დავით პოლი: „დაამარცხე მარცხის შიში და გაბედე იყო წარმატებული!“

| გაბრიელა კვაჭანტირაძე |

„გამოდით კომფორტის ზონიდან და დარწმუნდით, რომ თქვენი სამსახური სწორედ ის ადგილია, სადაც ზრდის საშუალება გაქვთ არა მარტო თქვენ, არამედ გარშემომყოფებსაც“- დავით პოლი, „ორბი ჯგუფის“ სასტუმროების მართვის ხელმძღვანელი.

ევროპაში მიღებული განათლებისა და ასევე, ევროპული 20 წლიანი გამოცდილებებით, დავით პოლი ახლა უკვე საქართველოში დაბრუნდა და „ორბი ჯგუფი“-ს სასტუმროების ქსელს (კერძოდ 8 სასტუმრო ბათუმში, და ერთი ბაკურიანში) მართავს საკმაოდ წარმატებით და უამრავი ინოვაციური სამომავლო გეგმით. სასტუმრო Magic life TUI-ის  შემდეგ იყო ცნობილი Rixos Hotels-ის ქსელები თურქეთსა და დუბაიში, უმეტესი მათგანის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ დავით პოლს მიუძღვის.  გარდა ამისა,  მას საკმაოდ საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს სტუმართმოყვარეობის სფეროში განვითარების და ასევე, ხედვები, რაც ცალსახად გამოადგება იმ ახალგაზრდებს, ვინც კარიერული გზის საწყის საფეხურებს გადიან. 

სტუმართმოყვარეობის სფეროში მოღვაწეობის საწყისი ეტაპები...

ჩემი ოცწლიანი კარიერული ისტორიიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩემი ადგილი ვიპოვე. პატარაობიდანვე ამჩნევდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მოკლე დროში ადამიანების სიყვარულის და მათთან დამეგობრების გამორჩეული უნარი მქონდა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, რაც უნდა ახასიათებდეს სტუმართმოყვარეობის სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს. როდესაც სტუმარი გულწრფელად გიყვარს, აუცილებლად ფიქრობ მის ყველა საჭიროებასა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე, რაც არასოდეს რჩება შეუმჩნეველი მათი მხრიდან, სწორედ ამის ხარჯზე იქმნება სასიამოვნო ატმოსფერო იქ, სადაც შენ ქმნი სერვისს და მომსახურების გარკვეულ ხარისხს.

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას, იმ ადამიანებს რომლებიც კარიერული გზის საწყის საფეხურებს გადიან?

„დაამარცხე მარცხის შიში და გაბედე იყო წარმატებული!“

კარიერული ზრდა წარმოუდგენელია კომფორტის ზონიდან გამოუსვლელად. მნიშვნელოვანია, გამუდმებით ვიმუშავოთ თავდაჯერებულობასა და საკუთარ თავში ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ყველა ძლიერი ადამიანი პიროვნულ და კარიერულ ზრდას იწყებს მარცხის შიშის დამარცხებით. ეს არის საკუთარი თავისთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარი. შეიძლება რაღაც ერთ ცდაზე არ გამოგივიდეს, მაგრამ აუცილებლად გამოვა რამდენიმე ცდის შემდეგ. ხშირად გამიმეორებია ეს საკუთარი თავისთვის და იმავეს ვურჩევ ყველა ახალგაზრდას, ვინც კარიერული ზრდის საწყის ეტაპებზე იმყოფება.

მეც ბევრი გამოწვევა და გამოცდა გავიარე მანამ, სანამ ჩემი კარიერის ახალი ფურცელი არ გადაიშალა Rixos Group-ში. სწორედ აქედან იწყება ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი, თუმცა, ბევრი სირთულით და წინაღობით სავსე. ახლანდელი გადმოსახედიდან სიამაყის მომტანია იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე ახალი სასტუმროს გახსნაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ეს ემოციების ერთი დიდი მორევია, რომელიც საკუთარი შრომითა და ოფლის ღვრით შექმენი. დღეს უკვე საქართველოში ვმუშაობ და ვცდილობ აქაც გადმოვიტანო ისეთივე ხარისხის სტანდარტები და მიდგომები, რაც დაგვეხმარება არა მარტო სტუმართმოყვარეობის სფეროს განვითარებაში, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი, როგორც ქვეყნის როლს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

რა არის თქვენი საბოლოო მიზანი სტუმართმოყვარეობაში?

„თუ გეუბნებიან, რომ რამეს ვერ შეძლებ, გააასმაგე შრომის ხარისხი და აჩვენე მათ რეალობად ქცეული შედეგი“!

არ მიყვარს პესიმიზმი, და ყოველთვის ვამტკიცებ, რომ ყველაფერი გამოვა, როცა ამისთვის იშრომებ, თუმცა, ფაქტია, საქართველო ჯერ კიდევ განვითარების პროცესებშია მთელ რიგ საკითხებში, ამიტომაც აქ უფრო კომპლექსური შრომა და განსაკუთრებული ხელშეწყობაა საჭირო. ყველა ადამიანმა უნდა გავიაზროთ ჩვენი, როგორც ინდივიდის უდიდესი პასუხისმგებლობა, უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენვე შეგვიძლია არსებული რეალობის შეცვლა და ყველაფერი გამოვა. თავადაც მქონია გამოცდილება, როდესაც ჩემი იდეა უტოპიად ჩაუთვლიათ, ან სულაც სასაცილოდ მოსჩვენებიათ, თუმცა, მსგავსმა დამოკიდებულებამ მხოლოდ დადებით კონტექსტში იმოქმედა ჩემზე, გავაასმაგე მუშაობა და პირდაპირ ვაჩვენე რეალობად ქცეული შედეგი.

მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვხედავდი არა მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების კვალდაკვალ შესრულებით, არამედ ღირსეული ლიდერის შექმნით საკუთარი თავისგან. ჩემთვის, ღირსეული ლიდერი არის პიროვნება, რომელიც ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და ერთიან გუნდს. „ყველა ერთისთვის, და ერთი ყველასათვის“. მე მინდა, ყველა ადამიანი, ვინც შემოიკრიბა ჩემ ირგვლივ იყოს ღირსეული ერთად და ცალ-ცალკე, სცემდეს პატივს თავისსა და სხვის აზრს, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი პროცესი ფუჭია და თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული.

კარგი ლიდერი ყოველთვის აძლევს თავისი გუნდის წევრებს განვითარების საშუალებას, ეს ცალსახად მისივე სიძლიერის ნიშანია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი პოზიციონირების, სამუშაო პროცესების ხარჯზე ადამიანი „გაიზარდა“ და მარტივად შეძლო ახალი გამოწვევების მიღება. გუნდის თითოეული ძლიერი წევრი, მნიშვნელოვნად ზრდის ახალი შესაძლებლობების, ახალი მწვერვალების დაპყრობის შანსს. ასევე, უმნიშვნელოვანესია სწორი პრიორიტეტები, რადგან ისინი ქმნიან სწორ მიზნებს. არც ერთ ადამიანს, განვითარების რომელ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს ის, არ უნდა დაავიწყდეს ის თუ საიდან დაიწყო გზა, არ უნდა გაჩერდეს ერთ ადგილას და იყოს მუდმივად ძიების პროცესში. ეს ყველაფერი ადამიანს აყალიბებს არა მარტო სწორ და კარგ ლიდერად, არამედ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია ახალი სიტყვა თქვას იმ საქმეში, რასაც მოკიდა ხელი.

„მიეცი ნიჭს და ახალ თაობას განვითარების ფართო გზა“

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე თვითონ ვდგამდი პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში, ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო გამბედაობა და დამოუკიდებლობა. არასდროს გავქცეულვარ დახმარების სათხოვნად ჩემს უფროს მენეჯერებთან (თუ გამოუვალი მდგომარეობა არ იქმნებოდა) ვცდილობდი მათ გარეშე მომეგვარებინა რიგი პრობლემები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს შენი უფროსების უპატივცემულობას, პირიქით, დიდი ნაბიჯია საკუთარი პროფესიონალური ზრდისა და კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავების პროცესში. იმავეს ვასწავლი ყოველთვის ჩემთან დასაქმებულ ადამიანებს. მე მინდა, ისინი დამოუკიდებელი პერსონებად, პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბდნენ. ვცდილობ, არასოდეს გამომეპაროს პოტენციალი მათში, ვისაც ეს ნამდვილად აქვს. მიეცი ნიჭს და ახალგაზრდობას განვითარების ფართო გზა, ეს ცნობილი აფორიზმის ჩემეული ვერსიაა და ვცდილობ, ღირსეულად შევასრულო ყოველთვის.

ინსპირაცია ახალი იდეების აღმოსაჩენად...

„მე ვმოგზაურობ, მაშასადამე, მე ვცხოვრობ“.

ჩემთვის მოგზაურობა არის თავგადასავალი, განათლება, გამოწვევა, ინსპირაცია და მოგონებები. ყოველი ახალი ქალაქი, ახალი ისტორიაა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, და თითქოს თავისთავად შევკრიბე უზარმაზარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ესმით სხვადასხვა ქვეყანაში სერვისის მნიშვნელობა, როგორი ხარისხით ცდილობენ ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ადამიანებისთვის და საერთოდ, როგორია სხვადასხვა „კულტურის“ თვალით დანახული სტუმართმოყვარეობა.

გულისყურით ვაკვირდები ხოლმე თითოეულ დეტალს სასტუმროებსა და რესტორნებში, უბრალო ქუჩის მაღაზიებსა და ვიტრინებთან, რადგან ნებისმიერი შემთხვევითი წვრილმანი შესაძლოა გახდეს შთაგონება ჩემს ქვეყანაში დასანერგი ინოვაციისთვის. ამ მხრივ ციფრები არასოდეს ყოფილა ჩემთვის საინტერესო, მაგრამ დაჟინებით თუ ვკითხავ გონებას, ჯამში 70ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ქალაქი მაქვს ნანახი, მათ შორის სკანდინავიური, ამერიკული და უმეტესად, ევროპული ქვეყნებიდან.

თურქეთი ჩემთვის ცალსახა ფავორიტია, სწორედ ჩემი პროფესიისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეს ის ქვეყანაა, რომელიც მომსახურების დონის, მუშაობის სტილისა და ადამიანების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ნიშნულით, სამაგალითოა დანარჩენი მსოფლიოსთვის. საქართველოში კი ვოცნებობ, რომ მალე ტურისტულ რუკაზე ადგილის გაზრდასთან ერთად, სერვისის იგივე სტანდარტები შეგვექმნას უახლოეს მომავალში. ეს ის საყოველთაო ოცნებაა, რომლის ახდენაში მეც უზარმაზარ როლს ვაკისრებ საკუთარ თავსაც.

ზევით