„ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ - მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში გრძელდება

გაზიარება:

ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ირანის ქალაქ კერმანში დაუმორჩილებლობის ძლიერი აქტის კადრები, რომელშიც აქციის მონაწილეებით გარშემორტყმული ქალი ჰიჯაბის გარეშე დგას და თმას საჯაროდ მაკრატლით იჭრის, სანამ გარშემომყოფები მის გამხნევებას შეძახილებით განაგრძობენ. ბოლო 5 დღის განმავლობაში ეს პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ირანის მოსახლეობა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მიმართავს.

გარდაცვლილი მაჰსა ამინის სახელით, ადამიანის სიცოცხლისა და უფლებებისთვის მასშტაბურმა ბრძოლამ ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა, საპროტესტო აქციები ეწყობა როგორც თეირანში, ასევე ირანის სხვა დიდ ქალაქებში და ისეთ ტრადიციულ-კონსერვატიულ მხარეებშიც კი, როგორიც მაშადია. გასულ ღამეს დემონსტანტები ირანის 15 ქალაქის ქუჩაში გამოვიდნენ, დაწვეს სანაგვე ურნები, პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს და სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. ირანის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მაჰსა ამინის ტრაგიკული სიკვდილი

ყველაფერი კი 2022 წლის 13 სექტემბერს, თეირანში დაიწყო, როდესაც 22 წლის ქალთა უფლებების დამცველი და ქურთთა უმცირესობის წარმომადგენელი მაჰსა ამინი ირანის მორალისა და ზნეობის პოლიციამ (ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ნაწილია და ევალება ისლამური რესპუბლიკის მკაცრი სოციალური წესების დაცვა) ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მაჰსას ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. 3 დღის განმავლობაში მაჰსა მძიმე დაზიანებებით კომაში იმყოფებოდა, 16 სექტემბერს კი მისი გარდაცვალება ექიმებმა დაადასტურეს.

ირანის მორალისა და ზნეობის პოლიციის განცხადებით, მაჰსას მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა, თუმცა ახალგაზრდა ქალის დაკავებას და მის გადაყვანას მოწმეები ჰყავს, რომელთა მტკიცებითაც მაჰსა პოლიციელებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, შემდეგ კი მას მანქანაშივე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდა ქალის თავის CT სკანირებამ ძვლის მოტეხილობა, სისხლდენა და თავის ტვინის შეშუპება გამოავლინა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამინის სიკვდილის მიზეზად ფიზიკური ანგარიშწორება და თავის ტრავმა იქცა.

მაჰსა ამინის სიკვდილმა მწვავე რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. აქციის მონაწილე ქალები პროტესტის ნიშნად იხსნიან ჰიჯაბს და სკანდირებდნენ: „სიკვდილი დიქტატორს“; „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“; „ჩვენ ომის შვილები ვართ. გვებრძოლეთ და ჩვენც შეგებრძოლებით“. ირანის ქუჩები ცეცხლმა და ქაოსმა მოიცვა.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის Hengaw-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქურთისტანის რეგიონში დემონსტრაციების დროს სულ მცირე ხუთი მომიტინგე დახვრიტეს, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2017 წელს, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ირანის მორალისა და ზნეობის პოლიცია გადამეტებულ აგრესიაში დაადანაშაულა და ჩაცმის დრესკოდის დარღვევისთვის ქალების დაკავება აკრძალა. თუმცა, შარშან პრეზიდენტად არჩეულმა რელიგიურმა ლიდერმა ებრაჰიმ რაისმა, როგორც ჩანს, შეცვალა პოლიტიკა, რის შემდეგაც გახშირდა ცნობები ქალების ხელკეტებით ცემის, სახეში დარტყმისა და პოლიციის მანქანებში ჩათრევის შესახებ.

როგორ მოვედით აქამდე - ირანული რევოლუციის შედეგები...

უთანხმოება, რომელიც ირანში ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა 1979 წელს დასრულდა - საპროტესტო გამოსვლების შედეგად ისლამური რესპუბლიკის მომხრე დემონსტრანტებმა, ამერიკისა და ბრიტანეთის მოკავშირე შაჰი (იმავდროულად უკანასკნელი შაჰიც) მოჰამედ რეზა ფაჰლავი 37-წლიანი მმართველობის შემდეგ ჩამოაგდეს. ირანის სათავეში 14-წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებული რელიგიური ლიდერი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი მოვიდა.

აიათოლა რუჰოლა ხომეინის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ირანი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე კულტურული და მრავალფეროვანი ქვეყანა გახლდათ, სადაც სწრაფად ვითარდებოდა ხელოვნება, ლიტერატურა, კინო თუ ტელეინდუსტრია, ისლამურმა რევოლუციამ კი თან კონსერვატიული ცვლილებები მოიტანა, დემოკრატიული კურსისა და სეკურალური სახელმწიფოს სრული უგულებელყოფით და ირანის ისლამურ თეოკრატიად ქცევის მცდელობით. ცვლილებები გარდამტეხი ირანელი ქალებისთვის აღმოჩნდა, რომელთა უფლებებიც 1979 წლიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა: ქალებს აეკრძალათ განათლების მიღება, მათთვის შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, განქორწინება, თავსაბურავის გარეშე საჯარო სივრცეში გამოჩენა და სეირნობაც კი თანმხლები პირის გარეშე.

ისლამურმა რევოლუციამ იდეოლოგიური მისწრაფებები პრაქტიკაში გაატარა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა საკუთარი მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნა და ამას ვერც დანარჩენი სამყაროსგან მალავს. 

ზევით