#სპორტი #Rugby

Birth of a legend - ნიკა ამაშუკელი

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

მსოფლიო რაგბის ელიტარული კატეგორიის არბიტრთან შეხვედრას ოდნავ განსხვავებულად წარმოვიდგენდი. ყველაზე ეროვნული სპორტის წარმომადგენელთან აკადემიური ინტერვიუს ნაცვლად, თავი იმ ადამიანის გვერდით ამოვყავი, რომელიც ჩემთვისაც ინსპირაციის წყაროდ იქცა და ვეჭვობ, The Diary-ის მკითხველისთვისაც მამოტივირებელი იქნება.

ნიკა ამაშუკელი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ძალა, უნარები და შრომა ერთი მიზნისკენ მიმართოს და მწვერვალებსაც შესწვდეს. 28 წლის ქართველი არბიტრი საკუთარი საქმის მიმართ უპირობო სიყვარულით და დაუღალავი შრომით მსოფლიო სპორტის, მედიისა და სრულიად საქართველოს ყურადღებას იპყრობს. ნიკა მსოფლიო მოქალაქეა და ამავდროულად ძალიან ეროვნულია. ინტერვიუს დროს საუბრობს მებრძოლ და ძლიერ ქართულ, კავკასიურ გენზე. ეამაყება, რომ მსოფლიოს წინაშე საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს.

ნიკას სარაგბო ისტორია 2007 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველო-ირლანდიის მატჩით იწყება. ამ შეხვედრამ პატარა ბიჭის ოცნებები სრულიად შეცვლა, ხოლო ქართულ რაგბის ძალიან მნიშვნელოვანი გულშემატკივარი შესძინა. თანაც როგორი გულშემატკივარი?! დღეს საქართველოს მოქალაქეს, ნიკა ამაშუკელს მსოფლიო სპორტული მედია რაგბის ვარსკვლავის სახელით მოიხსენიებს. გეამაყებათ? მე ძალიან!

2023 წელი ნიკა ამაშუკელისთვის მაშინდელი ჩემპიონატისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, წელს რაგბის მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს. 1987 წლიდან მოყოლებული რაგბის მსოფლიო თასი მეათედ ტარდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონატზე მსაჯობა ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელს ხვდა წილად.

რაგბის ქართველი ვარსკვლავი - როგორი იყო ამ ტიტულამდე განვლილი გზა?

ჩემი მოგზაურობა 2007 წლიდან იწყება. მახსოვს რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოსა და ირლანდიას შორის გამართულმა მატჩმა. ჩვენებს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ და ეს იმ დროს დიდ სენსაციად მიიჩნეოდა. მახსოვს, იმ დღეს რაგბის ყურება მამამ დამაძალა. ამ სპორტის შესახებ არაფერი ვიცოდი, თამაშის ბოლო 20 წუთის მანძილზე კი ნამდვილ გულმხურვალე გულშემატკივრად ვიქეცი.

nika amashukeli

ეს თამაში და ჩვენი მორაგბეების სულისკვეთება აღმოჩნდა ის გარდამტეხი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ეს იყო სწორედ ის, რაც ჩემს ვნებებს დააკმაყოფილებდა. ფიზიკურად სუსტი ვიყავი და 3 თვე დამჭირდა მამის დასარწმუნებლად, რომ რაგბიზე შევეყვანე. დღესაც არსებობს სტერეოტიპი, რომ თუკი ფიზიკურად სუსტი ხარ, რაგბის ვერ ითამაშებ. ეს ასე არ არის! რაგბიში ყველასთვის მოინახება ადგილი, მთავარია მონდომება, ნიჭი და მუდმივი ვარჯიში.

როდესაც პირველად გავედი მოედანზე, მივხვდი, რომ ეს იყო სპორტი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცეოდა.

სამსაჯო კურსების აღებისკენ იმ ტრავმებმა მიბიძგა, რომლებიც დროთა განმავლობაში დამიგროვდა. მოთამაშეობა ძალიან დამენანა, მაგრამ მსაჯობასაც ავუღე ალღო. სამსაჯო კომიტეტმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დავრჩენილიყავი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2007 წელს, იმ მატჩს უეინ ბარნსი მსაჯობდა, 28 წლის მსაჯს დებიუტი ჰქონდა, ახლა კი 2023 წლის მსოფლიოზე მე და უეინი ერთად წავალთ სამსაჯოდ, როგორც კოლეგები, ეს ძალიან ხატოვანი ამბავია ჩემთვის. 

რატომ რაგბი? როგორ ფიქრობ რა ბმა გვაქვს ქართველებს ამ სპორტთან, რატომ მიგვაჩნია ის მშობლიურად?

პირადად მე ძალიან ბევრი სპორტი გამოვიცვალე, სანამ იმ ვნებას ვიპოვიდი, რაც მჭირდებოდა. 11 წლის ბავშვი ნაკლებად ფიქრობს ეროვნულობაზე, მაინც ყველაფერში ვნებას ეძებს. ეს ვერცერთმა სხვა სპორტმა ვერ მომცა, ვერც ფეხბურთმა, ვერც ცურვამ, ვერს ძიუდომ.

ნიკა ამაშუკელი

რაგბი არის ძალიან ბევრი რაღაცის ერთობლიობა, პირველ ყოვლისა ეს არის ინტელექტი, სისხარტე, აზროვნება. იმდენად ტაქტიკური თამაშია, რომ მას ძალიან დიდი გონება სჭირდება, ამას ერწყმის ფიზიკური მომზადებაც. ძალიან ძლიერი გენი გვაქვს, უნიკალური კავკასიური გენი. მთავარი კითხვა ქართველი ერისა არის - როგორ გადავრჩით?  საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხი, როგორ გამოვიარეთ ყველა ის განსაცდელი და როგორ და რატომ არ აღვიგავეთ მიწისაგან პირისა? ნამდვილად არ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ერი, მაგრამ როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში ვვარდებით, ძალიან გამძლე და ძალიან რეზისტენტულები ვხდებით, რაგბი კი ისეთი სპორტია, რომ მოედანზე სულ კრიტიკულ მდგომარეობაში გიწევს ყოფნა და სულ იბრძვი. ქართულ გენში ზის მებრძოლი სული, რაც თავის მხრივ  გვადგება მოედანზე.

ჩვენი გულშემატკივარი ვნებით არის აღსავსე, ეს კი ძალიან ეხმარება ქვეყანას იმაში, რომ სპორტი იყოს პოპულარული.

ნიკა ამაშუკელი

სპორტს უამრავი ძალიან მაგარი თვისება აქვს და პირველ რიგში ეს არის მეგობრობა. მოედანზე ბევრი მაგარი ბიჭი ვიპოვე, რომლებიც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან დღემდე. რაგბი გუნდური თამაშია და სარაგბო მეგობრობა განსაკუთრებული მეგობრობაა.

რა მოლოდინები გაქვთ მსოფლიოდან?

ჩემი მოლოდინი და გეგმა ისაა, რომ ვიყო ძალიან დადებითი მსოფლიო ჩემპიონატზე. მსურს ვიყო სამსაჯო გუნდის ძალიან დადებითი ნაწილი, იმიტომ, რომ როდესაც კრიტიკა და წნეხი წამოვა და დამიჯერეთ, უეჭველად წამოვა, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობიან, ვისი იმედიც ექნებათ. ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ბევრს ვმუშაობ და ვაპირებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო, რადგან ფიზიკური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენი აზრით, რატომ აგარჩიეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამსაჯოდ?

ჩემი მტკიცე ხასიათი აღმოჩნდა ჩემი ბილეთი მსოფლიო რაგბიზე. მსოფლიო რაგბის სჭირდება ისეთი მსაჯები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში არ ჩამოინგრევიან და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა ჯერ პატარა ვარ, 28 წლის და სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. მსოფლიო ჩემპიონატი სრულიად ახალი გამოცდილებაა ჩემთვის, ეს უნიკალური გარემოა, სადაც ბევრ რამეს ვისწავლი. მე ყოველთვის ღია ვარ სწავლისა და განვითარებისთვის.

ნიკა ამაშუკელი

რა არის ნიკა ამაშუკელის წარმატების ფორმულა?

24 წლის ასაკში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმსაჯე. ჩემს გვერდით იდგნენ ძალიან მაღალი დონის მსაჯები, ინდივიდუალიზმით, მენეჯმენტით, მანერებით გამორჩეული და მე მათი მეტოქე ვიყავი. ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, ნუთუ მე, პატარა ბიჭი საქართველოდან საერთაშორისო არენაზე შევძლებდი თავის წარმომეჩინას? მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი შედეგი და პერფორმანსი მქონდა, იმ მომენტში გავიაზრე, რომ უნდა დამეწყო ნიკა ამაშუკელის გამოძერწვა. ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კითხვა დამისვეს თუ რისი გამოსწორება მსურდა საკუთარ თავში და მე დავიწყე ჩამოთვლა, თუ სად მოვიკოჭლებდი. მათ მალევე გამაჩუმეს და თავიდან მკითხეს, თუ რისი გამოსწორება მსურდა საკუთარ თავში. მე ისევ საკუთარი სისუსტეების ჩამოთვლა დავიწყე. ისევ გამაჩუმეს და ჩამომითვალეს ჩემი სამი ძლიერი თვისება, შემდგომ კი მითხრეს, რომ სწორე ამ სამი თვისების გაუმჯობესებაზე უნდა მეზრუნა. წარმატების ფორმულა ჩემთვის თავიდან ბოლომდე არის ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული. როდესაც ახალგაზრდებს ვესაუბრები, ვეკითხები: "იცნობ საკუთარ თავს, შენს სხეულს, გონებას?"  ყველა სიტუაციაში უნდა გამოცადო საკუთარი თავი, შეიცნო საკუთარი ბუნება, გაიგო, თუ რაში ხარ ძლიერი და იპოვო შენი გზა. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო რაგბიმ დაინახა ჩემში ეს ინდივიდუალიზმი.

ნიკა ამაშუკელი

იღბლიანი ხართ?

ძალიან იღბლიანი ვარ. მხარზე ირლანდიური იღბლის სიმბოლო - ოთხყურაც მახატია. იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია. ვყოფილვარ გზაგასაყარზე, ისეთ სიტუაციებში, როდესაც ბეწვის ხიდზე გამივლია და იმ მომენტში რაიმე სხვანაირად რომ მომხდარიყო აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოვჩნდებოდი.

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მჯერა, რომ იღბალსაც თავად ჭედავ. ჩემი ფიქრები, დამოკიდებულება და ენერგეტიკა მთლიანად მიმართული იყო ჩემი მიზნებისკენ, ჩემთვის არ არსებობდა დასვენება, წნეხი, დეპრესია, ტკივილი, სწორედ ამან მომიყვანა აქამდე.

შეცდომას გარდავქმნიდი გაკვეთილად, გაკვეთილს მოტივაციად, მოტივაცია კი იყო ჩემი ძალა და დღემდე ასეა.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ. ვისგან უფრო დიდ თანადგომას გრძნობთ ქართველი თუ უცხოელი გულშემატკივრისგან?

ქართველი ერი ძალიან სენსიტიურია, მაშინ როდესაც ამ პატარა ერის წარმომადგენელი დიდ მასშტაბზე გადის და იქ აღწევს წარმატებას. რასაკვირველია, ქართველი გულშემატკივარი უფრო თბილია ჩემ მიმართ, ამას მთელი გულით ვაფასებ. 

nika amashukeli

 შრომისმოყვარე ხართ?

ბავშვობიდან ძალიან მომთხოვნი ვარ. 15 წლის ასაკში 2 წელი ვარჯიში არ მქონია გაცდენილი, სიცხის, წვიმის თუ სხვა მიზეზის მიუხედავად. სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ჩემს ვნებას მივყოლოდი, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი და დღემდე ასე ვარ. ზოგადად, როდესაც კომფორტის ზონაში ვიწყებთ ლავირებას, მანდ ყველაფერი სრულდება. 

ვთქვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მინდოდა მოხვედრა და ჩემი შესაძლებლობებით, თვითკრიტიკით და ბევრი შრომით ეს შევძელი.

ჩემი მენტორი დევიდ მაკქიუ იყო. ის ერთ-ერთი უმკაცრესი ადამიანია დედამიწის ზურგზე, ძალიან მომთხოვნი, უხეში. ამდენწლიანი კარიერის, ამდენი თავგანწირვის და შრომის შემდეგ, მან ერთადერთხელ მითხრა, რომ ჩემით ამაყობდა, ეს ძალიან ძვირფასი წუთები იყო. 

ჰობიზე რას გვეტყვით...

გეიმინგი ერთ-ერთი ჰობია. ბავშვობიდან ვთამაშობ Call of Duty-ს მეგობრებთან ერთად. მეორე ჰობი არც თუ ისე შორსაა ამისგან და ძირითადად კომპიუტერს და ტექ. ნაწილებს ეხება. შემიძლია ავაწყო და დავშალო კომპიუტერი და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ფრენის დროს სულ ვკითხულობ და ამასთანავე თავადაც ვწერ. 2 წიგნზე ვმუშაობ. ერთი არის ფენტეზის ჟანრი, დეტალიზებული რასებითა და სამყაროებით, რომელსაც 3 წიგნად ვფიქრობ და ალბათ ტოლკინივით 30 წელს მოვუნდები მის დასრულებას. ჩემი სტილი ხაზოვანი თხრობით ხასიათდება, თუმცა სასიამოვნო წასაკითხია. ჯერ-ჯერობით ჩემი ერთადერთი მკითხველი მამაჩემია, მასაც ძალიან უყვარს ფენტეზი. ძალიან საინტერესო ამბავის თხრობაზე გავჩერდი, დროის უქონლობის გამო ვერ ვაგრძელებ, რის გამოც მამა მსაყვედურობს ხოლმე.

ნიკა ამაშუკელი

ჩემი საყვარელი წიგნიც ბეჭდების მბრძანებელია, ადამიანს, რომელსაც შეუძლია ფოთლის აღწერას 3 გვერდი მიუძღვნას და გამოიგონოს ენა, ნორმალური არ არის, ვფიქრობ კიდევ რომ ტოლკინი არ იყო დედამიწიდან და უდიდეს პატივს ვცემ მას.

მეორე კი ჩემს სარაგბო გზას ეხება, იმას თუ რას ვფიქრობდი, როგორ ვრეაგირებდი ამა თუ იმ მომენტში, ვფიქრობ რომ რაგბის გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება ეს.

თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა თქვენი ოცნება იყო, ახლა რაზე ოცნებობთ?

დიახ, გულწრფელად, ჩემი უდიდესი ოცნება იყო, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ავიხდინე. ახლა, მეტწილად მაქვს მიზნები, მასშტაბური მიზნები. ყოველთვის ვზრუნავ მენტალურ სიძლიერესა და ფიზიკურ მზადყოფნაზე, ამიტომაც ამ ყველაფრის შენარჩუნება და კონცენტრირება ახალ ნაბიჯებზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ოცნება იმდენად მიუწვდომელი უნდა იყოს ჩემთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სხვა დანარჩენი უბრალოდ მიზანია ცხოვრებაში.

ზევით