შემოჭრის სიახლით გამოგვეღვიძა, ტანკებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, თვითმფრინავები შემოვიდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში, რაკეტების გამშვებმა სადგურებმა ალყა შემოარტყეს ჩვენს ქალაქებს.

მიუხედავად, კრემლის მხარდამჭერი პროპაგანდისტული საშუალებების რწმუნებისა, რომლებიც ამ ყოველივეს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ - ეს, ფაქტობრივად, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობაა.

ამ შემოსევაში ყველაზე საშინელი და დამანგრეველი, ალბათ, ბავშვების მსხვერპლია. რვა წლის ალისას, რომელიც ოხტირკას ქუჩებში გარდაიცვალა, სანამ ბაბუა მის დაცვას ცდილობდა. ან პოლინას, კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვისას დაიღუპა. 14 წლის არსენის გარდაცვალება, რომელსაც ნამსხვრევები თავში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ინტენსიური ხანძრის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად ვერ მივიდა მასთან.

როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის „არ აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, მე ჯერ ამ მოკლული ბავშვების სახელებს ვამბობ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ბომბის თავშესაფრებში და სარდაფებში ცხოვრობენ. თქვენ, სავარაუდოდ, ყველას გინახავთ ეს სურათები კიევისა და ხარკოვის მეტროსადგურებიდან, სადაც ადამიანები იატაკზე წვანან შვილებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად - ქვემოთ გამომწყვდეული. ზოგიერთისთვის ეს მხოლოდ ომის შედეგებია, უკრაინელებისთვის კი ეს საშინელი რეალობაა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ თავშესაფრებიდან გამოსვლას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვის გამო.

ომის პირველმა ახალშობილმა სარდაფის ბეტონის ჭერი დაინახა, მათი პირველი ამოსუნთქვა მიწისქვეშა ჰაერი იყო და მათ ხაფანგში ჩავარდნილი და შეშინებული საზოგადოება მიესალმა. ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული ბავშვია, რომლებსაც მშვიდობა ცხოვრებაში არასოდეს უნახავთ. ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ზოგიერთ ადამიანს ესაჭიროება ინტენსიური მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა, რასაც ახლა ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის შეყვანა სარდაფში? ან ასთმის წამლების მიღება ძლიერი ცეცხლის ქვეშ? რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით კიბოს პაციენტზე, რომელთა ხელმისაწვდომობა ქიმიოთერაპიასა და სხივურ მკურნალობაზე ახლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

სოციალურ მედიაში თემატური სიახლეები სავსეა სასოწარკვეთით. ბევრი ადამიანი, მათ შორის მოხუცები, მძიმედ დაავადებულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოწყვეტილი არიან ოჯახებს, ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომი ორმაგი დანაშაულია.

ჩვენი გზები გადავსებულია ლტოლვილებით. ჩახედეთ ამ დაღლილ ქალებსა და ბავშვებს თვალებში, ისინი თან საყვარელი ადამიანების დატოვებით განცდილ ტკივილს დაატარებენ. კაცებს, რომლებსაც საზღვრებთან მიჰყავთ ოჯახები და ცრემლებს ღვრიან ოჯახების დატოვებით. ყოველივე ამის შემდეგ, ამ საშინელების მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორი პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაზე ბლიცკრიგს გააჩაღებდა. მაგრამ მან ვერ შეაფასა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი. უკრაინელები, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, მშობლიური ენის, რწმენისა და ეროვნებისა, დგანან ერთად.

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები ტრაბახობდნენ, რომ უკრაინელები მათ როგორც მხსნელებს ყვავილებით ეგებებოდნენ, სინამდვილეში მათ მოლოტოვის კოქტეილებით აცილებდნენ.

მადლობას ვუხდი მოქალაქეებს, რომელთა ქალაქებიც დაიბომბა და რომლებმაც მაინც გაუწიეს კოორდინირება მათ თანამემამულეებს, ვინც აგრძელებს მუშაობას - აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სოციალურ სერვისებში - ეს ყოველივე აჩვენებს, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

მადლობას ვუხდი მათ, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. და ჩვენს მეზობლებს, რომლებმაც გულუხვად გახსნეს საზღვრები ჩვენი ქალებისა და ბავშვებისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად, გმადლობთ, რომ დაიცავით ისინი, როცა აგრესორმა ამის გაკეთება შეუძლებელი გახადა.

მთელ მსოფლიოში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გამართა, იცოდეთ, რომ ჩვენ გხედავთ! ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას.

უკრაინას სურს მშვიდობა, მაგრამ უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს!

ქალაქებში, სადაც დაბომბვა გრძელდება, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ ჰყვებიან და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ სარდაფებიდან გამოსვლას, ჩვენ მათთვის გვჭირდება უსაფრთხო დერეფნები, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გზა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად და მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციისთვის.

დახურეთ ცა და ჩვენ თვითონ მოვიგებთ ომს ამ მიწაზე.

ძვირფასო მედია: განაგრძეთ იმის ჩვენება, რაც აქ ხდება, განაგრძეთ სიმართლის ჩვენება. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში ყველა მტკიცებულება გადამწყვეტია.

ამ წერილით მე ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინის ომი არ არის ომი „სადღაც იქ“. ეს არის ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს. უკრაინა აჩერებს ძალებს, რომლებიც ხვალ შეიძლება აგრესიულად შევიდნენ თქვენს ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის საბაბით. გასულ კვირას ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს გადაჭარბებულად მეჩვენებოდა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. და არ ვიცით ასე რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არცერთი ჩვენგანისთვის აღარ იქნება უსაფრთხო ადგილი მსოფლიოში. ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ერთთიანობის გამო“.

 დიდება უკრაინას!

ზევით