ქართველი და ოსი მეგობრების მშვიდობის გზავნილი საოკუპაციო ხაზთან

ქართველი და ოსი ახალგაზრდების, შმაგი სამხარაძისა და არსენ მამიტოვის, მეგობრობა წლების წინ, სამშობლოსგან შორს, საკლასო მერხთან დაიწყო და ენის ბარიერით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, ძლიერ კავშირში გადაიზარდა, კავშირში, რომელიც ერთმანეთის ურთიერთ აღქმაზე, ღირებულებების, ტკივილისა და კონფლიქტით გამოწვეული ტრავმების გაზიარებაზეა დაშენებული და დღემდე ინარჩუნებს სიმტკიცეს.

მართალია, სწავლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდების გზები გაიყარა, თუმცა ქართულ-ოსური კავშირი ძლიერი აღმოჩნდა. 12 წლის შემდეგ შმაგისა და არსენის ცხოვრება კიდევ ერთხელ გადაიკვეთა და დღეს ორივე საერთო ძალებით იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის. 

სწორედ ამ დიდი კავშირის წყალობით, 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, ქართველმა და ოსმა მეგობრებმა, ერგნეთში, ოკუპაციის ხაზთან ქართული დროშის აფრიალებითა და თავიანთი ისტორიული მეგობრობის ხაზგასმით, მშვიდობის გზავნილი გაავრცელეს.

რომ გვიამბოთ როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი...

შ.ს: ჩემი ოჯახი ქუთაისიდან-რუსეთში ემიგრაციაში 2001 წელს გადავიდა. ქალაქ ტვერში, მამით ოსი, დედით კი რუსი არსენ მამიტოვი სკოლის მერხთან გავიცანი, ჩვენ შორის არსებული ენობრივი ბარიერის მიუხედავად მალევე დავმეგობრდით, ურთიერთობა სკოლის დამთავრებამდე და მის შემდეგაც შევინარჩუნეთ. 

როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება ამ წლების განმავლობაში?

შ.ს: საქართველოში 2010 წელს, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩამოვედი და სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვაგრძე, ესტონეთში დიპლომატიურ სკოლაშიც ვისწავლე გარკვეული პერიოდი და სტაჟირება საგარეო საქმეთა სამინისტროში გავიარე. 

პოლიტიკა და დიპლომატია ყოველთვის მაინტერესებდა და ვეცადე, ჩემი ინტელექტუალური რესურსი სწორედ ამ კუთხით გამომეყენებინა.

რუსეთში ყოფნის დროსაც აქტიურად ვეცნობოდი დიასპორულ საკითხებს, რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩვენი ორგანიზაციაც გვქონდა სახელად "ლაზარე", თითოეულ ჩვენგანს სამშობლოში დაბრუნება გვსურდა. რუსეთში სულ 10 წელი დავყავი, თუმცა ყოველთვის მქონდა საქართველოში დაბრუნების იმედი, აქტიურად ვეცნობოდი ქართულ სიახლეებს და  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადი დრო სწავლა-განათლებას და ჩემს სამშობლოსთან, ხალხთან ადაპტაციას დავუთმე.

რაც შეეხება არსენს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, პროტესტის ფონზე, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა და სკოლის მერხის თანამეზიარემ რუსეთი დატოვა და ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

არსენი პროფესიონალი bmx (ველოსპორტის სახეობა) მრბოლელია, უამრავ საერთაშორისო ღონისძიებაში მიღებული ცოდნისა და წლების განმავლობაში ნაგროვები გამოცდილების გაზიარებას ახლა საქართველოში აპირებს. არსენის თქმით დედაენის სკეითპარკი ხარისხითა და მოხერხებულობით საუკეთესოა, რაც კი ოდესმე უნახავს, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ საქართველოში ექსტრემალური ველოსპორტის განვითარებას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. 

არსენი პოლიტიკით არასდროს ყოფილა დაინტერესებული, ჩემთან კომუნიკაციის და ქართველ ხალხთან ურთიერთობის შემდეგ, არსენმა სრულიად სხვა კუთხიდან დაინახა და შეაფასა კონფლიქტის საკითხები. 

დიალოგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან სოც. მედიის მეშვეობით

შ.ს: უკრაინის ომმა თითქოს ერთგვარი ფანჯარა გახსნა სახალხო დიპლომატიისთვის, სოციალური მედია კი ის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომლის დახმარებითაც ხმა ადამიანებს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია მიაწვდინო. სოციალური მედიის გაჩენამ, სწრაფი და ხარისხიანი კომუნიკაციის გზები გააჩინა, დღეს ყველას შეუძლია ხმამაღლა გაავრცელოს თავისი სათქმელი და რაც ყველაზე მთავარია, ყველას შეუძლია მისი მოსმენაც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ჩვენი ერთადერთი საკომუნიკაციო ხიდი დღეს, სწორედ სოციალურ მედიაზე გადის, TiktTok, Instagram და Facebook პლატფორმების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უშუალო დიალოგი დავამყაროთ გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებთან.

ამ დიალოგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პოზიციისა და დამოკიდებულებების სწორ ფორმულირებას, ის თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს საზოგადოებას, ავტომატურად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის განწყობაზეც.

არსენ, როდის და რატომ მიიღეთ საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება?

ა.მ: საქართველოში გამომგზავრების გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში მივიღეთ, თუმცა გადმოსვლა მხოლოდ აპრილის ბოლოს მოვახერხეთ. მე და ჩემმა ოჯახმა, 24 თებერვლის შემდეგ ვიგრძენით, რომ ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო - უნდა მოგვეფიქრებინა სად ავაშენებდით ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს.

ჩვენ გვსურს აქ დავრჩეთ და ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება შესაძლებელია, იქ სადაც არ შეგეშინდება შენი აზრის გამოთქმა, სადაც პოლიციას დასახმარებლად მიმართავ და ის მართლაც დაგეხმარება, სადაც ქუჩაში ხალხი გაგიღიმებს და სადაც იცი, რომ შენი მეზობელი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს, განურჩევლად შენი ეროვნებისა.

ამ დროისთვის ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს ისტორიაში პირველი ექსტრემალური სპორტის ფესტივალის პროექტი, რომლის ჩატარებასაც ოქტომბერში ვგეგმავთ. ასევე ვაპირებ გავხსნა ოლიმპიური სარეზერვო სკოლა bmx, skate, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს ჩვენს პროექტს, რადგან ის მიმართულია სპორტის ახალი სახეობების განვითარებაზე. გვინდა ვაჩვენოთ საქართველოს ახალგაზრდობას, რომ ახლა თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ სწავლისა და მუშაობის შემდეგ პარკში გაისეირნოთ, არამედ პროფესიონალურად აკეთოთ ეს და წარმოადგინოთ თქვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე.

როდის დაიგეგმა 7 აგვისტოს აქტივობა და რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი?

ა.მ: რატომღაც ისე გამოვიდა, რომ თბილისში ჩამოსვლამდე აგვისტოს ომის განხილვას ვერიდებოდით, ამ თვეების განმავლობაში გარდა უკრაინის ომისა, 2008 წლის ომზეც ვისაუბრეთ და პირველად გავიგე, როგორ უყურებდნენ ადგილობრივები 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებს. მოგზაურობის იდეა სპონტანურად გაჩნდა, შმაგიმ 7 აგვისტოს შემომთავაზა წასვლა იმ ადგილას, საიდანაც ცხინვალი ჩანს, ასევე ომისადმი მიძღვნილი მუზეუმის მონახულებაც გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ თარიღისთვის საქართველოს გადმოსახედიდან შემეხედა.

ჩემი მთავარი გზავნილი მარტივად ჟღერს: მდიდარი საერთო ისტორიის მქონე მოძმე ხალხები არ უნდა იყვნენ ერთმანეთისგან ხელოვნურად შექმნილი ღობეებითა და საგუშაგოებით დაშორებული. ყველას ვუსურვებ, რომ მალე მოვიდეს დრო, როცა თავისუფლად შეგვეძლება გადაადგილება, ერთმანეთის და ახლობლების მონახულება ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ჩვენ და ჩვენი შვილები ვიმსახურებთ სტაბილურ მომავალს, ხარისხიან განათლებას და ჯანდაცვას, განვითარებულ ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას ჩვენს ქალაქებში. ჩვენი წინაპრების მიწებს საკმარისად უნახავს ომი და სისხლისღვრა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოში, როგორც ეს იყო ისტორიულად.

ზევით