#WOMEN POWER

როგორ იქცა სლოგანი „პური და ვარდები“ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ

გაზიარება:

1911 წლის 1-ელ დეკემბერს, The American Magazine-ის ფურცლებზე პირველად გამოქვეყნდა ამერიკელი მწერლის, ჯეიმს ოპენჰაიმის პოემა, სახელწოდებით „პური და ვარდები“. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოემა ქალთა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფემინისტური მოძრაობების ერთ-ერთ ამომავალ წერტილად არის მიჩნეული.

 

ჯეიმს ოპენჰაიმის შთაგონების წყარო ამერიკელი აქტივისტი, სუფრაჟისტი და ქალთა უფლებების დამცველი, ჰელენ ტოდი გახდა, რომელმაც სიტყვები „ჩვენ გვინდა პური, მაგრამ გვინდა ვარდებიც“, პოემის დაწერამდე ერთ წლით ადრე აქციაზე წარმოთქვა. 

ოპენჰაიმის პოემა ყველაზე ხშირად 1912 წლის იანვრიდან მარტის თვემდე, მასაჩუსეტსში, ლოურენსში ტექსტილის გაფიცვასთან ასოცირდება, რომელსაც  „პურისა და ვარდების“ გაფიცვადაც მოიხსენიებენ. მას შემდეგ, რაც ახალმა კანონმა ქალებისთვის სამუშაო კვირა 56-დან 54 საათამდე შეამცირა, რასაც ავტომატურად ხელფასების შემცირებაც მოჰყვა, ემიგრანტი ქალები ქუჩაში გავიდნენ და 2 თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ იმ უსამართლობას, რაც მოულოდნელად დაატყდათ თავს. გაფიცვამ ძალადობრივი სახე მას შემდეგ მიიღო, რაც პიკეტის ხაზზე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ანა ლოპიცო დაიღუპა. 

 

ანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან სულ მალე, 2-თვიანი პროტესტი ქუჩაში გამოსული ქალების წარმატებით დასრულდა. მათი ანაზღაურება 15%-ით გაიზარდა და ამასთანავე დაკმაყოფილდა ყველა მათი მოთხოვნაც, რომელიც „პურისა და ვარდების“ აბრების გვერდით შეეძლოთ ამოეკითხათ.

ჯეიმს ოპენჰაიმის პოემისა და 1912 წლის გაფიცვის შთაგონებით, 1969 წელს კემბრიჯში, მასაჩუსეტსში ამავე სახელწოდების ქალთა კოლექტივი შეიქმნა. კოლექტივის წარმომადგენლები რეგულარულად იკრიბებოდნენ ერთმანეთისთვის პოლიტიკური და სოციალური საკითხების მიმართ აზრის გასაზიარებლად და პირადი საქმიანობის მხარდასაჭერად. კოლექტივის წარმომადგენლები ქალებს მოუწოდებდნენ აქტიურად დაეწყოთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.

გილ გეინმა და პეტსი ჰაინსმა ჯეიმს ოპენჰაიმის პოემა და მისით გამოწვეული ძალა საკუთარი ბიზნეს მიზნებისთვის გამოიყენეს. მათ გახსნეს რესტორანი სახელწოდებით „პური და ვარდები“ და სივრცე თავიდან ბოლომდე ქალებს, მათ ხმას, უფლებებს და თავისუფლებას მიუძღვნეს. რესტორანი 1975 წელს გაიხსნა და პირველივე წელს მოახერხა პოპულარობის მოხვეჭა. 1976 წლამდე, რესტორანმა 18 გამოფენას უმასპინძლა და შეძლო ყოველკვირეულად $50-დან $125-მდე შემოწირულების მოგროვება, რომელსაც შემდგომში ქალთა ორგანიზაციების დასახმარებლად იყენებდა.

არც ქალთა კოლექტივი და არც რესტორანი „პური და ვარდები“ არ გამხდარა ქალთა მოძრაობების, მათი ბრძოლისა და ჰელენ ტოდის ბრწყინვალე ფრაზის დასასრული. წლების განმავლობაში, ამ სლოგანით როგორც ამერიკაში, აგრეთვე ევროპის ქვეყნებში ქალები აქტიურად იბრძოდნენ საკუთარი სამართლიანობისა და თანასწორობისთვის. საუკუნის შემდეგაც კი, სტრუქტურა, რომელშიც ვცხოვრობთ ისევ იწვევს მიზოგინიას, სიძულვილსა და ფობიას. როგორი პროგრესიც არ უნდა განგვეცადა ამ წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ გვჭირდება საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და ერთმანეთის დაცვა უსამართლობისგან.

ზევით