ანჯელინა ჯოლი, ლვოვი, კრუასანი და მშვიდობა

უკრაინის დასავლეთით, პოლონეთთან ახლოს მდებარე ქალაქ ლვოვში ჩვეულებრივი შაბათი დღე იდგა, თუ კი შეიძლება მას ჩვეულებრივი დავარქვათ; 66-ე დღეა უკრაინის ქალაქებში სროლისა და განგაშის ხმები მონაცვლეობენ, თუმცა, ამ 66-ე დღიდან მართლაც რომ არაფრით გამორჩეული დღე იყო 30 აპრილი. ქალაქში უჩვეულო რამ მაინც ხდებოდა, ლვოვში უბნის ერთ-ერთ კაფეს ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კრუასანისთვის სტუმრობდა. კრუასანი და მშვიდობა, ასე დავარქმევდი ანჯელინა ჯოლისა და ლვოვის მოსახლეობის ცხოვრების ამ თავს. 

თითქოს უკეთესი ადგილი კრუასანისთვის, მსოფლიოში აღიარებული პარიზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეც და თქვენც კარგად ვიცით, თუ რატომ ეწვია გაეროს მშვიდობის ელჩი უკრაინას. ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის გუბერნატორის მაქსიმ კოზიცკის თქმით, ჯოლი აქ დევნილებთან შესახვედრად ჩამოვიდა და ეს ყველასთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. ვიდეო მასალას საკუთარ FB გვერდზე ჟურნალისტი მაია პიდგოროდეცკა აქვეყნებს. 

როგორც ირკვევა, ანჯელინა ჯოლი უკრაინას თავისი პირადი გადაწყვეტილებით ეწვია და  ეს არ იყო გაეროს მიერ დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი. ეს ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა The Washington Post-ს ელექტრონული ფოსტით დაუდასტურდა.

მსახიობის სპიკერმა NBC News-სთან საუბარში განაცხადა, რომ ჯოლი აღფრთოვანებულია უკრაინის გამძლეობით, გამბედაობითა და ღირსებით და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად პირადი სურვილით ჩავიდა.

 „არცერთ ბავშვს არ უნდა მოუწიოს საკუთარი სახლიდან გაქცევა, ან მოწმე გახდეს საყვარელი ადამიანების მკვლელობის, დაბომბვისა და სახლის დანგრევის. თუმცა, ეს უკრაინელი ბავშვების რეალობაა დღეს“, - ანჯელინა ჯოლი. 

ლვოვში ვიზიტის დროს ანჯელინა ჯოლი იმ საავადმყოფოს ეწვია, სადაც კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს მკურნალობენენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ასევე სკოლასაც ეწვია და ამ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

არც იძულებით გადაადგილებული პირები გამორჩენია მშვიდობის ელჩს. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს თუ როგორ ვერ იკავებს ჯოლი ცრემლებს, ვინ იცის რა საზარელი ისტორია გადატყდა იმ პირს, რომელიც მსახიობს რაღაც ამბავს უზიარებს.

ჯოლი ერთ-ერთი პირველი იყო ჰოლივუდიდან, ვინც უკრაინას მხარდაჭერა დაუყოვნებლივ გამოუცხადა. მსახიობმა ინსტაგრამზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ბავშვები გადაიხდიან ყველაზე მაღალ საფასურს“ ამ ომში. "როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის", - წერდა ჯოლი თებერვალში.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსახიობი 2011 წლიდან ლტოლვილთა საკითხებში UNHCR-ის სპეციალური წარმომადგენელია. UN-ში 46 წლის მსახიობის ძირითადი მიმართულებებია მსხვილი კრიზისები, რაც იწვევს მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას. ანჯელინა აქტიურად არის ჩართული ისეთი პროცესებში, რაც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობას.

ზევით