#სპორტი

ვინერვიულოთ, თუ არა? ჩვენთან ნოემბერი რაგბისფერია

გაზიარება:

ნოემბრისთვის დროშები მოიმარაგეთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ორი შეხვედრა ჩვენთან, ერთიც კარდიფში შედგება. ბორჯღალოსნები 6 ნოემბერს ურუგვაის უმასპინძლებენ, 12 ნოემბერს კი სამოას ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. ნოემბრის ტესტ შეხვედრები კი კარდიფში, უელსის ნაკრებთან შერკინებით დასრულდება.

რაგბი, ნოემბრის თამაშები

ვინერვიულოთ?

სანერვიულო არაფერია! ბორჯღალოსნებისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებებთან თამაში არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. საქართველოს ნაკრებს ურუგვაის წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია, აქედან 4 შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. ურუგვაი მსოფლიო თასის მონაწილე გუნდია. გარდა ამისა, ბოლო წლების მანძილზე ნაკრებს საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს, შესაბამისად საკმაოდ საშიში მეტოქეა.

საქართველო, ურუგვაი, რაგბი

რაც შეეხება სამოას, ბორჯღალოსნებს ეს უკანასკნელი 3-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, ერთი შეხვედრა ფრედ, ხოლო 2 მატჩი საქართველოს დამარცხებით დასრულდა. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს ამ უკანასკნელსაც. ცოტა ხნის წინ სამოას ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა და წყნარი ოკეანის თასიც მოიგო.

საქართველო, სამოა, რაგბი, 2022

აი, უელსის სტატისტიკა კი ყველაზე მეტად სანერვიულოა. ჩვენი სამი შეხვედრიდან, სამივე უელსის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბორჯღალოსნების მაღალი კლასის თამაშიც უნდა აღინიშნოს, რაც არც საერთაშორისო პრესას გამორჩენია მხედველობიდან. უელსი მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქეა, ამიტომ მათთან ორივე შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

საქართველო, უელსი, 2022

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსაჯებს, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია, საქართველოს ნაკრები და მათი გულშემატკივარი უკვე კარგად იცნობს, მაგალითად ახალ ზელანდიელი ბრენდონ პიკერილი, რომელმაც 10 ივლისს ბათუმში, იტალიასთან ისტორიული გამარჯვებისას იმსაჯა, ამჯერად უელსთან შეხვედრისას ვიდეო-რეფერი იქნება.

საქართველოს ნაკრები, ნოემბერი, რაგბი

შანსები?

იტალიასთან ტრიუმფალური შეხვედრის მერე აღარაფერი გაგვაკვირვებს. ამომავალი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყანა რომ უკვე გამოკვეთილადაა მონიშნული, ფაქტია. ახლა მთავარი მნიშვნელოვან მეტოქეებთან მატჩებია, სადაც ბორჯღალოსნები საკუთარ შესაძლებლობებს მსოფლიოს აჩვენებენ. ზუსტად ამ დატვირთვას ატარებდა წლევანდელ ზაფხულში, ბათუმში იტალიასთან გამართული შეხვედრა, რომელსაც საერთაშორისო მედიაში საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. 

მოკლედ, ნოემბერს სულმოუთქმელად ველით, საქართველოს ეროვნული ნაკრების იმედი კი ისე გვაქვს, როგორც არასდროს. 

საქართველო, იტალია, რაგბი 2022

ზევით