#ჯანსაღი ცხოვრება #ცნობილები #სპორტი

ერთი გოგოს ისტორია - ქეთი ხატიაშვილი ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობასა და ტანვარჯიშზე

გაზიარება:

ბედნიერების წყაროს ქეთი ხატიაშვილი, ადრეული ასაკიდანვე ეზიარა. ტანმოვარჯიშე სულ რაღაც 4 წლის იყო, როდესაც მომავალი პროფესიით დაინტერესდა და ისე შეიყვარა, რომ მომავალში ცხოვრების წესადაც აქცია. მუდმივად მომღიმარი და პოზიტიური ქეთი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს: ყოველ დილას ტელეეკრანებიდან ჯანსაღი ცხოვრების დაწყებისა და ვარჯიშისკენ მოგვიწოდებს, სასარგებლო რჩევებს გვაძლევს და დადებითი ემოციებით გვავსებს.

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილი ქალიშვილს - ანასტასიას ზრდის, რომელმაც დედის პროფესია ქეთიზე არანაკლებ შეიყვარა და სკოლის შემდეგ თავადაც ბევრს ვარჯიშობს. ქეთის ცხოვრებაში სიყვარულიც დიდ ადგილს იკავებს, ის ქართველ მორაგბეს - დავით კაჭარავას ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების დეტალების გამხელისგან თავს იკავებს, მოკლედ და ლაკონიურად გვეუბნება, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

ქეთი, როდის დაკავდით ტანვარჯიშით?

4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ ტანვარჯიშზე ჩემი და მიიყვანა. ის ერთი წლით არის ჩემზე უფროსი. მაშინ უკრაინაში ვცხოვრობდით და რადგან სახლში დამტოვებელი არავინ მყავდა, მეც „ხურდაში“ მივყევი ჩემს დას. გაკვეთილებისთვის ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა ნელ-ნელა თვალი მიმეჩვია და მასწავლებელმაც შენიშნა რომ ცოცხალი ბავშვი ვიყავი. სწორედ ასე, 4 წლის ასაკში, დავიწყე თამაში მხატვრული ტანვარჯიშის სექციაში. უშუალოდ სპორტით დაახლოებით 6 წლიდან დავკავდი.

ქეთი ხატიაშვილი

რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება?

დღის განმავლობაში 8-9 საათი ძილი, შემდეგ კვება და თუ 4-საათიან შუალედების დაცვა გამომდის, ეს იდეალური ვარიანტია. სპორტული აქტივობები, რადგან თუ არ დავიტვირთე ფიზიკურად და არ დავიღალე, ეს შემდეგ ყველაფერზე აისახება, მათ შორის სახის კანზე, მადაზე, განწყობაზე...

პირველ რიგში ეს არის რეჟიმი და სწორი ძილი - ჩემთის ყველაფერი აქედან იწყება.

​​ქეთი ხატიაშვილი

ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ამ სამი კომპონენტისგან შედგება და კიდევ პატარ-პატარა უნარ-ჩვევებისგან, რომლებიც საოცრად გვავსებს ენერგიით და მათი დახმარებით მუდმივად ტონუსში ვიმყოფებით (წყლის მიღება, ფეხით სეირნობა და სხვა).

როგორია თქვენი ერთი დღე...

ჩემი დილა 7 საათზე იწყება. პირველ რიგში, ვემზადები საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში ჩართვისთვის, რომელიც ყოველდღე „მზიურის პარკში“ მაქვს. ტელეეკრანებიდან ვამხნევებ ხალხს, ჯანსაღი ცხორების წესისკენ მოვუწოდებ და გამამხნევებელ ვარჯიშებს ვატარებ, ასევე ვაძლევ საჭირო რჩევებს. მაგალითად, ხვალ გვექნება მარტივი გაწელვები, რომლებიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ გააკეთოთ და ამ გზით გათავისუფლდეთ სტრესისგან.

ქეთი ხატიაშვილი

ამის შემდეგ, ცოტა ხანი პარკში გავისეირნებ ფეხით, თუ კარგი ამინდი იქნება, მივაკითხავ ანასტასიას და სკოლაში დავტოვებ. სახლში დაბრუნებული პირველ საათამდე ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ. ამის შემდეგ, 4-მდე მაქვს შუალედი, როდესაც შემიძლია ვისადილო, დავისვენო და სერიალებს ვუყურო. ახლა Crown-ს ვუყურებ და ძალიან მომწონს. 4 საათიდან კი მხატვრული ტანვარჯიშის ონლაინ გაკვეთილები გვეწყება, რომელიც დაახლოებით ოთხი საათი გრძელდება. ღამე კი განტვირთვისთვისაა.

რას ურჩევდით გოგოებს, რათა მუდმივად ფორმაში დარჩნენ?

აუცილებლად ვურჩევდი გოგოებს, რომ ბევრი იარონ ფეხით და მაქსიმალურად დაიტვირთონ ფიზიკურად. ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში, როდესაც სწორედ ვარჯიშის წყალობით თავისუფლდები ემოციებისგან, სტრესისგან და ცუდი ფიქრებისგან. ვარჯიშს კანის გაახალგაზრდავების უნარიც კი აქვს.

ქეთი ხატიაშვილი

 

პირველ რიგში, ვურჩევ, რომ კარგად შეიცნონ საკუთარი სხეული და მოუსმინონ მას, რადგან კომუნიკაცია ყველაზე მთავარია: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვასუქებს ან პირიქით, რა გვახდუნებს, რა გვაძლევს ენერგიას, ან რა გვღლის ზედემტად.

იკვებეთ სწორად, არ ჭამოთ 7 საათის მერე, ვისაც წონის პრობლემა გაწუხებთ და დაკლება გსურთ. დიეტაზე ყოფნისას არავითარ შემთხვევაში არ იშიმშილოთ და აკონტროლეთ კალორიები, რომლის გამოთვლაც ძალიან მარტივად, Google-ში თქვენი მონაცემების მიხედვით შეგიძლიათ. კარგად გამოიძინეთ და იყავით მუდამ პოზიტიურები.

როგორი დედა ხართ?

ჩემი გადმოსახედიდან სხვებზე ცოტა მკაცრი, თუმცა ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ეს აუცილებელია. ვცდილობ ანასტასიასთან  მეგობრული ვიყო. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ეს გზა ყველაზე ეფექტურია. ყოველთვის ვცდილობ უფროსი თაობისგან სხვადასხვა სიტუაციაში შვილთან სწორად მოქცევა ვისწავლო.

ქეთი ხატიაშვილი

როგორ უთავსებთ ერთმანეთს დედობას და წარმატებულ კარიერას?

ვერ ვიტყოდი რომ ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს უშლის, ალბათ იმიტომ, რომ დღის მეორე მონაკვეთში ყოველთვის აკადემიაში ვარ და თან ანასტასიაც მახლავს. ჩვენ ურთიერთობის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით. ჩემი შემთხვევა ინდივიდუალურია და ვფირობ, რომ ამ კუთხით გამიმართლა.

რას ურჩევდით იმ გოგოებს, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ?

გოგოებო, იპოვეთ ის, რაც გაგაბედნიერებთ და „თავს დაგაკარგვინებთ“!

ქეთი ხატიაშვილი

მოსინჯეთ ყველაფერი მანამ, სანამ საყვარელ საქმეს არ მიაგნებთ. მე გამიმართლა, ტანვარჯიში არის ის, რაც მაბედნიერებს და ენერგიით მავსებს. სახლში დაბრუნებულს მაშინვე დაძინებაც კი არ შემიძლია, 2-3 საათი აჟიტირებული ვარ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა.

ფოტო: ანა კოსტომაროვა

ზევით