კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა (ECR Group) პრო-ევროპული ქართველი ხალხი სახაროვის სახელობის პრემიაზე აზრის თავისუფლებისთვის წარადგინა.
ანდრია სახაროვის სახელობის ჯილდო 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა და ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და უმცირესობის უფლებების დაცვის სფეროებში წარმატების შემთხვევაში გაიცემა.
ბოლო დროს ხშირად მხვდება მოსაზრება, რომ ქართველი ერი არ ვარგა, ქართველი ერი ზარმაცია, ქართველი ერი „ბანძია“. ჰმ, ისევ ევროპელები თუ დაგვიმტკიცებენ, რომ რაღაც რუსული პროპაგანდის ქვეშ ვართ, თორემ, რა ვიცი, როგორც ერს არა გვიშავს რა. ჰო და, თუკი ჩვენი ისტორიისა და კულტურის არ გვჯერა, აგერ ამ ევროპარლამენტარებს მაინც დავუჯეროთ.
რაც შეეხება ანდრია სახაროვს, იგი საბჭოთა ფიზიკოსი, დისიდენტი და ადამიანთა უფლებების აქტივისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ მშვიდობის დარგში. სახაროვის პრემიის ლაურეატები არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ალექსეი ნავალნი და სხვები.
როგორც უკვე აღვნიშნე ამ წელს ჯილდოზე ქართველ ხალხი წარადგინეს. ქართველ ხალხთან ერთად კი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურაც იქნა წარმოდგენილი. ECR Group-მა ლომჯარიას როლსა და მისი მიღწევებს ხაზი გაუსვა. ნინო ლომჯარია ნამდვილად არის ის ლიდერი, რომელსაც დღეს განსხვავებულადვე აზრის მქონე ქართველები, გინდათ დემოკრატები დაარქვით, გინდათ ლიბერალები, ნამდვილად რომ იმედის თვალით უყურებენ. დღეს პოლიტიკურ და არამარტო პოლიტიკურ სივრცეებში ლომჯარიას ფიგურას აქტიურად განიხილავენ. არის თუ არა ელენე ის ახალი სისხლი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ მენეჯმენტს სჭირდება?! არის თუ არა ელენე ლომჯარია ის პოლიტიკური მენეჯმენტი, რომელზეც ევროპა ახალ ფსონებს აკეთებს?! დავაკვირდეთ მოვლენებს. აქვე აღვნიშნავ რომ, ყოფილმა სახალხო დამცველმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა, რომლის მიზანიც იქნება, “სამოქალაქო აქტივიზმის შესაძლებლობა” მისცეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსურნე ადამიანებს.
საქართველოს რომ ევროპა ჟანგბადივით სჭირდება ეს ვიცით, მაგრამ რატომ სურს ევროპას სტაბილური და პროევროპული საქართველო? აქვე ორი მარტივი მიზეზით აგიხსნით: პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. საქართველო სტრატეგიულად განლაგებულია აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე და წარმოადგენს ხიდს ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ტერიტორიული მდებარეობა ჩვენს ქვეყანას აქცევს რეგიონული სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარ გარანტად. საქართველოს აქვს უნარი იქცეს ერთგვარ სამშვიდობო ჰაბად. და მეორე - საქართველო ხომ სატრანზიტო ქვეყანა. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ სატრანზიტო მარშრუტებში, განსაკუთრებით ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპაში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენი, სხვათა შორის, გადის საქართველოზე, რაც ხელს უწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კი ბრიუსელი ევროპული დედაქალაქების რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან გამოხსნას ალტერნატიული წყაროების მოძიებით ცდილობს და ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გვაქვს შანსი, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ვიქცეთ.
მოკლედ, ჯილდოს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია ECR-ის ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიმართვა, რომელიც მან ჯგუფის შეხვედრაზე კენჭისყრის შემდგომ გააჟღერა: „მე კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს და მტკიცედ მჯერა, რომ ისინი იმსახურებენ ჩვენს პატივისცემას და უმაღლეს აღიარებას“. არ შემიძლია არ დავეთანხმო ქალბატონო ფოტიგას. ქართველი ერი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას, პატივისცემას, სიყვარულს და პირველ რიგში საკუთარი ერის მხრიდან.