ყოველ დილას რუსეთს უთხარი: შენ ხარ ოკუპანტი!

nanka kikalia
        Nanka Kikalia, Co-Founder
               Author, TheDiary Inc.

 

არ წყდება დავა, თუ როდის დაიწყო რუსეთმა ომი, 2008 წლის 8 აგვისტოს თუ 7 აგვისტოს? მაშინ, როდესაც აფხაზეთი გავიწყდებათ, მე ყოველთვის აქ ვიქნები რომ შეგახსენოთ, რომ ომი იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე 2008 წელს, კიდევ უფრო ადრე ვიდრე აფხაზეთში და გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე გასული საუკუნის 20-იან წლებში. შეგახსენებთ, რომ XV საუკუნიდან იწყება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი და რთული ისტორია - ქართლ-კახეთის, იმერეთის, გურიის, სვანეთის, აფხაზეთის, სამეგრელოს ანექსიით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით, გასაბჭოებით და ა.შ. და ა.შ.

7 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს დღეს, ერგნეთში აღმოვჩნდი, იქ, სადაც რუსეთი დღესაც მცოცავ ოკუპაციას ეწევა და სადაც ხელის გულივით იშლება მოწყენილი და მიტოვებული ცხინვალი. რა გრძნობა დამეუფლა? სიმძიმე დამაწვა თავში, ეს სიმძიმე შემდეგ კისერზე ჩამომეკიდა და ყელშიც გადავიდა უზარმაზარი რკინის ბურთივით, უცებ სუნთქვაც გამიძნელდა და ბრაზი მომერია.

იმპერიალისტური რუსეთის მხარდაჭერა უნდა გახდეს სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქში და სოფელში, ყველაზე სამარცხვინო და უპატიებელი საქციელი. 

საქართველოს დროშა
 საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ერგნეთი, აქედან ცხინვალი იშლება ხელის გულზე. 

რუსეთისგან ქართველი ერის ეს აუტანლობა გუშინ კი არ გაჩნდა, საუკუნეებია რუსეთი არ გაბედვინებს ოცნებას ერთიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.  იმპერიალისტურად განწყობილი რუსი ჩვენი ეროვნული აზროვნების წინააღმდეგია. დღესაც ისე დაგვაპირისპირეს ერთმანეთს, რომ პატრიოტიზმი ლამისაა რეაქციონერობის ნიშნად ჩაგვითვალონ მოქალაქეებს. მაგრამ ქართველი ყოველთვის იპოვის გამოსავალს, ოღონდ მთავარია ხალხი თავად დაინტერესდეს საკუთარი ბედით და ისევ ასეა, მგონი! 

ცხინვალიდან რამდენიმე მეტრში, გამყოფ ხაზთან „2008 წლის აგვისტოს მუზეუმია“, რომელსაც ყველა ქართველი უნდა ეწვიოს, იმისთვის რომ გავხსოვდეს მტერი ვინ არის, იმისთვის რომ პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს. ეს მუზეუმი სოფელ ერგნეთში მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ, 2017 წელს საკუთარ სახლში გახსნა.

2008 წლის ომის მუზეუმი
ლია ჩლაჩიძე, "2008 წლის აგვისტოს მუზეუმის" შემქმნელი.

დედისგან წახვალ სადმე? მოშორდები დედას? ან დედა დაანებებს შვილს თავს? ზუსტად ასე არ შემიძლია აქაურობის დატოვება და არც შეიძლება!

2008 წლის 19 აგვისტო იყო, გორში ჯერ კიდევ რუსული სამხედროები იდგნენ, შავებში შეიმოსა და გზას გაუდგა ერგნეთისკენ, საკუთარი სახლისკენ ფეხით. რა არის სახლი და რატომ აქვს მას ასეთი დიდი ძალა, რომ სულ გეძახის და თავს არ განებებს?! რა ძალა აქვს ასეთი, რომ მეც კი, რომელმაც ძალიან პატარა ასაკში დავტოვე სახლი აფხაზეთში, 30 წელია ვეძებ სახლს და საკუთარი ქვეყნის ვერცერთ ქალაქშიც კი ვერ ვიპოვე ეს შეგრძნება; ყოველი ბინა, ყოველი სახლი, თითქოს დროებითი თავშესაფარია მხოლოდ.

2008 წლის აგვისტო, ომი

„გრძელი შავი კაბა ჩავიცვი და გზას გავუდექი. არაფერი ვიცოდი ჩემი სახლის შესახებ. თვალებს ვხუჭავდი, როგორც კი რუსი ან ოსი სამხედრო მხვდებოდა გზაში“, - იხსენებს „2008 წლის აგვისტოს მუზეუმის“ შემქმნელი და ცრემლებს ვერ იკავებს. „ერგნეთში რომ მოვედი ქარი იდგა და დამწვარი თუნუქის საზარელი ჭრაჭუნი ისმოდა“.

სცენა 2008 წლის 19 აგვისტოდან: მტრის ჯარია გამაგრებული ერგნეთში, დამწვარია სახლები, დაცარიელებული ქუჩებია და გზას მოუყვება ქალი შავებში, რომელსაც ტალახში ამოსვრილი საქართველოს დროშა მოაქვს შინ, დროშა, რომელიც მან ქუჩაში დაგდებული იპოვა და თან ატარა ერგნეთამდე. „ეს დროშა იმ დღესვე სხვენში შევინახე შიშით, რომ რუსები იპოვიდნენ. ისე საგულდაგულოდ შემინახია, რომ ვეღარ მივაგენი. მხოლოდ შარშან, როდესაც სხვენს ვალაგებდით, ბავშვებმა იპოვეს“. ვფიქრობ, ზუსტად ეს დროშა უნდა ავაფრიალოთ ცხინვალში. სიმბოლური იქნება, საქართველოს ხომ ასე გაწირავენ, განადგურებისა და დაფლეთის გზამდე მიიყვანენ, თუმცა მას სჩვევია, რომ აღსდგება ფერფლიდან უფრო ძლიერი და უფრო მშვენიერი ქართველი ხალხის ერთობის ძალით.

აგვისტოს ომი
დღეს ეს დროშა მუზეუმში საპატიო ადგილს იკავებს.

„არ მეშინოდა? როგორ არა, გიჟი უნდა ვიყო, რომ არ შემშინებოდა! ერნგეთში რომ ჩამოვედი და ჩემი სახლი დამწვარი დამხვდა, მეზობლად, ჩვენი ნათესავის სახლში ავედი. ფეხის ხმა მომესმა, შიშისგან თვალები დავხუჭე და გავირინდე. ვიღაცამ მხრებზე დამადო ხელები. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მოვტრიალდი და ჩემი ძაღლი იყო, მტრის ტყვიებს გადაურჩა“. ლია ჩლაჩიძე, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან (რთულია გაიგო სად გადის ეს ხაზი, ჩვენი ქვეყნის მწვავე პრობლემა რუსული მცოცავი ოკუპაციაა) იძინებს და იღვიძებს ყოველ დღე. "ზოგჯერ ფოთლის ჩამოვარდნის ხმაურის მეშინია", - ამბობს უშიშარი ქალი, რომელიც ომიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდა სახლ-კარს ერგნეთში, აღადგინა და ომის მუზეუმიც გააკეთა ქვედა სართულზე. გმირია ყველა, ვინც მიუხედავად ოკუპანტების მხრიდან ყოველდღიური საშიშროებისა, არ ტოვებს სახლს, აგრძელებს გამყოფ ხაზთან ან სულაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებას. გმირია ყველა ის ქართველი, რომელიც 29 წელია საკუთარ სახლებს იცავს ქალაქ გალში, აფხაზეთის ტერიტორიაზე და ჩვენ მათ ყოველ დღე უნდა ვეუბნებოდეთ მადლობას!

2008 წლის აგვისტოს ომი
ლია ჩლაჩიძის მაზლის მანქანა, რომელსაც რუსი სამხედროები მკაცრად გაუსწორდნენ (ავტორის ირონიული რემარკა).

ლია ჩლაჩიძე ჩემთვის ძლიერი ქართული, მებრძოლი სულის სიმბოლოა, რომელმაც საკუთარი ძალებითა და კარგი ხალხის, მათ შორის ქართველების, ევროპელებისა და ამერიკელების დახმარებით, საკუთარი სახლი აღადგინა  და ომის მუზეუმიც გახსნა, რომ მუდამ გვახსოვდეს თუ ვინ არის მტერი.

აგვისტოს ომი
კასეტური ბომბები ლიას სახლში, ის ე.წ. არაჰუმანური საბრძოლო მასალის ტიპს განეკუთვნება და რის გამოც ამგვარი ბომბების გამოყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

ყოველ დილას რუსეთს უთხარი: შენ ხარ ოკუპანტი!" - ალექსანდრე რონდელი.

„უკრაინელები იყვნენ ჩამოსული ამ მუზეუმში, ტიროდნენ, ამბობდნენ რომ იგივე ხელწერაა უკრაინაშიც“. განა იგივე ხელწერა არ იყო აფხაზეთში? რუსეთი არ ცვლის ტაქტიკას და რა გვჭირს ჩვენ ან მსოფლიოს, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ, ნუთუ არ არსებობს ფორმულა რუსეთის იმპერიის დაშლის?!

ზევით