#სპორტი

რას ველით ეროვნული ნაკრებისგან? - ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა იწყება

გაზიარება:

შეიძლება სულ ცოტა ხნით, მაგრამ დღეს ყველა ისევ ერთ ტემპში ვისუნთქებთ. ფეხბურთია, ფეხბურთი! საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ქომაგების ნაწილი დორტმუნდის სტადიონზე გამოცდის "ევროპულ" მღელვარებას, დანარჩენებს კი ნერვიულობა, წივილ-კივილი, ლოცვა და იმედი გვაქვს სიხარულის ცრემლების ღვრა ეკრანების წინ მოკალათებულებს მოგვიწევს. 

როგორია ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსი?

სანამ ჯერ კიდევ შეგვრჩენია ლოგიკურად აზროვნების უნარი, ეროვნული ნაკრების წარმატების შანსები ერთად გავზომოთ. პირველი და შესაბამისად, ემოციურად ყველაზე რთული თამაში დღეს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან გველის, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში ყველაზე არაპროგნოზირებადი მეტოქის სტატუსით აფასებენ. 

"ევროპის ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები არ ხვდება. ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, თუმცა არც ისინი ყოფილან დიდი ხნის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე. იოლი თამაში ნამდვილად არ გველის წინ, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბიჭების მონდომების მჯერა", - ლადო კაკაშვილი (თბილისის დინამოს U17-ის მთავარი მწვრთვნელი).

თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე 1996 წელს გამოჩნდა და ჯგუფში მაშინაც პორტუგალია და ჩეხეთი ჰყავდა. თურქეთმა ტურნირზე საუკეთესოდ 2008 წელს ითამაშა, როცა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ბოლო, 2021 წლის ჩემპიონატზე კი სამი წაგებით დაასრულა ასპარეზობა.

2024 წლის შესარჩევი ეტაპიც კარგად ჩაატარეს, მათი ყველა ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა. ნაკრების ფეხბურთელების თქმით, მათ მეტოქეების სუსტი და ძლიერი მხარეები უკვე შესწავლილი აქვთ. ყველაზე დიდი აქცენტი, სავარაუდოდ მილანის "ინტერნის" ფეხბურთელ - ჰაკან ჩალხანოღლუზე გაკეთდება, რადგან ის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თურქეთს მხარს უმაგრებს მადრიდის "რეალის" 19 წლის ნახევარმცველი, არდა გიულერიაც. ამის მიუხედავად, მაინც რთულად პროგნოზირებადი გუნდია. თურქებმა გასული ორი მატჩიდან ორივე წააგეს: ერთი უნგრეთთან 0-1, მეორეში კი ავსტრიასთან სულაც 1-6 ანგარიშით. ასე, რომ ჩვენ კარგი მოლოდინებით ვართ.

ჯგუფში ყველაზე “საშიშ” მეტოქედ პორტუგალიის ნაკრებს მოიაზრებენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მათ შემადგენლობაში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლასი, კრიშტიანუ რონალდუც ითამაშებს…

ლადო კაკაშვილი: ეს ფეხბურთია და არაფერია გამორიცხული. რაც ყველაზე მთავარია, ნაკრები მათთან თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას შეიძენს. იმედი მაქვს პორტუგალია უკვე გასული იქნება ჯგუფიდან და “დაგვზოგავენ”. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

ბატონი ლადოს მსგავსად, ნაკრების მწვრთნელ, ვილი სანიოლსაც სჯერა თავისი გუნდის და ამბობს, რომ გერმანიაში ტურისტად ჩასვლას არ აპირებს. ჩვენი ნაკრები წელს, 2016 წლის ჩემპიონ პორტუგალიას, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან, 39 წლის კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად შეხვდება.

ყველაზე ნაკლებად, ალბათ ჩეხეთის უნდა გვეშინოდეს, რადგან საკმაოდ არასტაბილური გუნდია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ოთხწლიანი გამოცდილება აქვთ.

"შემთხვევით ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილად არავინ ხვდება. თუმცა ჩეხეთთანაც და თურქეთთანაც თანაბარი შანსები გვექნება, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გვაქვს", - ლადო კაკაშვილი (თბილისის დინამოს U17-ის მთავარი მწვრთვნელი).

რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას, რომლის ნაწილიც თქვენს ხელში გაიზარდა, ვისზე ამყარებთ ყველაზე დიდ იმედებს?

ლადო კაკაშვილი: რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ნაკრების ლიდერების თამაშს და ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ლიდერები: ხვიჩა, მამარდა, ზურიკო, ჩვენი კაპიტანი - კაშია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შეკრული ნაკრები გვყავს, სადაც ერთმანეთის გვერდით გამოცდილი და ახალგაზრდა, მოტივირებული ფეხბურთელები თამაშობენ. კარგად იმუშავა ნაკრების მწვრთნელმა ამ ყველაფერზე და ვფიქრობ, რომ შედეგიც ამიტომ დაიდო. ყველამ ვიცით, როგორი მონდომებულები არიან ბიჭები. ადრე ხშირად გაიგებდით ფრაზას - “ბოლომდე არ იხარჯებიან”. დღეს ამას აღარავინ ამბობს.  

ხვიჩა კვარაცხელიასთან განსაკუთრებული კავშირი გაქვთ. მისგან რას ელით?

სულ იმას ვამბობ, რომ ხვიჩა ყოველთვის ფეხბურთის ფანატიკოსი იყო.

დღე და ღამე ვარჯიშობდა და თავიდანვე ეტყობოდა, რომ ერთ დღეს, ფეხბურთის პიედესტალზე ავიდოდა. მიხარია, რომ მან ეს ნიჭი სწორად გამოიყენა და არ ჩერდება. ესაა მთავარი! ამიტომ, მოედანზე ნამდვილ ხვიჩას ველოდებით".

მოკლედ, აი ასე, ჩვენთანაც დადგა დრო, როცა ერთმანეთს აღარ ვეკითხებით, თუ ვის ვგულშემატკივრობთ, რადგან ეს უკვე ცხადია.  ვილი სანიოლის გუნდი კი თურქეთის წინააღმდეგ საფეხბურთო ბრძოლისთვის ემზადება და მოწინააღმდეგის თამაშიც უკვე შესწავლილია. ქართველები მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ჩვენი ამჟამინდელი მიზანი გუნდიდან ფლეი-ოფში გასვლაა. ამის შანსები კი საკმაოდ მაღალია.

სტრესის შესამსუბუქებლად იმასაც გეტყვით, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის შესაძლოა გამარჯვება სულაც არ იყოს საჭირო. თუ ჯგუფში ასპარეზობას სამი ფრეთი დავასრულებთ, ან ექვსი ჯგუფიდან ოთხ საუკეთესო მესამე ადგილოსანს შორის მოვხვდებით.  ასე, რომ შანსები მაღალია. რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბიჭები სრულ მზადყოფნაში არიან. კაპიტანი - გურამ კაშიაც აღნიშნავს, რომ ნაკრების ახალგაზრდები დიდ ძალას წარმოადგენენ და ყველა მათგანს ერთი სული აქვს, ბურთი მიიღოს და საუკეთესო თამაში შემოგვთავაზოს. ბოლოს და ბოლოს, 26 მარტის ღამეს განცდილი ბედნიერების გამეორება ყველას ერთნაირად გვჭირდება და გვინდა.  

ზევით