#საზოგადოება

ავღანეთში ქალების თავისუფლების განმსაზღვრელი უკანასკნელი სივრცეც გაქრა

გაზიარება:

4 ივლისს, ავღანეთში, რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა სილამაზის სალონის დახურვის ბრძანება გასცა. მორალის პოლიციამ სალონებს 1 თვე მისცა, დასახურად. გადაწყვეტილებას მოჰყვა პროტესტიც, თუმცა წინააღმდეგობის ტალღა ხანმოკლე აღმოჩნდა, თალიბანმა დემონსტრაციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ისმოდა იარაღის ჰაერში გასროლის ხმაც.

2021 წლის აგვისტოში, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც თალიბანი გოგონებისა და ქალების უფლებებს რადიკალურად ზღუდავს. ექსტრემისტული ხელისუფლება სრულად არის ფოკუსირებული ქალების საჯარო სივრციდან გაქრობით, შეზღუდვები ჰიჯაბის ტარების ვალდებულებიდან დაიწყო და გავრცელდა როგორც განათლების, აგრეთვე სიტყვის თავისუფლების და ქუჩაში მარტო გასეირნების უფლებებზეც კი. 

2 წლის წინ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, სალონების ქსელების ნაწილი დახურული ფანჯრებით და სახეწაშლილი ფოტოებით აგრძელებდა ფუნქციონირებას, თუმცა მათ ახლა ამის უფლებაც აღარ აქვთ. 

სილამაზის სალონები კონსერვატიულ ავღანეთში პოპულარული გახდა 2001 წელს, თალიბანის წინა რეჟიმის დაცემის შემდეგ. ხუთწლიანი შეზღუდვების შემდეგ, ქალები ამ სალონებში მიდიოდნენ მასაჟის, მანიკურის, თმისა და მაკიაჟის გასაკეთებლად. ქვეყანაში დაახლოებით 12000 სილამაზის სალონი იყო, მათგან დაახლოებით 3000 მხოლოდ დედაქალაქში ქაბულში. ავღანელი გოგონა იალდა, ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში სალონს 2005 წლიდან ამუშავებდა. იალდამ, რომლის გვარიც, მისივე უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროებულა საკუთარი ისტორია ასიათასობით ადამიანს გაუზიარა.

„ეს იყო ყველაზე ტრაგიკული მომენტი ჩემს ცხოვრებაში... მათ ავღანელ გოგონებს  წაართვეს კალამი, ამის შემდეგ ქალებს წაართვეს საოფისე სამუშაო. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო პროფესია, სადაც ჩვენ შეგვეძლო საარსებო წყაროს გამომუშავება“ - ამბობს იალდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იალდას ცხოვრებაზე გავლენას ახდენს თალიბანის წესები: ის მეოთხე კლასში იყო, როდესაც მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა 1990-იანი წლების შუა ხანებში. შედეგად, მისი განათლება შეფერხდა ხუთი წლით, ხოლო თალიბანის ხელმძღვანელობამ აკრძალა გოგონათა სკოლები. ამჯერად იალდა, ოთხი შვილის მარტოხელა დედაა - მისი ქმარი 15 წლის წინ გარდაიცვალა - მომავალს სალონის გარეშე ვერ ხედავს. „თუ ვერ შევძლებ ამ ბიზნესის გაგრძელება, იძულებული ვიქნები ქვეყანა დავტოვო“ - ამბობს ის.

„თუ მათ აქვთ ასეთი პრობლემა ქალებთან, უნდა შეგვაგროვონ ყველა ერთ ადგილზე და დაგვბომბონ, რომ დავიღუპოთ“.

 „ეს არის ადგილი, სადაც ქალები იკრიბებიან სტრესის მოსახსნელად და რელაქსაციისთვის“ - ამბობს იალდას ერთ-ერთი მომხმარებელი ტაიბა, რომელიც სალონს იმ იშვიათი გამონაკლისი შემთხვევისთვის - ქორწილისთვის ესტუმრა, როდესაც ქვეყანაში ქალებს სადღესასწაულოდ გამოწყობა შეუძლიათ.

ავღანეთში, სალონების შემოსავლის მთავარ წყაროს სწორედ საქორწინო სამზადისი წარმოადგენდა. ყველაზე ძვირადღირებულ სერვისად სალონებში პატარძლის მაკიაჟი იყო მიჩნეული, რომელიც დაახლოებით $230 ჯდებოდა. ეს ასევე გახლავთ ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც ავღანეთის ხელისუფლება სალონების დახურვის მიზეზად ასახელებს, მათი მოსაზრებით, სალონებში მომსახურება ზედმეტად ძვირია, მისი გადახდა კი ქორწილის დროს მეჯვარეებს მძიმე ტვირთად აწვებათ. დახურვის სხვა მიზეზებიც არსებობს, მათ შორის ისიც, რომ სალონების მიერ მოწოდებული ზოგიერთი სერვისი ისლამში აკრძალულია.

35 წლის ლატიფას ამ ბიზნესში 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ახლახანს მან საკუთარი სალონი უფრო პატარა და ბიუჯეტურ ლოკაციაზე გადაიტანა. შეზღუდვების დაწესებამდე ლაფიტა როგორღაც ახერხებდა დღეში $117 გამომუშავებას, თუმცა ისიც, როგორც იალდა იძულებული გახდა საკუთარი სალონი დაეკეტა. როგორც სალონის მფლობელები აცხადებენ, მათთვის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში სახლში ჩუმად მუშაობის გაგრძელებაა.

 „ჩვენ არ გვაქვს დიდი იმედი, სკოლები და უნივერსიტეტები ხომ ჯერაც არ გახსნილა. ახლა მხოლოდ სასწაულის იმედად ვართ“ - ამბობს ლაფიტა.

წყარო: Marie Claire 

ზევით