#კულტურა

ქართველი ხელოვანები ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალზე

გაზიარება:

ოქსფორდის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, სამი დღე ქართველ ხელოვანებს დაეთმობა. ადამიანებს, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ქვეყნის წარსულს, მიზნებს, ამბებსა და მომავლის ხედვას გამოხატავენ. ოქსფორდის Sheldonian Theatre-ის სცენას საქართველოს 17,18 და 21 მარტი დაეთმობა. 

17 მარტს ფესტივალის მონაწილეებს აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი და ქეთი მელუა შეხვდებიან.

Out of Stalin’s Shadow: Writing the New Georgia: ამ თემის გარშემო საქართველოს ორი წამყვანი მწერალი ისაუბრებს.

ქართველი ხელოვანები ფესტივალს ქართული ლიტერატურისა და კულტურის, სტალინის მემკვიდრეობის, საკუთარი მწერლობისა და პოსტ-საბჭოთა გამოცდილების განხილვით გახსნიან. ფესტივალის ბრიტანულ აღწერაში თბილისი, საბჭოთა ხანის აღმოსავლეთის პარიზადაა მოხსენიებული, რადგან სწორედ ის წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ავანგარდული ხელოვნების შერწყმის ადგილს. სტალინის ფიგურა საქართველოს ისტორიის თანდაყოლილი ჩრდილია, წელს ზუსტად 100 წელი გავიდა 1924 წლის წარუმატებელი, გაზაფხულის სახელით ცნობილი, აჯანყებიდან, რომელიც ბოლშევიკურ მთავრობას უპირისპირდებოდა. ამ აჯანყებას მალევე სტალინის დიდი ტერორი და რეპრესიები მოჰყვა, რომელმაც უამრავი ქართველი მოაზროვნე და პატრიოტი შეიწირა, როგორებიცაა ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი. ამ დროს საქართველომ სინათლე დაკარგა, რომელიც სულ ცოტა ხანია რაც დავიბრუნეთ. რეპრესიები კი ჯერ კიდევ ღია ჭრილობაა ქვეყნის ისტორიაში. რუსული პროპაგანდა სტალინს ძლიერ კაცად წარმოაჩენს, მან ხომ ჰიტლერი დაამარცხა. საინტერესოა, როგორ იხსენებენ სტალინს საქართველოში და რატომ ჰყავს მას დღემდე თაყვანისმცემლები? როგორ აისახება თანამედროვე ქართულ მწერლობაზე საბჭოთა ტრავმებით გაჯერებული ისტორია და როგორ წარმოადგენენ ქართველი მწერლები არასტაბილური რეგიონის ცხოვრებისეულ დილემებს. ძირითადად ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დაუთმობენ დროს დათო ტურაშვილი და აკა მორჩილაძე. 

ევროპამ ჩვენთვის კარგად ცნობილი და დაფასებული მწერლების შემოქმედება საბჭოთა ისტორიის ხაზით გაიცნო. დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, რომელიც საბჭოთა რეალობის ხაფანგიდან თავის დახსნის ტრაგიკულ მცდელობას აღწერს, დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს და საბჭოთა სისასტიკის ცხად სურათს უხატავს ევროპელ მკითხველს.

აკა მორჩილაძის ლიტერატურაც, გარდა მწერლის ქართული ენის საოცარი ფლობისა, ისტორიის დაფარულ, ჯერ კიდევ გაუაზრებელ პასაჟებზე ეხება. ამის საუკეთესო მაგალითებია, “მოგზაურობა ყარაბაღში” - მწერლის სადებიუტო რომანი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქართულ რეალობაზე გვიყვება. “ჩრდილი გზაზე” მკითხველის თვალწინ აცოცხლებს ეპოქას, რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა საქართველოს. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” - ჩვენი ქვეყნის ტრაგედიის მსუბუქი თხრობაა, რომელიც ათეულობით წლის ტყვეობიდან გამოდის და სამოქალაქო ომში ეხვევა. ეს რომანი გაყინულობის, საყოველთაო პესიმიზმის, სტაგნაციისა და უიმედობის მდგომარეობაზეა. აკა მორჩილაძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატია. ქართველი მწერალი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი. ფესტივალის ეს დღე ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას შესრულებით დაგვირგვინდება. 

18 მარტს ფესტივალზე ბორის აკუნინის ამბავს მოუსმენს აუდიტორია. აკუნინი დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი წამყვანი მწერალი იყო რუსეთში, იქამდე სანამ პუტინის რეჟიმმა ტერორისტთა რეესტრში  შეიყვან, რის გამოც ინგლისში მოუწია გადასახლება. ბორის აკუნინი საბჭოთა საქართველოში დაიბადა, მისი ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილია. მისი წიგნების ნაწილი ქრონიკაა ცარიზმისა და საბჭოთა იმპერიების შესახებ. 

21 მარტს ლეო ვარდიაშვილს დაეთმობა სცენა და ის საკუთარ რომანზე ისაბრებს.

გავლენიანმა ბრიტანულმა გაზეთმა, The Observer-მა ლეო ვარდიაშვილი 2024 წლის 10 საუკეთესო დებიუტანტ რომანისტს შორის დაასახელა.

ავტორის სადებიუტო რომანს Hard By a Great Forest ჰქვია და 2008 წლის ომსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე გვიყვება. პირადი ისტორიებისა და ომის სისასტიკის გადმოცემით ავტორს მკითხველამდე ქართველი მოსახლეობის საყოველთაო ტრაგედია მიაქვს. 

ღონისძიებას მაია ჯაგი უძღვება, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ქართული ლიტერატურისა და კულტურის პროგრამის დამფუძნებელი/დირექტორია. იგი ქართველი მწერლების პირველი ფესტივალის: Where Europe Meets Asia, არტ დირექტორიც გახლდათ. 2021 წელს მაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ონლაინ ფესტივალი ბრიტანეთის ბიბლიოთეკასა და მწერალთა სახლში. ონლაინ ფესტივალის ფარგლებში ძირითადი საუბრები 1918-21 წლის საქართველოს რესპუბლიკის ირგვლივ მიმდინარეობდა. ცარისტული რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხანმოკლე მომენტზე, რომელმაც ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში მოდერნიზმის აფეთქება გამოიწვია.

2024 წლის ოქსფორდის ლიტერატურული ფესტივალის ქართული პროგრამის სპონსორების სიაში არიან ბრიტანეთში ევროკავშირის დელეგაცია, სასტუმრო Rooms და ოქსფორდის ქართული მთარგმნელობითი პროექტი.

ზევით