#საზოგადოება #MBFW TBILISI

სოფო ჭყონია: „მთელი ეს პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი აღმოჩნდა“

გაზიარება:

ავტორი: მარიამ გერგედავა

 

საქართველოს, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნის, მსოფლიო მოდის რუკაზე მონიშვნა მარტივი საქმე არ ყოფილა, ხანგრძლივ პროცესში საკმაოდ დიდი ძალისხმევა, ფიზიკური თუ მატერიალური რესურსი და ენერგია ჩაიდო. ქართული მოდის განვითარებისა თუ პოპულარიზაციის, აგრეთვე, ქართველი დიზაინერების მსოფლიო ასპარეზზე გაყვანის საქმეს, უკვე წლებია, მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელი, მისი ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია იღებს საკუთარ თავზე.

სოფო ჭყონიას ღვაწლი ქართული მოდის სექტორის განვითარების საქმეში ფასდაუდებელია, თუმცა არა შეუმჩნეველი, 2019 წელს, სოფო, მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში, ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დასახელდა. #BOF500-ში სოფო ჭყონიას სახელი, ცნობილი დიზაინერების, მოდელების, სტილისტებისა თუ ფოტოგრაფების გვერდით ჩაიწერა, იმ ადამიანების, რომლებიც მოდის გლობალურ ბიზნესზე წარუშლელ კვალს ტოვებენ.

სოფო ჭყონია

ქართული მოდის ტრანსფორმატორის წარმატების საიდუმლო მუდმივ განვითარებაში იმალება, სოფო ჭყონია არასოდეს წყვეტს ფიქრს ქართული მოდისთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე, მსოფლიო პანდემიის პირობებშიც კი. მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ, სამყარომ ახალ რეალობაში გაიღვიძა და არა ერთი სექტორი, მათ შორის მოდაც, რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, არავის წარმოედგინა, რომ ქართული მოდა სიახლეებს აუწყობდა ფეხს, თუმცა მან ეს მოახერხა.

სწორედ სოფო ჭყონიას ძალისხმევით, ჯერ ნახევარი წლის წინ, ახლა კი მეორედ, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში წარდგა მსოფლიოს წინაშე, არა ერთი დაბრკოლებისა და გზად გაჩენილი სირთულის მიუხედავად, ჩანაფიქრი განხორციელდა და სანამ მსოფლიო პრესა ციფრულ ფორმატს მსოფლიო მოდის მომავლად განიხილავს, სოფო ჭყონია ქართული მოდის კვირეულის, დიზაინერებისა და ჩაკეტილ სივრცეში გაჩენილი იდეების შესახებ გვიამბობს.

უკვე მეორე სეზონია თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში ტარდება, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეგუებული და გაცნობიერებულები არიან ქართველი დიზაინერები ახალ ფორმატს?

ძალიან რთული ფორმატია, მთელ მსოფლიოში, Covid 19-ის პანდემიის ფონზე, ყველას მოუწია ახალ რეალობასთან მორგება, მათ შორის ქართველ დიზაინერებსაც. მთელი ეს პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი აღმოჩნდა.

სოფო ჭყონია

თუ მართლა გინდა, რომ იყო დიზაინერი და არ გაჩერდე, თუ კი გინდა რომ შეინარჩუნო შენი ბრენდი და არავის არ დაავიწყდე მარტივად უნდა იპოვო გამოსავალი

როგორ ფიქრობთ, რამდენად არის, ციფრული ფორმატი მოდის კვირეულების მომავალი, როგორც ამას უცხოური პრესის წარმომადგენლები იუწყებიან?

არა მგონია ციფრული ფორმატი იყოს მოდის კვირეულის ჩვენებების მომავალი. ვფიქრობ, პანდემიის დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. სულ სხვა ატმოსფერო და ენერგეტიკაა, როდესაც მოდის კვირეულს უშუალოდ ესწრები, ძველი ფორმატი უფრო კომფორტულია დამსწრე საზოგადოებისთვის, მათ შორის პრესისთვის, ბაიერებისთვის და რაც მთავარია, თავად დიზაინერებისთვისაც.

სოფო ჭყონია

ქართველი დიზაინერებისთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრესის დასწრება მოდის კვირეულებზე და არა ონლაინ რეჟიმში მათთან მუშაობა.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქართული მოდა პანდემიის პირობებში?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსური კრიზისია და ეს ეტყობა კოლექციებსაც და დიზაინერებსაც, რადგან გაყიდვები შემცირდა და ეს მათზეც აისახება.

ახალი იდეები თუ დაბადა ჩაკეტილმა სივრცემ (პანდემიამ)...

სოფო ჭყონია

მოდა კომუნიკაციის იმდენად ეფექტური საშუალებაა, რომ ნებისმიერი ფორმა შეგიძლია მოურგო, თუ კი ამას მოინდომებ, შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ყოველთვის არსებობს გამოსავალი და მას ძებნა სჭირდება. ახალი იდეები კრიზისის დროს იბადება, ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუშებიც ხომ რთულ პერიოდში იქმნებოდა, მე მგონი, ქართველებსაც შესწევთ იმის უნარი, რომ ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ.

თუ კი მომავალი სეზონიც ციფრულ ფორმატში ჩატარდება, რას რჩევას მისცემდით ქართველ დიზაინერებს?

მომავალ სეზონშიც თუ კი ამ ფორმატით მოგვიწია მოდის კვირეულის ჩატარება, მაშინ დიზაინერებმა უნდა მოინდომონ და უკეთესი კოლექციები შემოგვთავაზონ, ქასთინგიც პროფესიონალურ დონეზე უნდა იყოს ჩატარებული და მეტი დრო უნდა დაუთმონ იმას, რაშიც მონაწილეობას იღებენ.

სოფო ჭყონია

მგონია, რომ ამ ყველაფერში ის საკმარისი შრომა არ არის ჩადებული, რაც ამ სფეროს სჭირდება,

რამდენად კმაყოფილი ხართ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის, რიგით მეორე, ციფრული ჩვენებების?

ჩემთვის ძალიან საინტერესო ფორმატი იყო და ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გავავრცელებთ ამას და რამდენად დიდი იქნება უცხოელების ჩართულობა ამ პროცესებში, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, გაშუქება კი უშუალოდ კოლექციებზეა დამოკიდებული.

ფოტო: გრიგორ დევეჯიევ

ზევით