კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი რინგს მიღმა

„დაიბადა გიგა ჭიკაძე, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში“, ამ სიტყვებით შეხვდა ძიუდოისტი მამა ვაჟის დაბადებას. მამა, რომელიც ყოველთვის შვილის ნომერ პირველი გულშემატკივარი იყო და რომელსაც მომავალი მსოფლიო ჩემპიონის ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. 25 წლიანი სპორტული კარიერის მანძილზე გიგამ რამდენიმე ქვეყანა და სპორტული კლუბი გამოიცვალა. გერმანიაში, ტაილანდში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში, სხვადასხვა ტურნირები მოიგო და ბოლოს, თავდაუზოგავი ვარჯიშისა და ბრძოლის შემდეგ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

თუმცა სანამ ამ ტიტულამდე მივიდოდა, ერთი ჩვეულებრივი მთაწმინდელი ბიჭი იყო. დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა, მეგობრულ შეკრებებს იშვიათად აკლდებოდა, „ქუჩის აკადემიაც“ კარგად იცოდა, ხშირად მშვიდ ცხოვრებაზე უარს ამბობდა და ჩხუბიც უყვარდა, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად, სკოლაში კარგად სწავლისთვის და აქტიური სპორტული ცხოვრებისთვის თავისუფალი დროც რჩებოდა. პირველ სკოლაში სწავლობდა, პირველად 13 წლის ასაკში სწორედ იქ შეხვდა თანასკოლელ თამუნას. 5 წელიწადში დაქორწინდნენ და იმ დღიდან, ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრება, არაჩვეულებრივი გახდა. სხვანაირად ფიქრი დაიწყო და გაანალიზა, რომ მარტო აღარ იყო და სხვა საზრუნავი გაუჩნდა. 19 წლის ასაკში მშობლები გახდნენ, პირველი შვილი, ნიტა შეეძინათ. სპორტულ კარიერაში წარმატების მისაღწევად გიგა თამუნასთან და ახალდაბადებულ შვილთან ერთად საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდა. ამსტერდამში 7 წელი იცხოვრეს. 

გიგა მეუღლესთან, თამუნა გაზაშვილთან ერთად

გიგა ოთხი წლის იყო, როცა მამამ პირველად მის მეგობართან კარატეში ვარჯიში დააწყებინა. იმ დროს მწვრთნელები სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სახეობებს, ფილმებში ან უცხოურ სპორტულ არხებზე უყურებდნენ და ბავშვებს იქიდან გადმოღებული სპარტული ვარჯიშებითა და ილეთებით, სარდაფებსა და ავტოფარეხებში ავარჯიშებდნენ. კარატემ კარგი მოძრაობები და ფეხის დარტყმები აათვისებინა, თუმცა სპორტის ამ სახეობაში არ არსებობდა ტურნირები, შეჯიბრები და სამომავლოდ დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა, თან არაოლიმპიური სპორტის სახეობა იყო, ამიტომ კარატის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, ბოქსის ვარჯიში დაიწყო. კიკბოქსინგზე გადავიდა და საქართველოში რამდენიმე ბრძოლა ჩაატარა, მართალია ეს არ იყო მაღალი დონის ბრძოლები, თუმცა გიგამ საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. 

გიგას სპორტული მონაცემები რამდენიმე უცხოელ მენეჯერსა და პრომოუტერს მოეწონათ და მისი შესაძლებლობების ჰოლანდიაში მოსინჯვა შესთავაზეს. ქვეყანაში, რომელსაც „მუიტაის“ და კიკბოქსინგის, მსოფლიოში საუკეთესო სკოლა აქვს. პირველად ამსტერდამში თავის მეუღლესთან, თამუნასთან ერთად რამდენიმე კვირით წავიდა. ეს უფრო გაცნობითი, ტურისტული ხასიათის ვიზიტი იყო. დაათვალიერეს ქვეყანა და სხვადასხვა კლუბებში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. საუკეთესო კლუბ „Golden Glory“-ში ორ დღიანი ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელების მოწონებაც დაიმსახურა. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ერთმა სპორტსმენმა ტრავმა მიიღო და დაგეგმილ ბრძოლაში მის ნაცვლად მონაწილეობა შესთავაზეს. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, ბრძოლა მოიგო და მთავარმა მწვრთნელმა ჰოლანდიაში სავარჯიშოდ მიიწვია. შემდეგ ჰოლანდიაში მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა და კარიერაც იქ განაგრძო.

დაიბადა გიგა ჭიკაძე, მსოფლიო ჩემპიონი ჩხუბში

დღეს გიგა ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და დღეში საშუალოდ ორიდან-ოთხ ვარჯიშამდე უწევს. პირველი ვარჯიში დილის 6 საათზე ეწყება, მომდევნო 9-ზე, შემდეგი 11ის ნახევარზე და ბოლო საღამოს. კომბინირებული ვარჯიშებია: ზოგადი სპორტული მომზადება, კარატე, კიკბოქსინგი, ბოქსი,  ჯიუჯიცუ და ასევე გამძლეობის ვარჯიშები. თუმცა, ვარჯიშისგან თავისუფალ დროს, მსოფლიო ჩემპიონი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში სათავისო გასართობსაც ბლომად პოულობს. თავისუფალ დროს მთელი ოჯახი ქალაქგარეთ გადის და სხვადასხვა მათთვის უცხო და საინტერესო ადგილებს ათვალიერებენ.

ოჯახი არის ჩემი პირადი სივრცე, კომფორტის ზონა და განტვირთვის კუთხე. ადგილი, სადაც თავს ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ

დედის გარდაცვალება (2013 წ.) გიგასთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე დანაკლისი იყო. სწორედ ამ დროს მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, „დაანოკაუტე სიმსივნე“, სადაც სიმსივნით დაავადებულ ქალებს ეხმარებიან. საქართველოში კიკბოქსინგის მსოფლიო ქამრის მოსაგებად, სპორტის სასახლეში ბრძოლა გამართა, საიდანაც შემოსული თანხა, საქველმოქმედო ფონდში სრულად გადაირიცხა. ასევე კიკბოქსინგის სპორტული ინვენტარის წამყვანმა ბრენდმა „Bad Boy” ფონდის მაისურები დაამზადეს და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდეს. შემოსული თანხა ასევე სრულად გადმორიცხა  ფონდში.

ჩვენ არ ვებრძვით ოჯახის წევრებს!

სპორტსმენი ასევე აქტიურად არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩართული. გიგა ცდილობს მისი ძალისმიერი სპორტით მხარდაჭერა გამოხატოს ქალების მიმართ, მომავლის იმედი მისცეს მათ და გვერდში დაუდეგს. საქართველოს რეგიონებში, საინფორმაციო ხასიათის არაერთი შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მამაკაცებს შეხვდა, მათ ესაუბრა და აუხსნა, რომ ოჯახი რინგი არ არის.

 

ზევით