#ჯანმრთელობა #საზოგადოება

Roe. V Wade. - ყველაზე გახმაურებული ცვლილება ამერიკის კონსტიტუციაში

გაზიარება:

ბოლო რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მოსამართლეებმა 49 წლის წინ „რო უეიდის წინააღმდეგ” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმეს, ახალი გადაწყვეტილებით კი ფეხმძიმობის დადგომიდან 15 კვირის შემდეგ აბორტი იკრძალება, მაშინაც კი, როდესაც ორსულობა სექსუალური ძალადობის, ან ინცესტის შედეგად დადგა. 

roe v wade ამერიკაში აბორტი აიკრძალა

რა არის Roe. V Wade?

საქმეზე „Roe v Wade“ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში აბორტის აბსოლუტური, ხოლო ორსულობის მეორე ტრიმესტრში შეზღუდული უფლება მიანიჭა. 1992 წელს კი საქმეზე Planned Parenthood v Casey დადგინდა, რომ შტატებს არ შეუძლიათ „შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი“ დააკისრონ ქალებს, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთება ორსულობის 24-ე კვირამდე.

რო ვეიდის წინააღმდეგ

მას შემდეგ, აბორტი ქალის ფუნდამენტური უფლება გახდა, რამაც შეამცირა სიკვდილიანობა ქალებსა და ბავშვებში, სისტემაში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა და დანაშაულების რაოდენობა ბავშვების წინააღმდეგ. 

რას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება?

ამიერიდან, ფედერალური კანონები აბორტთან დაკავშირებულ გარანტიებს აღარ გასცემენ და ცალკეულ შტატებს პროცედურის აკრძალვა დამოუკიდებლად შეეძლებათ.

13-მა შტატმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ავტომატურად კრძალავს ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტას.

საუბარია შემდეგ შტატებზე: კენტუკი, ლუიზიანა, სამხრეთ დაკოტა, აიდაჰო, ტენესი, ტეხასი, არკანზასი, მისისიპი, მისური, ჩრდილოეთ დაკოტა, ოკლაჰომა, იუტა და ვაიომინგის შტატები.

roe v wade უზენაესი სასამართლო ამერიკაში აბორტი

საგანგაშოა ისიც, რომ რიგ შტატებში აბორტის ხელისშემწყობი პიროვნება პასუხისგებაში მიეცემა: ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით შეუწყობს ხელს ქალს, რომელიც გეგმავს აბორტის გაკეთებას, დაისჯება.

მათ შორის, იკრძალება ქალის კლინიკაში ზემოხსენებული მიზნით მიყვანა, აბორტის დაფინანსება და ა.შ. თავად ორსული ქალი პასუხისგებაში არ მიეცემა.

Pro-life VS Pro-choice…

რას ნიშნავს ეს ყოველივე და რატომაა მნიშვნელოვანი აბორტის კონსტიტუციური უფლება? ამის შესახებ აქტიური მსჯელობა მიდის წამყვან მედია საშუალებებსა, თუ სოციალურ ქსელში. მოქალაქეები კი 2 მოძრაობად იყოფიან: Pro-life და Pro-choice.

pro life, pro choice, roe v wade

მოძრაობა, რომელიც საკუთარ თავს Pro-life სახელით მოიხსენიებს, სიცოცხლის უპირატესობას აღნიშნავს, თუმცა საუბარია ჩანასახის სიცოცხლეზე, რომელიც ორსული ქალის სხეულის ნაწილია. მოძრაობა Pro-choice კი ადამიანის არჩევანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას ეფუძნება და გულისხმობს იმას, რომ ყველა ქალს აქვს საკუთარ სხეულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, roe v wade

ისევე როგორც ყველაფერი, უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც პოლიტიკური თამაშია. უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლიდან 3 ამერიკის შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიერაა დანიშნული, 3 კი მამა-შვილი ბუშების პრეზიდენტობის დროს.

ზემოხსენებულ ექვსეულში სწორედ ის კონსერვატიული მოსამართლეები შედიან, რომლებმაც 18 წელს ზემოთ ადამიანებში იარაღის ტარების უფლება დაუშვეს, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ გასული წლის მანძილზე სკოლებში 272 მასიურ სროლას ჰქონდა ადგილი.

roe v wade, joe biden, white house

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აბორტის უფლების უზრუნველყოფისთვის “გამოსავლის ძიებას გააგრძელებს”. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ქალებისთვის აბორტის აბების ხელმისაწვდომობის გარანტირებისთვის. ასევე იმისთვის, რომ ქალებმა, რომლებიც იმ შტატში ცხოვრობენ, სადაც აბორტი აკრძალულია, სხვაგან შეძლონ მისი გაკეთება.

რა არის გამოსავალი?

ნებისმიერი “გამოსავალი” რომელსაც ამ წუთას პოლიტიკოსები, თუ სამოქალაქო პირები ქალებს სთავაზობენ, მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა, რომელიც მილიონობით ქალიდან მხოლოდ მცირე ნაწილს შეუწყობს ხელს საკუთარ თავზე ზრუნვაში. ჯერ კიდევ დარჩა შტატები, სადაც აბორტი ნებადართულია, თუმცა იმისათვის, რომ საჭიროებისას ქალმა ერთი შტატიდან მეორეში იმოგზაუროს და პროცედურა ლეგალურად ჩაიტაროს, საკმაოდ დიდი ფინანსები, სამსახურიდან შვებულების აღება და ბევრი სხვა ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

my body my choice, roe v wade

ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ფერადკანიან ქალებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ფენას შეეხება, ვისთვისაც ალტერნატიული გზები ხელმისაწვდომი არ იქნება, რაც გაზრდის რისკის შემცველი პროცედურების რაოდენობას, ქალების სიკვდილიანობას, სიუსაფარ ბავშვთა სახლებში ბავშვების რაოდენობას და ბავშვთა სიკვდილიანობას. 

Social media went wild!

roe v wade social media

სოც. მედიაში ცნობილი სახეები, ინფლუენსერები, თუ რიგითი ამერიკელები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ბოლო დღეების მანძილზე არაერთხელ შეხვდებოდით ვიდეოებს Tik-tok-ზე, სადაც ქალები ემოციურად გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მათ შორის ისინი, ვინც სისტემაში გააშვილეს, რის გამოც მათ ბავშვთა სახლებში, უმძიმეს პირობებში გაზრდა, ფიზიკური და მორალური ძალადობის გამოვლა, თუ სექსუალური ძალადობის გადატანა მოუწიათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე სოც. მედიაში დაიწყო კამპანია, რომელიც ზემოთ აღნიშნულ შტატებში მცხოვრები ქალების დახმარებას ემსახურება. შტატები, სადაც ნებადართულია აბორტი, ქალებს დასარჩენ ადგილს და ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან Hollywood-ის ვარსკვლავებიც. შონდა რაიმსი, ვიოლა დევისი, ტეილორ სუიფტი, ბილი აილიში, პატრიცია არკეტი, თუ სხვა ცნობილი სახეები აღშფოთებას სოციალური მედიის საკუთარ გვერდებზე გამოთქვამდნენ. 

ფუნდამენტური უფლება…

ის, რომ ქალებისთვის აბორტი ფუნდამენტური უფლებაა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალი გაიკეთებს აბორტს. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ისევე როგორც ამის საშუალება აქვს კაცს. საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაში არ არსებობს კანონი, რომელიც კაცის სხეულთან, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვას აწესებს.

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხმიანება იმ საფუძვლიან შიშს, რომ სასამართლო მზადაა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ იმოქმედოს, შესაბამისად პოტენციური რისკის ქვეშ დგება ე.წ. "ფესვგაუდგმელი" უფლებები, მათ შორის კონტრაცეფციის, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების და ა.შ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამჟამად მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი შტატის კანონმდებლობის დაცვაა, რომელსაც აბორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია.

ზევით