#საზოგადოება

ხელოვანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ანტიგმირები არიან

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

როგორც არ უნდა ვეცადოთ, ხელოვნებისა და პოლიტიკის გამიჯვნა დღითი-დღე უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ხელოვნება ხომ ის არის, რაშიც მაკრო და მიკროკოსმოსი აისახება. დღეს 2024 წლის ორ გამორჩეულ რეჟისორზე მოგიყვეთ, რომელთა შემოქმედებას ფონად მშობლიური ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება გასდევს. 

Mohammad Rasoulof ირანელი რეჟისორია და როგორც ამ ქვეყნის ყველა ხელოვანი, მისთვისაც უამრავჯერ ჩამოურთმევიათ პასპორტი, დაუპატიმრებიათ, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ფილმები ისლამური ირანის იდეოლოგიას არ ესადაგება.

ირანს უკვე ძალიან ბევრი დისიდენტი, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი ჰყავს. მოჰამედიც მათ სიაში იწერება.

მოჰამედმა პირველ წარმატებას 2020 წელს, ფილმით "A Man of Integrity" მიაღწია, რომელმაც რეჟისორი "ოქროს დათვის" პრიზის მფლობელი გახადა. 2024 წელს კი ხელოვანმა შემოქმედების ახალი გვერდი გადაშალა და კანის ფესტივალზე ფილმით - "Seed of the Sacred Fig" წარსდგა. სიუჟეტი გამომძიებელი-მოსამართლის ირგვლივ ვითარდება. ის ირანში წარმატებული საჯარო მოხელეა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ მისი იარაღი უკვალოდ ქრება, თეირანის დაძაბული გარემოს ფონზე, მის გონებასა და სხეულს შფოთი და პარანოია იპყრობს. პანიკა ოჯახის წევრებზეც გადადის, რადგან მოსამართლე თავის ცოლ-შვილზე მიიტანს ეჭვს, რომ ინციდენტში ისინი არიან გარეული. ფილმში საუბარია ირანის ქალთა თავისუფლების მოძრაობაზე და გვანახებს იმ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნამდვილ სახეს, რომელსაც ირანის ხელისუფლება ეწევა.

ფილმის სიუჟეტი არ გამორჩენია თავად ირანელ მაღალჩინოსნებს და უკვე საჯაროდაც განაცხადეს, რომ მოჰამედ რასულოფს, მსახიობებთან ერთად აუცილებლად დაიბარებენ გამოკითხვაზე და ფილმის დიდი ეკრანებიდან გაქრობაზეც იზრუნებენ. თავად მოჰამედს, ქვეყნიდან რომ არ გამოქცეულიყო, 8 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ეს ყოველივე საზოგადოებამ სწორედ კანის ფესტივალზე შეიტყო. მოჰამედი ფილმის გადაღების პროცესში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, საიდუმლოდ, საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც მოახერხა.

ხელისუფლებამ ფილმის არსებობის შესახებ არც კი იცოდა, მანამ სანამ კანის ოფიციალური პროგრამა არ გამოქვეყნდა. კრიტიკოსები  "Seed of the Sacred Fig" -ს პალმის რტოს მიღებას უწინასწარმეტყველებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ფილმის წარმატების გზა კანის ფესტივალზე არ დასრულდება. ამას ისიც მოწმობს, რომ მოჰამედის ეს შემოქმედება მსოფლიოს ერთ-ერთმა წარმატებულმა კინო სტუდიომ, Neon-მა იყიდა.

რამდენიმე დღის წინ, კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პრეს კონფერენციაზე Movement-ის ქართველი ჟურნალისტი რუს რეჟისორს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ე.წ. "რუსულ კანონზე" უსვამს კითხვას. Kirill Serebrenniko-ზე უკეთ ალბათ ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გასცემდა, რადგან ის იმ ხელოვანის რიგებში შედის, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ქვეყანაში ცხოვრების პერიოდიდან მოყოლებული ეწინააღმდეგებოდა და საპასუხოდ პატიმრობაშიც არაერთხელ მოუწია ყოფნა. კირილი უკვე რუსეთში ვეღარ დაბრუნდება.

„მსგავსი არაადამიანური კანონების მიღებით, უდანაშაულო ხალხი, ცინიზმის, სისასტიკის და სიძულვილის გამო ჯდება ციხეში, არაფრის გამო, გამოგონილი ბრალდებით. ჩვენ თავზარდაცემულები ვუყურებდით იმას თუ როგორ, ნელ-ნელა საქართველომ დაიწყო ამ მიმართულებით სვლა.“ - აცხადებს რეჟისორი.

კირილი ჰყვება იმაზე, თუ თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრების მსგავსი გამოგონილი ბრალდებებით როგორ უშვებენ უდანაშაულო ადამიანებს ციხეში. მისი ფილმების პერსონაჟები Punk ცხოვრების სტილსა თუ რელიგიურ ფუნდამენტალიზმს წარმოადგენენ. რეჟისორი საუბრობს კომუნიზმის ძირგამოთხრილ რეალობაზე, აჩვენებს რუსეთში გამეფებულ მანკიერებებს და ხმამაღლა საუბრობს LGBT თემის პრობლემებზე. ამ ყველაფრიდან გამდინარე, მას ციხეში ბევრჯერ გაუტარებია ღამე და შინაპატიმრობაშიც ყოფილა. მისი და მოჰამედის ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

კირილ სერებრენნიკომ ახალი ფილმი, "Limonov: the Ballad & Betrayal" მას შემდეგ გადაიღო, რაც რუსეთიდან გამოიქცა და ცხოვრება გერმანიაში განაგრძო. ფილმი ედუარდ ლიმონოვის, რადიკალი საბჭოთა პოეტის ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება, რომელიც ნიუ-იორკსა და საფრანგეთში სენსაციად და ბუმბერაზ პოეტად აღიარეს, რუსეთში კი პოლიტიკური ანტიგმირის სტატუსი დაიმსახურა. ფილმი, რომელიც Emmanuel Carrère-ის შეთხზული ბიოგრაფიითაა ნასაზრდოები, ლიმონოვის მეამბოხე იმიჯის შექმნას ცდილობს, მაგრამ მისი პერსონაჟისა და პოლიტიკური მოტივების სირთულეებს კარგად ვერ უღრმავდება. ამის ნაცვლად, ფოკუსი ზედაპირულ ესთეტიკაზეა გაკეთებული.

რეჟისორი მეამბოხის კლიშე გამოხატულებასა და არაერთგვაროვან ნარატივს წარმოგვიდგენს, რომელიც ლიმონოვის ცხოვრების სხვადასხვა ფაზას მოიცავს, მისი საბჭოთა ცხოვრებიდამ ნიუ-იორკში გადასახლებამდე და საბოლოოდ რუსეთში დაბრუნებამდე. კრიტიკოსების აზრით, ეს ფილმი თანამედროვე პოლიტიკურ მოძრაობებზე რეფლექსიის მცდელობაა და მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი კინემატოგრაფიის საოცარ კადრებს გვთავაზობს, სიუჟეტი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან რჩება. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ეს ფილმი მაინც, კირილის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედებაა და რეჟისორს დიდ წარმატებასაც მოუტანს.

ზევით