#პოლიტიკა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო

გაზიარება:

რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, 23 ნოემბრის სხდომაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელმაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. რეზოლუციის მიღებას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, 44-მა დეპუტატმა კი თავის შეკავება გადაწყვიტა.

„რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი წინასწარ განზრახული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურად მოუწოდებდა ქვეყნებს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოეცხადებინათ. ცალკეულმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ესტონეთი, პოლონეთი, ლატვია და ლიეტვუა ეს დიდი ხნის წინ გააკეთეს, ახლა მათ მხარს ევროპარლამენტიც უმაგრებს და აქტიურად მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის სისხლიანი რეჟიმი და მასთან ერთად რუსეთი მაქსიმალურად უნდა იზოლირდეს საერთაშორისო ასპარეზზე და მისი საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის საკითხიც გადაიხედოს.

იმის გამო, რომ ევროკავშირს ამჟამად არ შეუძლია ოფიციალურად დაასახელოს სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად, ევროპარლამენტი მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს გაატარონ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები და რუსეთის ამ ჩარჩოებში მოხვედრა განიხილონ. გარდა ამისა, დეპუტატები - საბჭოს ტერორიზმის სიაში კადიროველების და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა სამხედრო ჯგუფების შეყვანისკენაც მოუწოდებენ.

„რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს და პასუხისგებაში მიეცეს, რათა დაასრულოს საკუთარი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზევით