#პოლიტიკა

ნენსი პელოსი - ქალი, რომელმაც გუშინ დედამიწის სუნთქვა შეანელა

გაზიარება:

გუშინ, დედამიწამ თითქოს სუნთქვა რამდენიმე საათით შეანელა. მესამე მსოფლიო ომის დაწყების მოლოდინში, მილიონობით ადამიანის ყურადღება ტაივანის დედაქალაქში მიმავალი თვითმფრინავისკენ იყო მიმართული. პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაიპეიში გაფრინდა და აეროპორტში მშვიდობით დაეშვა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ნენსი პელოსი გახდა ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელიც ტაივანს ეწვია. პეკინის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი ტაიპეიში კონგრესის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. როგორც მოგვიანებით აღინიშნა, პელოსის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნიუტ გინგრიჩი ტაივანს უკანასკნელად 1997 წელს ესტუმრა. 

წარმოშობით იტალიელი პოლიტიკოსი და 5 შვილის დედა ნენსი პატრიცია პელოსი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019 წლიდან გახლავთ. პელოსი  ერთადერთი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც მსახურობდა პალატის სპიკერად. ის მეორეა საპრეზიდენტო რიგებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ.

სწორედ ნენსი პელოსის მსგავსი დიდებული ქალები ქმნიან თავისუფლების იდეაზე მდგარი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას და ამ ისტორიაში წერენ პრეცედენტებს, რომელთა დავიწყებაც არც თუ ისე ადვილია. 

ზევით