#სპორტი #Rugby

დროშები გაშალეთ! ახლა მორაგბეების ჯერია

გაზიარება:

დროშები არ შეინახოთ! ახლა ბორჯღალოსნების ჯერია! საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ზაფხულის პირველ ტესტ მატჩს ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ლევან მაისაშვილის თავკაცობით ჩატარებული წარმატებული სეზონების შემდეგ, ბორჯღალოსნები შეხვედრებს ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით გამართავენ.

სოსო ტყემალაძე (რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი): ქვეყანაში საოცარი მუხტია. ეს ბუნებრივია გამოწვეულია ჩვენი იტალიასთან გამარჯვებით, იმითაც, რომ სხვა სპორტსმენებმა მსოფლიო არენაზე გვასახელეს. შემდეგ ფეხბურთმაც საოცრება ჩაიდინა და მინდა ბიჭებს და ქვეყანას ეს წარმატება მივულოცო. გამარჯვების მუხტი ქართველი ერის გენშია და ამიტომ გამარჯვებებისკენ სულ უნდა ვიაროთ.

ბუნებრივია, ფიჯისთან გამარჯვების მოლოდინი გვაქვს, გვახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე მათთან ურთულესი მატჩი.

ფიჯი დღესაც საუკეთესო ფორმაშია. ჩვენი ახალი მწვრთნელიც სამზადისშია. ტესტების წინ პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს, მაგრამ გუნდმა კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა, ატმოსფეროც საოცარი იქნება. ბათუმში 2-3 დღით ადრე სარაგბო დღესასწაული იწყება. ქალაქი უკვე გაფორმდა და აჭარას ამისთვის მადლობასაც გადავუხდი. დიდ სანახაობას და გამარჯვებას ველოდებით.

რაგბი, საქართველო, ფიჯი, 5 ივლისი, ბათუმი არენა. თამაში, საქართველოს ნაკრები, რაგბის ნაკრები, 6 ერი

საქართველოს ნაკრები ფიჯის შვიდჯერ შეხვდა. აქედან ერთი ჩვენი გამარჯვებით, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა, ხუთში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ, თუმცა სხვაობა მხოლოდ 5 ქულა გახლდათ (17:12).

თორნიკე გოგებაშვილი (რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი): მოლოდინები როგორც ყოველთვის მაღალი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმის სტადიონი იყო პირველი გამარჯვების ადგილი, სადაც ჩვენ იტალიის წინააღმდეგ გამარჯვება მოვიპოვეთ. თანაც იტალია პირველი Tier 1 ნაკრებია ისტორიაში. ამას მოყვა უელსის ნაკრებთან გამარჯვება და საბოლოო ჯამში ქართული რაგბი ხმამაღალი გამარჯვებებით გათამამდა. შესაბამისად, ფიჯისთან მოლოდინები ძალიან მაღალია, ბიჭები ემზადებიან და თითოეული მათგანი ფორმაშია და ეს ყველაფერი მათ განწყობაზეც აისახა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე 5 ივლისს, ბათუმში მორიგ დღესასწაულს ველოდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება, ზუსტად ისე როგორც ქართველ გულშემატკივრის მოლოდინებშია.

რაგბი, საქართველო, ფიჯი, 5 ივლისი, ბათუმი არენა. თამაში, საქართველოს ნაკრები, რაგბის ნაკრები, 6 ერი, შემადგენლობა

უკვე დიდი ხანია დაწყებულია საუბარი საქართველოს 6 ერის წევრობაზე. ფიჯისთან გამარჯვებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით?

სოსო ტყემალაძე: ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებსა და დინამიკას, რომელსაც გუნდი თავისი მიღწევებით ავითარებს. მიღწევები აქვთ როგორც 18 წლევანდელებს, ისე 20 წლევანდელებს. ფიჯისთან უმნიშვნელოვანესია გამარჯვება. შემდეგ შევხვდებით იაპონიას, ავსტრალიას და ნოემბერში იტალიასთან გვექნება თამაში.

ყოველი გამარჯვებული თამაში წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მეშვიდე წევრად დამატების გზაზე.

ამისთვის ყოველწუთიერად უნდა ვიშრომოთ. საბავშვო რაგბის განვითარება აუცილებელია, რათა მეტი მოთამაშე გვყავდეს. მწვრთნელების დონის ამაღლებაც მნიშვნელოვანია. რასაც ვუყურებ, წინ დაუძლეველი არაფერი გვაქვს. ის, რასაც აქამდე სენსაციას ვუწოდებდით, უკვე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. დაველოდოთ წლევანდელ შედეგებს და ის მოლოდინი, რომელიც ახალმა მწვრთნელმა შეგვიქმნა რეალობად უნდა ვაქციოთ.

რაგბი, საქართველო, ფიჯი, 5 ივლისი, ბათუმი არენა. თამაში, საქართველოს ნაკრები, რაგბის ნაკრები, 6 ერი, მწვრთნელი, რიჩარდ კოკერილი

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, რომელმაც ლევან მაისაშვილის ადგილი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიკავა, ინგლისელი სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. კოკერილი ამავდროულად „შავი ლომის“ მწვრთნელის პოზიციასაც იკავებს.

საინტერესოა, ახალი მწვრთნელის შეფასებაც. რამდენად შეიცვალა ნაკრების მომზადების ტაქტიკა და არის თუ არა ცვლილება მთავარ შემადგენლობაში?

სოსო ტყემალაძე: ერთს + სამი წლის გეგმა რაც გვაქვს, ეს არჩევანი, იმისთვის გავაკეთეთ, რომ შევხედოთ, პირველ წელს, როგორ გაამართლებს მოლოდინებს და შემდეგ განვაგრძოთ მასთან ურთიერთობა. წლევანდელი წელი ზუსტად ამისთვისაა. რაგბი ევროპის გარდა, ფიჯისთან თამაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. რაგბი ევროპის თასი უკვე მოვიპოვეთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისეთ საერთაშორისო გუნდებთან თამაშია, როგორებიცაა ფიჯი, იაპონია და ავსტრალია. ვუსურვოთ გუნდს წარმატება და 5 ივლისს, ბათუმში ყველას საგულშემატკივროდ ველოდებით.

საქართველო ფიჯი, რაგბი, 5 ივლისი, დინამო არენა, ტესტ მატჩი, ზაფხული 2024, ჯორჯღალოსნები

 

საქართველო-ფიჯის თამაშის პარალელურად, რაგბის ქომაგებისთვის წელს ბათუმში დამატებითი აქტივობები გაიმართება. “დაკარგული სამკაული” რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ე.წ. ქვესტია, რომელშიც რაგბის გულშემატკივრები იღებენ მონაწილეობას.

ნოდარ (ნონო) ანდღულაძე: ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ გულშემატკივარს სიახლეები შევთავაზოთ. გულშემატკივრის ქუესტი უკვე დავიწყეთ. მას „დაკარგული სამკაული“ ჰქვია და ვეფხისტყაოსნის მოტივებზეა შექმნილი. თამაშის ლეგენდის თანახმად, არის ძველი მანუსკრიპტი, რომელიც უნდა აღვადგინოთ. ქალაქში (ბათუმში) სიტყვებია მიმოფანტული, რომელთა პოვნითაც გულშემატკივარმა ტაეპები უნდა გახსნას. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია - itamashe.ge და თამაშში ჩართვა სწორედ მისი საშუალებითაა შესაძლებელი. თამაში შშმ პირებზეა ადაპტირებული და ინტელექტუალურ ლოგიკას ეყრდნობა. 1300 ადამიანია უკვე დარეგისტრირებული. გონიოს ციხეში გამართულ ფინალში, 4 დღის განმავლობაში, დღის გამარჯვებულები და 6 ყველაზე მაღალქულიანი მონაწილე მოხვდება.

მთავარი პრიზი 2 ადამიანისთვის იტალიაში, ჩვენი ნაკრების თამაშზე დასასწრები საგზურია. გვექნება სხვა ჯილდოებიც.

მოკლედ, ფეხბურთელებს ვასვენებთ, მაგრამ ქართული სპორტის ქომაგებისთვის საქმე არ ილევა. ყველაფერთან ერთად, თამაში სახლშია და ბათუმის სტადიონიც კარგად გვაქვს დაცდილი. ის კი უკვე ყველამ ვიცით, რამხელა ძალა აქვს სტადიონიდან მოსმენილ შეძახილებს. ერთი რამ კი არ უნდა დაგვავიწყდეს: რაგბი ჩვენი თამაშია, საქართველო კი ფორმაშია! No pressure, ბიჭებო!

ზევით