სოხუმში საქართველოს დროშა ააფრიალეს?

| ნანკა კიკალია |

დღევანდელი ჩემი სტატიის მიზეზი გორგასლიანი დროშაა, რომელიც გუშინ სოხუმის შუაგულში თავად აფხაზებმა ააფრიალეს, აფხაზეთის დროშის დღის აღსანიშნავად. ასე, სიღრმისეულად ქართული სახელმწიფო დროშის კვლევა აქამდე არ ჩამიტარებია. მანამ, სანამ ქართული დროშის შესახებ მოკვლეულ ინფორმაციას გაგიზიარებთ, რომელსაც უხვად მათ შორის „საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო“ გვიზიარებს, მინდა გავარკვიო, რატომ ააფრიალეს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აფხაზეთში, ამისთვის კი არც მეტი და არც ნაკლები ჩემს აფხაზ მეგობარს, კ.კ.-ს მივწერე სოხუმში.

აფხაზეთი, საქართველოს დროსა
სოხუმი, 2022 წლის 23 ივლისი

კ.კ.: „საინტერესოა, არც მე ვიცოდი ამ პროექტის შესახებ და ძალიან გამიკვირდა, არამხოლოდ მე, ბევრ აფხაზს თმები ყალყზე დაუდგათ, როდესაც საქართველოს დროშა შუაგულ სოხუმში ვიხილეთ, მაგრამ შემდეგ აგვიხსნეს, რომ ეს გაკეთდა პროექტის „აფხაზეთის ისტორიული ჰერალდიკა“ ფარგლებში, საჯაროდ გამოიტანეს დროშები, რომელიც აფხაზეთის ისტორიის განმავლობაში ყოფილა“.

აქვე აღვნიშნავ, რომ კ.კ. მიგზავნის ლინკს პროექტის შესახებ, რომელიც 2012 წლით არის დათარიღებული და ამ ამბით ვიგებ, რომ პროექტი კომპანია „აკვაფონმა“ განახორციელა 10 წლის წინ.

კ.კ.„ჩვენ არ გვსურს ისტორიის გაყალბება. ეს ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშას წარმოადგენს, აფხაზეთის დროშაც იყო გარკვეული პერიოდი და ამას ვაღიარებთ. აბა თქვენ რა იფიქრეთ, რომ შერიგების მესიჯს გიგზავნით?!“.

ამ ბოლო მესიჯში ღიმილნარევი ხმა აქვს ჩემს აფხაზ მეგობარს და მეც არ ვაყოვნებ პასუხს „რა თქმა უნდა, ვფიქრობთ რომ დაბრუნება გსურთ ჩვენი და გენატრებით, ისევე როგორც ჩვენ!“

XIV საუკუნიდან ხუთნიშნიანი კომპოზიცია სხვა და სხვა სახეცვლილებით საქართველოს სიმბოლოდ გვევლინება

გავერკვიეთ, თუ რატომ აღმართეს აფხაზებმა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღლუმზე. მაგრამ რა ვიცით ამ დროშის ისტორიაზე? 

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, დღეისათვის არსებული დროშა „გორგასლიან-დავითიანი“ დროშისგან (1320 წლიდან) იღებს იერს. ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ დაიბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ასევე ჩაიბარა „კლიტენი იერუსალიმისანი“ (ქრისტეს საფლავის გასაღები), სწორედ ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია (მათ შორის, ხუთი ჯვრის გამოსახვით) უკვე გვევლინება საქართველოს სიმბოლოდ, რაც დასტურდება მრავალი ვიზუალური წყაროს საშუალებით, მათ შორის ლეგენდარული კარტოგრაფების პიეტრო ვესკონტეს (1318 წ.), ანჯელინო დულჩერის (1339 წ.), ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების (1367 წ.), გებრიელ დე ვალსეკას (1439 წ.) და სხვათა რუკებით. სამწუხაროდ დროშების იერსახე, მონაცემები მის შესახებ მხოლოდ XII–XIII სს-იდან მოგვეპოვება. 

დროშაზე მარცხნივ: Tiflis/თბილისი, მარჯვნივ Saustopolis/სოხუმი 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ XIV საუკუნის რუკაზე, საქართველოს სამეფოს თავზე ხუთჯვრიანი დროშაა დახატული. რუკაზე ქვეყნის სახელია Georgiania, ხოლო ქალაქისა - Tiflis. აღსანიშნავია, რომ აქვე სოხუმის (ძველი სახელი Saustopolis) თავზეც ხუთჯვრიანი დროშაა აღმართული, სხვა რუკებზე მწვანე ზოლებიანი და ხუთჯვრიანი დროშების გაერთიანებაც გვხვდება, რაც იმაზე მეტყველებს რომ სოხუმი საქართველოს სამეფოს ნაწილია.

აფხაზეთი
ანჯელინო დულჩერის (Angelino Dulcert) 1339 წლის რუკა. დაცულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაში.
აფხაზეთის რუკა
1325 წ. გენუელი პიეტრო ვესკონტეს პორტოლანი. დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკა. დროშები ქ. სოხუმის და ქ. ფოთის თავზე

სწორედ ეს დროშა გამოიტანეს აფხაზებმა 2022 წლის 23 ივლისს სოხუმის შუაგულში. ნიშანია თუა არა ეს? მე კი, მენიშნა! უხდება თუ არა სოხუმს საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა? ძალიან!

უნდა გავიძახოდეთ თუ არა, რომ პალმა და ზღვა გვენატრება? პალმა ბევრგან არის და ზღვაც უკეთესი მინახავს ბევრგან. ვამბობდეთ თუ არა, რომ აფხაზები გვენატრებიან, ჩვენი საერთო ისტორია და მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა? უდავოდ! 

პ.ს. გერმანიის ელჩმა, რომელთანაც აფხაზეთზე და მშვიდობის ფორმულაზე მქონდა ინტერვიუ, გამიზიარა: "რატომ აღიქვამთ აფხაზეთს როგორც ტერიტორიას მხოლოდ, იქ ხომ თქვენი ძმები ცხოვრობენ, იქ ხომ ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ასევე ეტკინათ". 

ზევით