ჩვეული წვიმა ლონდონს, ალბათ ახლა ისე უხდება, როგორც არასდროს

| ზურა თორია |

დედოფალმა ელისაბედმა დღეს ბოლოჯერ იმსახურა ბრიტანელი ხალხისთვის, შემდეგ კი, დამახასიათებელი სიმშვიდით დატოვა ტახტი და სხვა სამყაროში გადავიდა.

queen elisabeth II

ალბათ, ელისაბედი იყო ბოლო, ვისაც სიტყვა დედოფალი ყველაზე მეტად შეეფერებოდა. 

უინძორთა დინასტიისთვის 1926 წლის 21 აპრილი შესაძლოა ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო, რომ არა ერთი განსაკუთრებული შემთხვევა. ამ დროს ქვეყანას პატარა ლილიბეთი მოევლინა, ასე უწოდებდა თავად ელისაბედი საკუთარ თავს, როდესაც მცირეწლოვანი იყო. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა მეამბოხე გოგონა, რომელიც სულაც არ ჰგავდა პრინცესას, ასე მშვიდი და გაწონასწორებული დედოფლის ხატს შექმნიდა.

დედოფალი ელისაბედი

იგი მუდამ ხალხის სამსახურში იყო და უამრავ პროფესიასა თუ ხელსაქმეში გამოცადა თავი. ცდილობდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო ხალხი. მისი ხასიათი განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს, 13 წლის ასაკში ხალხს რადიოთი მიმართა, რომ არმია ყველაფერს გააკეთებდა ფაშისტური ბლოკის შეტევის მოსაგერიებლად.

ალბათ, ახლა წარსულს ჩაბარდება რომანტიზებული მონარქია, რომელსაც ასე ორგანულად განასახიერებდა ელისაბედ მეორე. იგი იყო უკანასკნელი, ვისი აღქმაც შეიძლებოდა ისეთ მონარქად, როგორებადაც შუა საუკუნეების მმართველები წარმოგვედგინა. ალბათ, იგი იყო ბოლო, ვისაც სიტყვა დედოფალი ყველაზე მეტად შეეფერებოდა. 

ელისაბედ 2

ზედმიწევნით დაცული ეტიკეტი, თანამედროვეობაში მოდერნიზებული ბუნებრივი არისტოკრატიზმი და სიმშვიდე, მისი ხასიათის განუყოფელი ნაწილები იყო. იგი ყოველთვის ამოუცნობად რჩებოდა საზოგადოებისთვის, მიუხედავად იმისა,რომ არასოდეს იყო ხალხისგან შორს. ყოველ დღე, თუნდაც პასიურობით, ახერხებდა იმას, რომ მუდმივად ყოფილიყო ჟურნალ-გაზეთების და სატელევიზიო შოუების ტოპ სიახლეებში და ამის მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ მისი სტატუსი, ამის მიზეზი თავად ელისაბედ მეორეა - მისი პერსონა, იმიჯი და ხატი, რომელიც თავად შექმნა დროსთან ერთად, დროსთან, რომელშიც ეპოქალური ცვლილებები მოხდა; დღეს კი, კიდევ ერთი ეპოქის კარი თავად მანვე გამოიხურა.

ისტორიის სახელმძღვანელოებში დაიწერება - დედოფალი ელისაბედი, მთელი რიგი რეგალიები და ბოლოში თარიღი 1926-2022. ამ პერიოდში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, დაინგრა საბჭოთა კავშირი, შეიქმნა ნატო, ევროკავშირი და სხვა მსხვილი გაერთიანება. პირველი ადამიანები გაფრინდნენ მარსზე, ბრიტანეთი შევიდა და გამოვიდა ევროკავშირიდან, კოვიდ პანდემიამ მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, ელისაბედ II კი 1952 წლიდან ამ მოვლენათა ეპიცენტრში იყო. 

ელისაბედ II

ბევრი დაიწერება დედოფალზე, ბაცი ვარდისფერი ტონების მოყვარულ ქალბატონზე, შანელის ჩანთების უდიდეს თაყვანისმცემელზე, სტილსა და მის ცხოვრებაზე. ალბათ, მისი დიდებულების ერთი მხარეც სწორედ ის არის, რომ მასზე წერა და საუბარი მარტივი არ არის შესაძლოა მარტივია ისტორიულ კონტექსტში, რადგან ეს ერთი დიდი გადაშლილი წიგნია, თუმცა დედოფლის პერსონა დარჩება, როგორც ამოუცნობი და სულ იქნება მითქმა-მოთქმა თუ როგორი იყო სინამდვილეში ელისაბედ მეორე უინძორი ტახტზე და მის მიღმა.

ზევით