#სპორტი #მოდა

რომელ ცნობილ ბრენდებს ირჩევენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები

გაზიარება:

სპორტისა და მოდის ურთიერთობა სიახლეს არ წარმოადგენს. ერთი შეხედვით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა ორმა სფერომ საერთო ენა გამონახა და წლებია კოლაბორაციებს, კამპანიებს, ახალ ტრენდებსა და სტილს გვთავაზობს. თუმცა, იყო დრო, ფეხბურთი და მოდა შორი-შორის იყვნენ ერთმანეთისგან, როგორც ყოფილი ფეხბურთელები იხსენებენ, ფეხბურთი იმდენად მასკულინური სპორტი იყო, რომ ანათემასაც კი გადაგცემდნენ ამის გამო. ახლა კი, ფეხბურთისა და მოდის ერთ კონტექსტში განხილვა საინტერესო დისკუსიებს წარმოშობს. ყველა თაობის წარმომადგენელი თავის საყვარელ სპორტსმენს ცხოვრების სტილში, რუტინასა თუ ჩაცმულობაში ჰბაძავს. ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც ნელ-ნელა, პოპულარობის ზრდასთან ერთად trendsetter-ები ხდებიან.

როგორც იცით, წინ 3 დიდი თამაში გველის. საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა თურქეთთან თამაშისთვის ემზადება. 18 ივნისს, ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთ გამარჯვებას მოელის. თუმცა, ეს სტატია არ იქნება EURO 2024-ის მოლოდინზე, არამედ ჩვენს ფეხბურთელებს სხვა მხრიდან შევხედავთ და მათ ჩაცმულობაზე ვისაუბრებთ. საქართველოდან თვითმფრინავი გერმანიაში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა, ტრაპიდან კი ქართველი ფეხბურთელები ისეთ ბრენდებში იწონებდნენ თავს, როგორიცაა გერმანული Hugo Boss-ი, ქართული Crosty, იტალიური Louis Vuitton-ი,  ფრანგული Jacquemus-ი და ამერიკული Off-White-ი.

ნაკრების წევრებსა და ზოგადად, ფედერაციის წარმომადგენლებს, Hugo Boss-ის შარვალ-კოსტიუმი ემოსათ, რამაც არაერთი მითქმა მოთქმა გამოიწვია უცხოურ პრესაში - საქართველოს ნაკრების სპონსორი გერმანული ბრენდი Hugo Boss ხომ არ არის? რაც დანამდვილებით ვიცით, EURO2024-ისთვის, ეროვნული ნაკრების ოფიციალური სნიქერი ქართულმა ბრენდმა, Crosty-მ შექმნა. ქროსთის ბრენდს კი ძმები, გიორგი და შოთა მიქაიები ქმნიან. დამეგვეთანხმებით, ქროსთის ფეხსაცმელი იდეალურად ერწყმის Hugo Boss-ის დახვეწილ და თან სპორტულ კოსტიუმის.

 ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ქროსთისა და Hugo Boss-ს ფრანგული ბრენდის, Jacquemus-ის ჩანთას უხამებს. ნაკრების კაპიტნის მსგავსად, ნახევარმცველმა, გიორგი კვეკვესკირმა, არჩევანი Jacquemus-ის ჩანთაზე გააკეთა. 

ფრანგული მოდის სამყაროს ლექსიკონში Jacquemus-ი შემოქმედებითი ინოვაციების განმარტებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი შედარებით ახალგაზრდაა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მოდის ინდუსტრიაში გამორჩეული დიზაინით მოიპოვა აღიარება. სიმონ პორტე ჟაკმუსი მხოლოდ 19 წლის იყო, თანაც ოჯახური ტრაგედიით დამწუხრებული, როცა მოდის კონკურენტულ გარემოში შედგა ფეხი. ნიკას კარიერაც ოჯახური და ქვეყნის ტრაგედიის ფონზე დაიწყო. ჟაკმუსისა და ნიკა კვეკვესკირის ამბავი კი, დღეს ჩვენთვის მოტივაციის წყაროდ იქცა.

საქართველოს ნაკრებისა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მონაწილე კლუბის, "კარლსრუეს" თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე, გერმანიაში Off-White-ის ზურგჩანთით ჩავიდა. ამერიკელი დიზაინერის, ვირჯილ აბლოს მიერ შექმნილი ბრენდი, Off-White-ი, როგორც Gen Z-ში, ასევე მილენიალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბუდუ განსაკუთრებული და ამავდროულად ქარიზმატული მოთამაშეა. სწორედ ბუდუსნაირი ინდივიდები აფასებენ Off-White-ის მსგავს გაბედულ და ინოვაციურ ბრენდს.

ფრანგული ბრენდი, Louis Vuitton-ი საკუთარი ლოგოს სიყვარულით გამოირჩევა. მისი სამოსი თუ აქსესუარი სხვა ბრენდში ვერასდროს შეგეშლებათ და ამაში სწორედ ბრენდის ლოგოს მაქსიმალური ოდენობით გამოყენების ხრიკია ჩადებული. რასაც ვერ დავაბრალებდით ლუი ვიტონს, ეს Quiet luxury-ია. როგორც შეამჩნევდით, Louis Vuitton-ი ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას უყვარს. ეს ბრენდი ფეხბურთის მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფავორიტიცაა. მათ შორის, ამ ბრენდის სამოსში, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისაც არაერთხელ იხილავდით.

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, Louis Vuitton-ის საკულტო ჩანთით, Keepall Bandoulière-ით გამოჩნდა. არავისთვისაა ახალი, რომ Louis Vuitton-ი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამოგზაურო ჩანთებსა და აქსესუარებს ქმნის. Keepall-ი კი ყველაზე ცნობილი სამგზავრო ჩანთაა. მის ხელში ჩასაგდებად მოდის მოყვარულები მსოფლიოს გარშემო, ვინტაჟური მაღაზიების მოვლით არასდროს იღლებიან. Keepall-ის ჩანთა თანამედროვე სამყაროში, მოგზაურობისთვის იდეალურია. ჩვენს ფეხბურთელებსაც ალბათ ამ ჩანთის სიმსუბუქე, მოქნილობა და ხარისხი ხიბლავთ.

2020 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესოდ აღიარებული, "ვალენსიისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Louis Vuitton-ს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ის Horizon-ის მოდელის ჩემოდანსა და ჩანთაზე აკეთებს საბოლოო არჩევანს. 

 

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელიაც Louis Vuitton-ის ზურგჩანთების მოყვარულები აღმოჩნდნენ. 

არც გიორგი ჩაკვეტაძე ჩამორჩა კვარას და დავითაშვილს და ზურგზე  Louis Vuitton-ის ზურგჩანთა მოიგდო. 

ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, Louis Vuitton-ის Keepall Bandoulière-ის ჩანთითა და ამავე ბრენდის ქუდით გამოჩნდა. ოთარ კიტეიშვილისგან განსხვავებით, გიორგიმ ამ მოდელის ჯინსისფერი და განახლებული დიზაინის ჩანთა შეარჩია. 

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საყვარელი ბრენდები უკვე ვიცით. ახლა კი, მოვემზადოთ, წინ დიდი და სანერვიულო საფეხბურთო ამბები გველის. 

ზევით