#სპორტი #Rugby

ავსტრალია V საქართველო - რას ველოდით და რა გველის წინ?

გაზიარება:

დამარცხება არავის უყვარს და სინამდვილეში ფრაზა “არა უშავს” სრული ფარსია! თუმცა მარცხი საკუთარ შეცდომებზე სწავლის ყველაზე დიდი იარაღია. დიახ, ბევრი შეცდომა გვინახავს და ზოგჯერ ვთვლით, რომ საკმარისზე მეტიც ვისწავლეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს სრული სურათი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო თასზე უკვე მე-6-დ იასპარეზა.

ავსტრალია-საქართველო, მსოფლიო თასი, world cup 2023

მამოტივირებელი შესავლის შემდეგ იმასაც შეგახსენებთ, რომ სარაგბო სამყარო საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან იმაზე გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე „სტად დე ფრანსზე“ გამართულ შეხვედრაზე ვიხილეთ.

რას ველოდით:

ქართველი მორაგბეებისგან ისეთ თამაშს ველოდით, რომელიც მატჩის ბოლო წუთებზე ვიხილეთ. თავს ვერ მოვიტყუებთ და ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრიუმფალურ გამარჯვებას ბევრი წინასწარმეტყველებდა, თუმცა მატჩის პროგნოზები გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალობა. სპორტული მედია ავსტრალიის ანგარიშს 40 ქულის ფარგლებში ითვლიდა, საქართველოს მხარეს კი 25-მდე ქულას ვარაუდობდნენ. სამწუხარო რეალობა 15 ქულაა, თუმცა…

ავსტრალია, საქართველო, შეხვედრა, 35-15

ერთგულ გულშემატკივართან ერთად, სარაგბო სამყაროც ხვდება იმას, რომ საქართველო მნიშვნელოვან ფაზაშია გადასული, შესაბამისად ბორჯღალოსნებისგან ოპონენტებზე გაცილებით მეტ მონდომებასა და რისკებს ელიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ბექა გიგაშვილის მიერ შესრულებული (პრესტიჟის) ლელო ბორჯღალოსნებმა 14 კაციანი შემადგენლობით გაიტანეს.

რას ნიშნავს ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხება?

იმას, რომ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლით და მომდევნო - პორტუგალიასთან შეხვედრაზე გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ. ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივრის სურვილი ასეთია, მოტივაციაც დიდია. ბოლოს და ბოლოს გასული სეზონის ტრიუმფალურმა გამარჯვებებმა ქართული რაგბის განვითარების რეალური პოტენციალი დაგვანახა და რაც მთავარია, რაგბის სამყაროს საქართველო “საშიში” მეტოქის სტატუსით წარუდგინა.

ავსტრალია, საქართველო, რაგბი, მსოფლიო თასი

მეორე ტაიმის მიწურულს შექმნილი მომენტებით ცხადი ხდება, რომ სწორი მიდგომითა და ტაქტიკით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წლევანდელ მსოფლიო თასზე წარმატების მოპოვების რეალური პოტენციალი აქვს. ამას ადასტურებს სპორტული მედიაც. ორი დადებული ლელოს გარდა, თამაშის ბოლოს ბორჯღალოსნებმა რამდენიმე დაძაბული მომენტის შექმნა შეძლეს. 

რაგბი, ავსტრალია-საქართველო, 2023, მსოფლიო თასი, თამაში

რა გველის წინ?

ლევან მაისაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი 23 სექტემბერს, ტულუზში, პორტუგალიის ნაკრებთან გაიმართება (თბილისის დროით 16:00 საათზე). ამ მეტოქესთან ბორჯღალოსნების შანსები გაცილებით დიდია, თუმცა მსოფლიო თასზე პორტუგალიის ნაკრების მოტივაციას თუ გავითვალისწინებთ, წინ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გველოდება.

ზევით