#პოლიტიკა

რას გულისხმობს კანონპროექტის „ჩაგდების“ პროცედურა?

გაზიარება:

დღეს, 9 მარტს, ორდღიანი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც 7 მარტს მიღებული „აგენტების“ რუსული კანონპროექტის გაწვევას დაგვპირდა, სიხარულისა და გამარჯვების ტალღას მალევე მოყვა სოციალურ ქსელში პოსტები იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, მაშინ რას გვპირდება ქართული ოცნება?

როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე Facebook-ზე წერს, საქართველოს მთავრობას რეალურად აქვს 2 შესაძლებლობა, რომელიც „აგენტების“ რუსული კანონის გაწვევისთვის ტოლფასი იქნება:

❞ 1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);

❞ 2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას.

კიდევ უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მთავრობამ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა გაიტანოს და მათ ვინც 7 მარტს ე.წ. აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს, მის წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა ანუ „ჩააგდონ“ იგი. ამასთანავე, კანონპროექტის ყველა ინიციატორმა ხელი უნდა მოაწეროს კანონის გაწვევას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარლამენტში ამ დროისთვის, 2 კანონპროექტია ინიცირებული  ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი, 7 მარტს პირველივე მოსმენით მიღებული კანონი გახლავთ, რომელსაც საქართველოს მთავრობა „ქართულს“ უწოდებს და რომლის „გაწვევასაც“ გვპირდება, მეორე კი გახლავთ ე.წ. „ამერიკული“ კანონი, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრებულია და აგენტად არ დარეგისტრირების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც გულისხმობს. 

გამხსნელი ფოტო: © მზია საგანელიძე

ზევით