#ცნობილები #საზოგადოება

სალომე, გიორგი და ნენე: დიდი სამეულის ოჯახური იდილია

გაზიარება:

ოჯახური იდილიის, ჰარმონიული ურთიერთობებისა და ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები თითოეულმა ჩვენგანმა მსოფლიო პანდემიის დაწყებასთან ერთად დავაფასეთ და ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ამ იდილიის გაზიარება ყველაზე დიდი პოზიტივი და დადებითი მუხტია, რომელიც შეგიძლია ადამიანს გადასცე.

დღეს, სწორედ პოზიტივის გაზიარება გადავწყვიტეთ თქვენთან და გვსურს წარმოგიდგინოთ სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძის ოჯახური იდილია 1 წლის ნენესთან ერთად. როგორ შეიცვალა სალომესა და გიორგის ცხოვრება ქალიშვილის გამოჩენის შემდეგ, როგორ ინაწილებს წყვილი პასუხისმგებლობას და როგორ ცვლიან ისინი სამყაროს ნენეს უკეთესი მომავლისთვის.
- როგორი გრძნობაა გერქვათ ნენეს მშობელი, რა შეცვალა 1 წლის გოგონამ თქვენს ცხოვრებაში და როგორ შეიცვალეთ პირადად თქვენ  სალომე და გიორგი მისი გამოჩენის შემდეგ?

სალომე: ჩემთვის ნენეს მშობლობა ყველაზე საპასუხისმგებლო გრძნობაა. თან ხომ ძალიან ბედნიერი ვარ მისის არსებობით, მაგრამ თან ამ ბედნიერების დაკარგვის უაზრო შიში გამიჩნდა, რაც ნენე დაიბადა. კიდევ ის შეცვალა, რომ მისი დაბადების შემდეგ საკუთარ თავსაც თითქოს უფრო ვუფრთხილდები. ალბათ, შინაგანად მეშინია ჩემს გარეშე არ დარჩეს და ამიტომ. ყველანაირ ემოციაზე მაღლა დგას ჩემთვის ეს არსება.

გიორგი: ნენეს მშობლობა პირველ რიგში უზომოდ დიდი ბედნიერებაა. ამასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა.

ჩემი ცხოვრება ორად გაიყო: ნენეს დაბადებამდე და ნენეს დაბადების შემდეგ, ამიტომაც ყველაფერი შეცვალა.

პირადად ჩემში შეცვალა ის რომ მზრუნველი გავხდი, თუნდაც თუ ადრე განტვირთვა ჩემთვის მეგობრებთან ერთად ყოფნა იყო ან მოგზაურობა, ახლა ყველაფერი სახლს და ოჯახს უკავშირდება. უფრო მოტივირებული ვარ კარიერულადაც და მიზანდასახული, რომ მომავალში ნენემ ჩემით იამაყოს.

- ორივე თქვენგანს კარიერა და დატვირთული გრაფიკი გაქვთ, როგორ ინაწილებთ როლებს ოჯახში და ნენეს აღზრდის პროცესში?

სალომე: გრაფიკსაც და როლებსაც გულწრფელად თანაბრად ვინაწილებთ.

ხშირად გამიგია, როცა დედა მამაზე საუბრობს როგორც დამხმარე. ჩვენთან ასე ნამდვილად არაა. არც მე მეხმარება გიორგი და არც მე მას. ნენეზე ზრუნვა ორივეს თანაბრად გვიყვარს და გვსიამოვნებს.

გიორგი: თანაბრად. ერთად ვუმზადებთ სადილს, ერთად ვასეირნებთ, ერთად ვარჩევთ მისთვის ტანსაცმელს (ნუ ამ ნაწილში სალომეს უფრო ვენდობი) და ა.შ. ერთადერთი ღამის გათენება თუ მოგვიწია, აქ მატრიარქატია. სალომეს დაჩაგრული ვყავარ, არ იღვიძებს და ვრჩები მარტო.

- როგორ დაასათაურებდით ახალ თავს თქვნეს ცხოვრებაში, რომელიც ნენეს გამოჩენით დაიწყო?

სალომე: "უცხოპლანეტელის დედიკო" ან რაღაც მსგავსი. სხვათაშორის გიორგიმ ხუთი თვის ნენე დახატა და კოსმოსიდან ჩამოფრენილი ნენეა სურათზე. როცა დაიბადა, მაშინაც როცა გვილოცავდნენ, გიორგი ყველას ეუბნებოდა და რომ სწრაფი რეისით და საკუთარი ხომალდით კოსმოსიდან ჩამოფრინდა უცხოპლანეტელი ნენე.

გიორგი: უცხოპლანეტელის იდეა სალომემ მომპარა, ამიტომ სხვა ვერსიას შემოვთავაზებთ: "თავიდან დაბადება".

- მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ცხოვრებაში ამ მომენტში - როგორც დიდი სამეული.

სალომე: ბალანსს, პირველ რიგში, ალბათ ნდობით ვინარჩუნებთ და არ მეგონა, მაგრამ ნენეს მერე თითქოს კიდევ უფრო შევიკარით. ნუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვჩხუბობთ (ძალიანაც ვჩხუბობთ), მაგრამ მთელი გონებით, გულით, სხეულით ვიცით რომ ერთი გუნდი ვართ და ეს გვაძლიერებს.

გიორგი: ცხოვრებას თავისი ეტაპები აქვს. დღეს ყველაზე ძლიერი გამაერთიანებელი ნენეა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის მიღმა ურთიერთობა არ გვაქვს - პირიქით, წყვილს შორის ინტიმური კავშირი (ამ სიტყვის სწორი გაგებით) ასევე მნიშვნელოვანია და ამითაც ბედნიერები ვართ.

- თუ შეხედეთ მომავალს სხვა თვალით ნენეს დაბადების შემდეგ და რის შეცვლას ცდილობთ ყოველდღიურად სამყაროში მისი უკეთესი მომავლისთვის?

სალომე: სრულიად სხვანაირად შევეხედე. აქამდე უფრო ეგოცენტრული ვიყავი, ახლა არა. ნენეს ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სწორი განვითარებაა. სათამაშოები, გასავითარებელი მოქმედებები და თამაშები - ყველანაირად ვცდილობთ რომ განვითარებაში დავეხმაროთ. ამას ცოდნა სჭირდება, პირველ რიგში, ჩვენ სულ ვეცნობით ახალ გაიდლაინებს და მთლიანად ჩართულები ვართ პროცესში. ეს ყველაფერი იმიტომ რომ თავისუფლად მოაზროვნე გაიზარდოს, მთავარი ესაა.

გიორგი: გარდა იმისა, რაც სალომემ ჩამოთვალა, დავამატებდი იმას რომ ჩემს თავში სიახლე აღმოვაჩინე. მომემატა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნება, თუ რაიმე არასწორი ხდება ქვეყანაში, უფრო მძაფრად გამოვხატავ პროტესტს.

საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა მადარდებს გარემოც და მის შეცვლაში მცირე წვლილი მსურს შევიტანო. ეს ყველაფერი ზუსტად იმიტომ, რომ მომავალში ჩემმა შვილმა უკეთეს გარემოში იცხოვროს.

- დროის კაფსულა რომ გქონდეთ, რა შეტყობინებას დაუტოვებდით ერთმანეთს და რა თქმა უნდა ნენეს 15 წლის შემდეგ?

სალომე: გიორგისთვის: "გიორგი, ბევრჯერ გაგაბრაზე და გაწყენინე, ბოდიში და მადლობა. მე შენ მიყვარხარ. პ.ს. კიდევ ბევრი წელი ამიტანე რა".

ნენესთვის: "ნენე, ვამაყობ შენით. ასეთი მრავალფეროვანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი რომ ხარ. მადლობა რომ ჩემი შვილი ხარ".

გიორგი: სალომესთვის: "და აი გავიდა 15 წელი, შენ კი ისევ არ აუთავებ ჩემს პერანგებს. მიყვარხარ და მომდევნო 15 წელში პერანგების ამბავს ისევ გადავამოწმებ".

ნენესთვის: "შენ ყველაზე გიჟი გოგო ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მაბედნიერებ".

ფოტო: ანა ნაყოფია

ზევით