ირაკლი პაპასქუას გზა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორამდე და ჰაერში აღმოჩენილი დახმარება

პირველი პაციენტი - ბეღურა, რომელმაც მოტივაცია მისცა აღარასოდეს დაეკარგა პაციენტი, ბავშვობის ოცნება, რომელიც რეალობად დიდი შრომისა და თავდადების წყალობით აქცია, 23-წლიანი პროფესიული ცოდნა, რომელსაც დღემდე სიცოცხლეების გადასარჩენად იყენებს და გაჩერებას ან დანებებას წამითაც არ გეგმავს, ჰაერში გადარჩენილი პაციენტი - გაიცანით ონკოლოგ-მამოლოგი ირაკლი პაპასქუა და მოისმინეთ მისი ცხოვრებისეული გზის დეტალები.

ვინ არის ირაკლი პაპასქუა, საიდან იწყება თქვენი ისტორია?

მე ვარ აფხაზეთიდან, რომელიც ერთდროულად არის ჩემი ბედნიერებაც და მოუშუშებელი ტკივილიც. დავიბადე სოხუმში, მშობლები წარმოშობით გალიდან იყვნენ და გალშივე მუშაობდნენ, ამიტომ ფაქტიურად იქ გადავედით საცხოვრებლად. ყოველთვის სიხარულით ვიხსენებთ ბედნიერად გატარებულ ყოველ შაბათ-კვირას სოხუმში, დანარჩენ დღეებს კი გალში ნათესავებთან და მეგობრებთან, უკეთეს ბავშვობას ვერც კი ვინატრებდი, თუმცა ეს ბედნიერება ჩემი ცხოვრების 15 წელიწადს გაგრძელდა, ამის შემდეგ აფხაზეთის ომის ნაცრისფერი დღეებიც დაიწყო.

როდის გაჩნდა მედიცინა თქვენს ცხოვრებაში?

ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, ყოველთვის მომწონდა თეთრი ხალათი და ხშირად ვამბობდი: ქირურგი ვიქნები და ბევრ პაციენტს გადავარჩენ/მოვარჩენ-მეთქი. 8 წლის ასაკში პირველი პაციენტიც მყავდა - ბეღურა, რომელსაც ფრთა ჰქონდა დაზიანებული, ფრინველს რამდენიმე დღის განმავლობაში ვუვლიდი, თუმცა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, ბეღურა ვერ გადავარჩინე. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბეღურა იყო პირველი და უკანასკნელი პაციენტი, რომლის გადარჩენაც საკმარისი კომპეტენციის არქონის გამო ვერ შევძელი.

სამედიცინო განათლება და პირადი მიღწევები...

ბავშვობის ოცნების რეალობად ქცევას აქტიურად შევუდექი, 1998 წელს აკადემიკოს ი.პ პავლოვლოვის პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე, იქვე 1998-2001 წლებში კლინიკური ინტერნატურა და ორდინატურა - სპეციალობა: ქირურგია. 2 წელიწადში კი კლინიკური ორდინატურა დავამთავრე სპეციალობა - დერმატოვენეროლოგია. 

2003 წელს დავიცავი საკანდიდატო ხარისხი და მიმენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ი.პ პავლოვის სახელობის, პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგის კათედრის გენერალური ქირურგიის დეპარტამენტის თანაშემწედ. ასევე ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში ქირურგ-ფლებოლოგიის და ონკო-მამოლოგიის დეპარტამენტის უფროსად.

ჩემი პროფესიით 23-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა უზარმაზარი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვა.

რატომ მაინც და მაინც ონკოლოგია?

თავდაპირველად მინდოდა პლასტიკური ქირურგი გამოვსულიყავი, მაგრამ კლინიკაში იყო შემოსული, არაერთი ონკოლოგიური პაციენტი, რომლებსაც ქონდათ გართულება მწვავე ფრომბოზით ზედა ან ქვედა კიდურზე და სწორედ მაგან განაპირობა ამერჩია ორი სპეციალობა ონკო-მამოლოგია და ფლებოლოგია (ანგიოლოგია).

ყველაზე დიდი-პატარა აღმოჩენა, რომელიც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ, არის...

ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაც და ბედნიერებაც არის ის რომ, ძუძუს კიბოს ადრე დასმული დიაგნოზი - გადაარჩენს კიდევ 1 სიცოცხლეს და თუ დიაგნოზი დასმულია 1-ელ სტადიაზე, ქალების 98% გამოჯანმრთელდება.

რისთვის უმადლით თანამედროვე მედიცინას?

სამწუხაროდ საქართველოში არის ძალიან დაბალი დროული მიმართვიანობა. რაც ბევრი ფაქტორითაა განპირობებული,  როგორც კულტურით, პრევენციის თვალსაზრისით ექიმის მონიტორინგით, ასევე სოციალური , ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემებით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ეს პრობლემები აღმოიფხვრება და მოსახლეობის სკრინინგ პროგრამებს მეტი ყურადღება დაეთმობა, რაც იმთავითვე გაზრდის მიმართვიანობას და დროული გამოკვლევების შანსსაც გაზრდის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თანამედროვე მედიცინის გამოწვევებსაც გასცემს პასუხს და პირდაპირპროპორციულად გაიზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა.

რა გახდება ყველაზე დიდი აღმოჩენა მედიცინაში მომავალ ათწლეულში?

იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, კიდევ უფრო დაიხვეწება და შეისწავლება მცირეინვაზიული, უმტკივნეულო და უფრო მარტივი ოპერაციული ჩარევები, კვლევების თანახმად ყველაზე დიდი აღმოჩენა შესაძლოა გახდეს ნაკლებტოქსიკური და ეფექტური ქიმიოთერაპიის პრეპარატების გამოყენება.

სამედიცინო ისტორია, როგორც სერიალის/ფილმის სიუჟეტი, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

ასეთი უცნაური ისტორიები ძალიან ბევრი ყოფილა, თითქმის ყოველ მორიგეობაზე, სამედიცინო სერიალებშიც რომ იშვიათი მოვლენაა მსგავსი შემთხვევა 2007 წელს თვითმფრინავით ფრენის დროს შემემთხვა. პეტერბურგიდან - მოსკოვში ფრენის დროს, უცებ წივილ-კივილი მომესმა - ექიმი თუ არის ვინმეო. აღმოჩნდა, რომ 7 თვის ორსულ ქალს ფრენის დროს დაეწყო მუცლის ტკივილი. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ რაც საჭირო იყო ყველაფერი გავაკეთე და ჩემი და იმ ქალის ბედად ამასობაში თვითმფრინავიც ჩაფრინდა, დაგვეწია სასწრაფო დახმარების გინეკოლოგიური ბრიგადა - და იმშობიარა ჯანმრთელი ბიჭი, რომელსაც ირაკლი დაარქვეს.

ზევით