#პოლიტიკა #საზოგადოება

ავღანელი ქალის წერილი ქაბულიდან: „მომიწევს დავწვა ყველაფერი, რასაც მივაღწიე“

გაზიარება:

კვირა დილა იყო, უნივერსიტეტისკენ ლექციაზე მივდიოდი, როდესაც ქალთა ჯგუფი შემომხვდა საერთო საცხოვრებლიდან. ვკითხე მათ რა ხდებოდა, მათ კი მიპასუხეს, რომ პოლიცია მათ ევაკუაციას ახორციელებდა, რადგან თალიბები ქაბულში შემოვიდნენ და ისინი ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ყველა ქალს, რომელსაც ბურქა არ ეცმეოდა.

ჩვენ, ყველას, მხოლოდ სახლში წასვლა გვსურდა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება არ შეგვეძლო. მძღოლებს არ სურდათ ჩვენი დამგზავრება და ქალის მანქანით გადაადგილების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. საერთო საცხოვრებელში მყოფი ქალებისთვის ბევრად რთული სიტუაცია იყო, რადგან ისინი ქაბულის გარეუბნებიდან იყვნენ ჩამოსულები და ძალიან დაბნეულები და შეშინებულები იყვნენ, რადგან არ იცოდნენ სად უნდა გაეთენებინათ ღამე.

ამასობაში, ჩვენ ირგვლივ მყოფი კაცები დასცინოდნენ გოგოებს და ქალებს, დასცინოდნენ ჩვენს ტერორს: „წადი და ბურქა ჩაიცვი" დაიძახა ერთ-ერთმა. „ეს შენი უკანასკნელი დღეა ამ ქუჩებში" თქვა მეორემ, „ერთ დღეს ოთხ თქვენგანზე დავქორწინდები" წამოიძახა მესამემ.

სამთავრობო ოფისების დაკეტვის შემდეგ, ჩემმა დამ კილომეტრები ირბინა, რათა სახლში მიეღწია. „ჩემი კომპიუტერი დავხურე, რომელიც ჩემს ხალხსა და საზოგადოებას ოთხი წლის განმავლობაში ემსახურებოდა" - მითხრა მან, „ჩემი სამუშაო მაგიდა ცრემლიანი თვალებით დავტოვე, კოლეგებს დავემშვიდობე, ვიცოდი, ეს ჩემი სამსახურის უკანასკნელი დღე იყო".

თითქმის ერთდროულად დავასრულე ავღანეთის ორი საუკეთესო უნივერსიტეტის კურსი. ამერიკული უნივერსიტეტის გამოსაშვები დღე ნოემბერში უნდა მქონოდა, თუმცა ამ დილას ყველაფერმა თვალწინ გამიელვა.

დღისით თუ ღამით, ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ დღეს ის ადამიანი ვყოფილიყავი ვინც ვარ, დღეს კი როდესაც სახლში მივაღწიე, პირველი რაც გავაკეთე ჩემი და ჩემი დების ID ბარათები, დიპლომები და სერთიფიკატები გადავმალე. ეს გამანადგურებელი იყო, რატომ უნდა ვმალავდეთ იმ ნივთებს, რომელთა გამოც უნდა ვამაყობდეთ? დღეის შემდეგ ავღანეთში ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ადამიანები.

როგორც ქალს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იმ პოლიტიკური ომის მსხვერპლი გავხდი, რომელიც კაცებმა წამოიწყეს. ვგრძნობ, რომ აღარ შემეძლება ხმამაღლა სიცილი, საყვარელი მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან საყვარელ კაფეში შეხვედრა, ვეღარასოდეს ჩავიცვამ ჩემს საყვარელ ყვითელ კაბას ვარდისფერ ტუჩსაცხთან ერთად. ამიერიდან, მე ვეღარ წავალ სამსახურში და ვერც იმ უნივერსიტეტის ხარისხს ავიღებ, რომლისთვისაც ამდენი წელი ვშრომობდი.

ფრჩხილების გალამაზება მიყვარდა, დღეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩემს სალონს ჩავუარე და დავინახე თუ როგორ გაათეთრეს სალონის კედლები ერთ ღამეში, რომელზეც ლამაზი გოგოები იყვნენ გამოსახული.

ირგვლივ მხოლოდ ქალების შეშინებულ სახეებს და იმ მამაკაცების მახინჯს სახეებს ვხედავ, რომლებსაც ქალები სძულთ, რომლებსაც არ სურთ, რომ ქალებმა მიიღონ განათლება, იმუშაონ და ჰქონდეთ თავისუფლება. ყველაზე გამანადგურებელი ჩემთვის იმ კაცების დანახვა იყო, რომლებიც ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ქალებს ხმამაღლა დასცინოდნენ. ჩვენ გვერდში დგომის ნაცვლად, მათ თალიბების მხარე აირჩიეს და ამით, ისინი კიდევ უფრო გააძლიერეს.

ავღანელმა ქალებმა ძალიან ბევრი რამ გაიღეს იმისთვის, რომ ჰქონოდათ თავისუფლების პატარა ნაგლეჯი. როგორც ობოლი, მე ვქსოვდი ხალიჩებს იმისთვის, რომ განათლების მისაღებად ფული მომეგროვებინა. არა ერთხელ აღმოვჩნდი ფინანსური გამოწვევების წინაშე, თუმცა მომავლის გეგმები მქონდა და ეს მაძლიერებდა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ყველაფერი ასე დასრულებოდა.

როგორც ჩანს, ახლა, ის ყველაფერი უნდა დავწვა, რასაც 24 წლის განმავლობაში ვაგროვებდი, ნებისმიერი ID ბარათის ქონა ან სულაც ამერიკული უნივერსიტეტის ჯილდოების ფლობა ახლა სარისკოა, რომც შევინახოთ, მათ ხომ ვეღარასოდეს გამოვიყენებთ. ავღანეთში ჩვენთვის სამუშაო ადგილები აღარ არსებობს.

როდესაც პროვინციები ერთმანეთის მიყოლებით დაიშალა, მე ჯერ კიდევ ჩემს გოგოურ ოცნებებზე ვფიქრობდი. მახსოვს, როგორ გვიყვებოდა დედა მე და ჩემს დებს თალიბების მმართველობის და იმ სისასტიკის შესახებ, რომელსაც ისინი ქალების მიმართ იჩენდნენ.  არასოდეს წარმომედგინა, რომ 20 წლის წინანდელ წარსულში დავბრუნდებოდით. 20 წელი ხომ ჩვენი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, ახლა კი ჩვენი იდენტობა ბურქას მიღმა უნდა დავმალოთ.

დღეს, მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ თალიბებმა ქაბულში შემოაღწიეს, ვიგრძენი, რომ მონად ვიქცევი, მათ ხომ ჩემი ცხოვრებით თამაში ისე შეეძლებათ, როგორც ამას მოინდომებენ. 

ინგლისურის ცენტრში მასწავლებლად ვმუშაობდი, ვერ ვიტან იმ აზრს, რომ აღარ შემეძლება კლასის წინ დგომა და ABC-ის სიმღერით სწავლება. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიაზრებ, რომ ჩემი ლამაზი პატარა გოგოები განათლებას ვეღარ მიიღებენ, ცრემლები მომდის. 

ზევით