#Rugby

იყო და არა იყო რა, ბორჯღალოსნებმა ... Ciao ragazzi

გაზიარება:

| ნინუცა მაისურაძე |

თუ დღეს ხმის ამოღების ძალა შეგწევთ, ეს სტატია თქვენთვის არაა! გუშინდელი ისტორიული მატჩის შემდეგ იოგების აღდგენა, ერთ კვირიანი დასვენება და ემოციური განტვირთვა გვჭირდება. წინ ზაფხულის სერიების ბოლო შეხვედრა პორტუგალიის ნაკრებთან გველის, თუმცა ისტორია უკვე დაიწერა!

საქართველო-იტალია, რაგბი, ისტორიული თამაში, ექვსი ერი, ზაფხულის სერია, ბათუმი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28-19 შინ, ქომაგებით გადავსებულ ბათუმის “არენაზე” დაამარცხა. რაგბის გულშემატკივარმა კი ამ გამარჯვების მნიშვნელობა ზუსტად იცის. საქართველოს ექვს ერში მოხვედრის მოწოდებები ამიერიდან კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება!

rugby world, georgia italy, ექვსი ერი, საქართველო-იტალია, რაგბი

საერთაშორისო მედია საქართველოს შანსებზე აქტიურად წერს. ის, რომ რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი სახელი დიდი ხანია მკვეთრად წერია, ვიცით, მაგრამ ბორჯღალოსნების მთავარი მიზანი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი კარის შეღებაა.

ეს იყო ღია კარი ქართული რაგბისთვის, რაგბის სამყაროსთვის განცხადების გაკეთების შანსი. ბორჯღალოსნებმა ეს შანსი ნამდვილად გამოიყენეს. - წერს საერთაშორისო გამოცემა დეილი მეილი.

ბევრს მიაჩნია, რომ ექვსი ერის ჩემპიონატში მოსახვედრად გუნდების დაწინაურება და დაქვეითება ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს. ამ სცენარით კი მთავარი დარტყმის ქვეშ იტალია დადგება, რომელსაც 2015 წლიდან მოყოლებული ექვსი ერის მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. მეორე მხარეს კი იმედის მომცემი საქართველოა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების უცვლელი წევრია და ტურნირის 12 მოგება უფიქსირდება. იტალიასთან შეხვედრის მთავარი კონტექსტიც ეს გახლდათ, ჩვენმა ბორჯღალოსნებმა კი გამარჯვებით წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი დასვეს!

თედო, აბჟანდაძე, იტალია-საქართველო, ლელო

პირველი დონის გუნდთან შეხვედრაზე ძალა არც გულშემატკივარმა დაიშურა. სტადიონზე “სიგიჟე” მატჩის პირველივე მეოთხედში დაიწყო, როდესაც ვასკა ლობჟანიძის ჩაწოდება ალექსანდრე თოდუას ლელოთი დაგვირგვინდა. მანამ, სანამ მსაჯი ლელოს ჩასათვლელად ვიდეოს უყურებდა, მოედანზე სუნთქვა რამდენიმე წამით შეწყდა. სიხარულის პირველი ცრემლები კი მთავარი მსაჯის - ბრენდონ პიკერილის პირველ სასტვენს მოჰყვა. ეს კი მხოლოდ დასაწყისი გახლდათ… სხვათაშორის, თამაშის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მსაჯად სწორედ ლეგენდარული ახალ ზელანდიელი შეირჩა. 

თედო აბჟანდაძე, ლელო, საქართველო-იტალია

პირველი ლელოდან ორიოდე წუთში თედო აბჟანდაძის გენიალური თამაში ვიხილეთ, რომელმაც ჯამში შეხვედრაში ორი ბურთი დაამიწა და გარდასახვებიანად ნაკრებს 14 უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.

დავით ნინიაშვილი, საქართველო-იტალია, ზაფხულის სერია

ჩვენი მხრიდან იმასაც დავძენთ, რომ თამაშის ერთ-ერთი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი გახლდათ, რომელმაც საოცარი თამაში აჩვენა და მეტიც, ეპიზოდი, რომელსაც მსაჯმა იტალიელის წინააღმდეგ ყვითელი ბარათი ამოიღო, ტექნიკურ ლელოსაც იმსახურებდა.

საქართველო, იტალია, რაგბი, ჯარიმა

გამარჯვებას ბეჭედი ბოლო წუთებზე დანიშნული საჯარიმო დარტყმით დაესვა. ეკრანთან მოკალათებული მაყურებლისთვის სასიამოვნო “ბონუსი” კი სოსო მათიაშვილის ბუნებრივი ემოციების მოსმენა გახლდათ, რომელსაც შეხვედრა პირდაპირ ეთერში კომენტატორთან ერთად მიჰყავდა.

საქართველო-იტალია, გამარჯვება, რაგბი

გუშინდელი თამაში იმის ნათელი დასტურია, რომ სწორი მოტივაციით ქართველი ბორჯღალოსნებისთვის შეუძლებელი არაფერია. წინ კი პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრაა, რომელიც 16 ივლისს ქუთაისში გაიმართება.

ბირჯღალოსნები, საქართველო-იტალია, რაგბი

მოკლედ, ქართველი ბორჯღალოსნების გუშინდელი გამარჯვება ხმამაღალი განაცხადია, რომელსაც უახლოეს მომავალში მტკიცედ დასაბუთება სჭირდება. ფაქტი კი ფაქტად რჩება, ქართული რაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კარი გაიღო, რომელშიც ამაყად თავაწეულები შევდივართ. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ნაკრების საოცარ შემადგენლობასთან ერთად ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის დამსახურებაა, რომლის სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგიც საბოლოოდ ანგარიშში აისახება.

ლევან მაისაშვილი, რაგბი, საქართველო-იტალია

წინ რთული მოსამზადებელი კვირაა, რომელსაც საზაფხულო სერიის ბოლო თამაში დააგვირგვინებს, ამიტომ 16 ივლისს გეზი ქუთაისისკენ აიღეთ!

ზევით