Fuckup-ი იბერიულად

გაზიარება:

აი, ის თითო-ოროლა მომენტი ჩვენს სიყმაწვილეში, ალბათ, ყველას გვქონია, შინაგანი მოწოდების მიუხედავად, მასწავლებლისთვის ჯინაზე არ მოგვესმინა, ზოგჯერ სული წაგვძლევდა და საინტერესო ამბებს მოკრავდა ხოლმე ყურს. 

ეს ამბები შეიძლება ბიოლოგიის მეცხრე კლასის წიგნის აკრძალული მონაკვეთები ყოფილიყო - “უზრდელობები”, ან ჩვენი დიადი ისტორიის მონაკვეთები - აქა-იქ არადიადი რომ იყო, გვერდებზე სისხლით მოწინწკლული და შუაში ღალატ-მიშხეფებული. 

შეიძლება, ის ტიპი ხარ, ძლევაი საკვირველზე პირველად რომ მოისმინე და გინდა თუ არ გინდა, პატარათი რომ დაგბურძგლა.

ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო, მაგაზე რომ მაგრად გაგიტყდა.

მაგრამ გიფიქრია, რა იქნებოდა, დავით აღმაშენებელს შავი წიწაკის ბომბები რომ დაეშინა მტრისთვის? იქნებ უფრო მარტივად მოეგო?

არაა საჭირო იმის გახსენება, რომ სუნელები მაგ დროს ძნელად იშოვებოდა. 

ამ ისტორიული მულტივერსის შექმნაში, შეიძლება რაღაც მაგარ ინსაიტამდე მისულიყავი (იხ. ძლევაი საკვირველის მოგების ალტერნატიული ვარიანტი.)

წარსულ სიდიადეთა დასწავლა დაახლოებით შემოდგომა-ზამთარში გვიწევდა და სულ ისე ხდებოდა, რომ უახლესი ისტორიის ამბები წიგნის ბოლოსა და ზაფხულს ემთხვეოდა ხოლმე. მერე ვერ ვხვდებოდი, უვიცობა რისთვის დამებრალებინა- უახლესი ისტორიის ანალიზი ჯერ კიდევ რომ ვერ გავაკეთეთ, თუ იმისთვის, რომ უბრალოდ, ზაფხული მოდიოდა და სკოლაში აღარ დავდიოდით.

ჰოდა, უცოდინრობა რომ ძალაა ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში მანიფესტირდა. 

საქმეები კარგად მიდის, მეზარბაზნეები რომ არ გვყავს ქართველებს, ამ ფრაზის მთქმელიც ბევრჯერ ვიშოვეთ და ქვეყნის ღალატის პატერნსაც მშვენივრად მივყვებით. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავით ზე-აღმაშენებელი საფლავში ერთხელაც კი არ გადაბრუნებულა. 

ოქროს ხანაც ისევ მოვიყვანეთ, ოქროების გარეშე და, მგონი, ხანის გარეშეც.

ლარიც ისეთივე მყარი ძეგლია ქართველისთვის, როგორიც, ის ხმალი, გორგასალზე ორჯერ დიდი რომ იყო და იალბუზს ჭრიდა. 

ერთი-ორჯერ, ილიას გაგორებაც მოვასწარით, ამაზე თუ დარდობთ. 

ჰოდა, ახლა ის დრო დაგვიდგა, შეცდომების სწავლის მაგივრად, შეცდომებზე სწავლა რომ დავიწყოთ და ერთხელ და სამუდამოდ ვუპასუხოთ ადამიანის სულში დასაბამიდან არსებულ კითხვებს:

‘რისთვის გავჩნდით?’ 

‘სადაა დაპირებული გაბრწყინებული იბერია?’

‘რას მოვაწერეთ ხელი ამისთანას, ან არ მოვაწერეთ, აქამდე რომ მოვედით?’

‘საერთოდაც, მართლა, აქ როგორ მოვედით, დეფ?’ 

ანუ, დროა, ჩვენს ისტორიულ ‘fuck-up’-ებზე დავიწყოთ ღია ბჭობა. ავიღოთ ერთი-ორი მსუყე fuck-up-ი უახლესი ისტორიიდან- საქართველოს დემოკრატიული განვითარება პირველ რიგში ჩვენ დემოკრატიულ მემკვიდრეობას - პირველ რესპუბლიკას, შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციას და ჩვენს უახლეს ისტორიას უკავშირდება. ავწონოთ, ისტორიკოსებს დავაწონინოთ, გადავიყვანოთ ისტორიის მულტივერსში და გავიგოთ, რა იქნებოდა, სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავით. სხვა არჩევანი გაგვეკეთებინა. 

თუ შენც ის ახალგაზრდა ხარ, რომელიც ბუნდოვნად კი ხვდება, რაღაც ძალიან რომ ვერაა რიგზე, მაგრამ ზუსტად ვერ ხედავს მიზეზს ან იმ მომენტს, სად და რამდენჯერ აგვიცდა ერს ფეხი ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე; ვერც იმას ხედავს, ასე მწარედ აცდენილი ფეხი ისევ როგორ უნდა გავამთელოთ, მაშინ გაგვიგებ, რატომ გვჭირდება იბერიას იბერიული fuck-up-ების გახსენება და ანალიზი. 

ამის გაკეთება ჩვენზე იყოს.

ჩვენ კიდე imitom.ge ვართ, ყოვლად ახალგაზრდული პლატფორმა, ქვეყნის სიდუხჭირე ნამეტანი რომ გვაწვება მხრებზე და გვინდა, იბერიის გაბრწყინებაში “ბრწყ” ჩვენი რომ იყოს. უბრალოდ, იმისთვის, რომ ისტორიული fuck-up-ების პროექტი განვახორციელოთ, ერის მხარდაჭერა გვჭირდება - ფინანსური. იმის ფონზე, რომ ლარი “მერყევია, ვითარცა ლერწამი”, გასაგებია, მაინც და მაინც კარგი სიტყვა რომ ვერაა ფინანსები. თუმცა, შორს თუ გავიხედავთ, ჰორიზონტზე შეიძლება გაბრწყინებული იბერიის მკრთალი ნათება დაინახოთ. ჰოდა, ამ ნათებისთვის დახმარება სჭირდება ისტორიული fuck-up-ების პროექტს. მოკლედ, აგერაა ლინკი, რომ გადახვალ მოძებნე დიდი ლურჯი ღილაკი წარწერით დაუჭირე მხარი და შენი იმედი გვაქვს.

გახსოვდეს, გაბრწყინებული იბერიის მზე უფრო მეტ D-ვიტამინს მოგვცემს, ვიდრე, ... ასეთის. 

ზევით