თანხმობა გადამწყვეტია! - მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

გაზიარება:

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველომ, ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევას გაუსწორა თვალი, გენდერული ნიშნით ქალთა განზრახ მკვლელობის საზარელი ფაქტი ამჯერად თერჯოლაში დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ, 14 წლის გოგონამ მამას გაუმხილა, რომ ის გაუპატიურების მსხვერპლია, მამამ კი შვილი ისე სცემა, რომ არასრულწლოვნის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო... კიდევ რამდენიმე დღით ადრე კი 12 წლის ბავშვმა - ბავშვი გააჩინა... 2022 წლის ბოლო 10 თვის მონაცემებით საქართველოში 18 ქალი მოკლეს... 

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელშიც გენდერული ნიშნით ძალადობა ნარატივად იქცა, ქვეყანაში, რომელშიც ძალადობის ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ხელს მსხვერპლისკენ იშვერენ, საზოგადოებაში, რომელსაც არ სჯერა ქალების. როდესაც სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტიანია, საკუთარი თავების და ერთმანეთის დაცვა თავად გვიწევს.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, The Diary უერთდება მშვიდობიან მსვლელობას, რომელშიც ერთიანდებიან ქალთა მოძრაობა და სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.

„კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა“ - განაცხადა დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, დღეს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, საპროტესტო მსვლელობის მთავარი მიზანი „იდეალური მსხვერპლის“ სტერეოტიპების დარღვევა - ქალთა გაუპატიურების მიმართ არსებული მანკიერი მიდგომების შეცვლა გახლავთ.

„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.

ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან - სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში“ - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

ქალების მიმართ გახშირებული გაუპატიურების და ძალადობის შემთხვევები საგანგაშოა და დაუყოვნებლივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოგვიწოდებს, საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის კორექტირებას საერთაშორისო კონვენციების მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, რაც ქალის თანხმობის გარეშე განხორციელებულ სექსუალურ აქტს გაუპატიურების კვალიფიკაციას მიანიჭებს მიყენებული ფიზიკური ზიანის არარსებობის შემთხვევაშიც.

ილუსტრაცია: @fannetaziori @aintmarita

ზევით