#მოდა #სილამაზე

როგორ შეცვალეს პლუს ზომის მოდელებმა მოდის ინდუსტრია

გაზიარება:

ინკლუზიურობა მოდის ინდუსტრიისთვის ახლად შეძენილი და გათავისებული უცხო სიტყვაა, რომელმაც თავისი მნიშვნელობა სულ რამდენიმე წლის წინ დაამტკიცა და საზოგადოებისთვის უსიტყვოდ მიცემული პირობის შესრულებას დღემდე აგრძელებს. ათწლეულების განმავლობაში მოდის სამყარო მხოლოდ ერთი კონკრეტული სტანდარტის მოდელებს უკვალავდა გზას, შესაძლოა მან კარი რამდენიმე არასტანდარტული გარეგნობის გოგონას გაუღო, რომელთა შორისაც ქეით მოსი და ტვიგი იყვნენ, თუმცა ეს იშვიათ შემთხვევათაგანი გახლდათ, ცვლილებებმა კი ძალიან დაიგვიანა.

სუპერმოდელების ერა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ძლევამოსილი და შთამბეჭდავი პერიოდია მოდის სამყაროში, თუმცა როგორც სხვა ყველაფერი მისი დასრულების დროც დადგა, დასრულების თუ არა ცვლილებების მაინც. ინდუსტრია მრავალფეროვნების აუცილებლობის წინაშე დადგა და მიუწვდომელი, იდეალიზებული ქალის იმიჯმაც ნელნელა მსხვრევა დაიწყო.

სტერეოტიპები ჯერ ეთნიკური მრავალფეროვნების მოდელების გარშემო შემოიცალა, შემდეგ კი პლუს ზომის მოდელების ჯერიც დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია მიჩვეული იყო მსოფლიოსთვის გამხდარი გოგონები წარედგინა, უაღრესად მნიშვნელოვანმა ძვრებმა მსოფლიოში, რომელმაც ქალის როლი, ხმა და ბუნებრიობის უფლება წამოწია, მოდა ნებსით თუ უნებლიედ შეიცვალა.

პლუს ზომის მოდელების პიონერი ეშლი გრეჰემი გახდალთ და შეიძლება ითქვას, რომ არა მისი შეუპოვარი ბუნება, ახალი სტანდარტების მქონე მოდელებისთვის კარი ასე მალე ვერ გაიღებოდა. ეშლი იყო პირველი პლუს ზომის მოდელი, რომელმაც Sports Illustrated-ისთვის იპოზიორა, გრეჰემი აგრეთვე body positivity-ს პირველ დამცველად მოგვევლინა და  TED Talk-ში ხმამაღლა ისაუბრა საკუთარი თავის მიმღებლობის უპირატესობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პლუს ზომის მოდელებისთვის მოდის ინდუსტრიის კარი გაიღო, ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ სრულყოფილი პროგრესისთვის კიდევ არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი, ამ საქმეში მოწინავე როლი კი მედიას ეკისრება, ის თუ როგორ წარმოაჩენენ მსოფლიოს პრესტიჟული გამოცემები პლუს ზომის მოდელებს, არის გასაღები იმისა, თუ რამდენად ინკლუზიურ იქნება მოდა მომავალში.

 

ზევით