ალიონა შიშიგინა Nail Bar #1-ის შექმნისა და განვითარების ისტორიას გვიამბობს

გაზიარება:

დღეს სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სექტორია საქართველოში, რომელსაც ასიათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთული საქმეა. კიდევ უფრო რთულია იყო #1 შენს საქმეში და ეს სტატუსი ძალიან დიდი ხნით ამაყად შეინარჩუნო. დღეს, პირველობისთვის შექმნილი ფრჩხილის სალონის Nail Bar #1-ის შესახებ უნდა გიამბოთ, რომლის ისტორია 2015 წელს იწყება და 6 წლის შემდეგ ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტის მომსახურებასთან ასოცირდება.

ალიონა შიშიგინა Nail Bar #1-ის სულის ჩამდგმელი და მისი მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც შეძლო და ქვეყანაში ახალი სიტყვა, ახალი გამოცდილება და სტანდარტი შექმნა, ყოველი მომდევნო დღე კი წინსვლასა და პროგრესს დაუთმო. როგორ შეიქმნა და ვითარდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი სილამაზის ინდუსტრიაში, ამას თავად ალიონასგან შევიტყობთ.

როგორ და როდის დაიწყო Nail Bar #1-ის ისტორია?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2015 წლის დადგომისთანავე ჩემს ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. აქ ჩამოსვლის შემდეგ მუდმივად ვეძებდი მაღალი დონის ფრჩხილების სალონს, ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს პროცესი და იმ დროისთვის, საკმაოდ ტრენდული ნახევარმთვარის დიზაინის დატანა მსურდა ფრჩხილებზე. თუმცა, დიდხნიანი ძებნის შემდეგ, ვერაფერს ხელმოსაჭიდს ვერ მივაგენი.

სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ გამეხსნა ფრჩხილის სალონი, რომელიც დასავლურ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებდა და პროფესიონალი სპეციალისტებითაც იქნებოდა დაკომპლექტებული. იდეის გაჩენისთანავე მე და ჩემმა მეუღლემ მოვძებნეთ ფართი, შევუდექით მის რემონტს და სულ რამდენიმე თვეში 2015 წლის 10 ოქტომბერს, Nail Bar #1-ის პირველი ფილიალიც გავხსენით.

რატომ Nail Bar #1?

ჩვენი სალონის დასახელება თავისით მოვიდა. თავდაპირველად მხოლოდ Nail Bar-ის დარქმევა გვინდოდა, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში უკვე იყო ამ სახელწოდებით სალონი. იმისთვის, რომ ყოველგვარი გაუგებრობა აგვერიდებინა თავიდან, სახელწოდებას #1 შევმატეთ და შეიძლება ითქვას, რომ ამან გაამართლა.

რთულია #1-ის პოზიციის შენარჩუნება?

ნამდვილად ძალიან რთულია. უნდა იყო ინოვაციური, მუდმივად ტრენდული და განვითარებაზე ორიენტირებული. მხოლოდ იმ ფაქტით თუ დაკმაყოფილდები, რომ დღეს საუკეთესო სალონის ქსელი ხარ ქვეყნის მასშტაბით და პროგრესს არ განიცდი, აუცილებლად აღმოჩნდება სხვა შენზე მონდომებული და შრომისმოყვარე და ამ პოზიციას შენ ნაცვლად დაიკავებს.

დიდი დრო და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ჯერ გახდე, შემდეგ კი შეინარჩუნო #1-ის სტატუსი. მე ხშირად ვსტუმრობ ჩემს სალონს - არა როგორც მეპატრონე, არამედ როგორც მომხმარებელი და ვცდილობ კრიტიკული თვალით შევაფასო თითოეული დეტალი და თუ არსებობს რამე ხარვეზი, აუცილებლად ვიზრუნო მის გამოსწორებაზე.

რა არის თქვენი ბრენდის კონცეფცია?

როდესაც Nail Bar #1 შეიქმნა, ჩვენი ნიშა მრავალფეროვანი გელ-ლაქები გახდა. მათი ღირებულებიდან გამომდინარე, იმ პერიოდში არავინ მუშაობდა ამ კუთხით, მოთხოვნა კი ძალიან დიდი იყო. ჩვენ შევძელით და გელ-ლაქების ტექნიკა წარმატებით დავნერგეთ ქართულ ბაზარზე. ამავდროულად, მოვახერხეთ ისიც, რომ ეს დიზაინი კარდინალურად განსხვავებული არ ყოფილიყო ჩვეულებრივი მანიკურის ღირებულებისგან, რაც მას მეტად ხელმისაწვდომსა და პრაქტიკულს ხდიდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მყუდრო, სასიამოვნო განწყობის შექმნაც ჩვენი სტუმრებისთვის. მომხმარებელს Nail Bar #1-ში მოსვლისას თავი მშვიდად უნდა ეგრძნო. ეს კი მაღალი ხარისხის, მომსახურებისა და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს შექმნით მარტივად მოვახერხეთ.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა Nail Bar #1 და არა სხვა ფრჩხილის სალონი?

მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება აქვს, თუმცა მე ჩვენს უპირატესობებზე გესაუბრებით: პირველი ეს არის სტერილიზაციის პროცესი. ამ საფეხურს გახსნის დღიდან უდიდეს ყურადღებას ვანიჭებთ და ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი თითოეული სტუმარი იყოს მშვიდად და უსაფრთხოდ.

მეორე ეს არის მომსახურების ხარისხი: ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ვითარდებიან, იძენენ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და ყოველთვის კარგად იციან რა არის სასურველი და მოთხოვნადი ამ პერიოდში.

მესამე ეს გახლავთ ჩვენი სალონის სტუმართმოყვარე ატმოსფერო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები.

რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ფრჩხილის სალონის მართვა?

როდესაც მომსახურების სფეროს მართვას იღებ საკუთარ თავზე, უნდა გააცნობიერო, რომ შენ მთლიანად იმ ადამიანებზე ხარ დამოკიდებული, რომლებიც შენი გუნდის წევრები არიან. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ერთი ჯაჭვის ნაწილი ვართ. ის, თუ როგორ წარმოვაჩენთ თავს ჩვენს მომხმარებელთან, პირდაპირ აისახება მათ განწყობაზე ჩვენ მიმართ.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნა, რომლებსაც მომხმარებელთან ურთიერთობის ნორმები ეცოდინებოდათ რაღაც ეტაპზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა, მისი გადაჭრა მარტივად მოვახერხეთ - ჩვენ თავად შევქმენით სკოლა ფრჩხილის სპეციალისტებისთვის და საგულდაგულოდ ვიზრუნეთ მათ მომზადებაზე.

ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნა იყო. ამის შემდეგ მათი შენარჩუნების საკითხი იდგა. საბოლოოდ კი ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა პროდუქციის მოწოდების გეგმა, რადგან ჩვენ ვერ დაველოდებოდით ამა თუ იმ პროდუქტის მარაგის ამოწურვას, აუცილებლად უნდა გვქონოდა საკმარისი რაოდენობა დანაკლისის შესავსებად.

როგორ მოვუაროთ ხელებს და ფრჩხილებს ზამთრის სეზონზე?

არსებობს ორი მთავარი პრაქტიკა: სალონური მოვლა და ტერფების სილამაზეზე ზრუნვა სახლის პირობებში. ყველაზე ეფექტური მაინც მათი კომბინაციაა. გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის სეზონზე კანი მეტად შრება, ის კარგ დატენიანებას მოითხოვს, Nail Bar #1-ში გვაქვს სპეციალური სპა პროცედურები ტერფებისთვის, რომლებიც ჯადოსნურ შედეგს იძლევიან. რაც შეეხება სახლის პირობებში მოვლას, გირჩევთ, საწოლის გვერდით აუცილებლად იქონიოთ დამატენიანებელი კრემი და ყოველ ღამე ძილის წინ ხელებსა და ფეხებზე საგულდაგულოდ იზრუნოთ.

საახალწლო ფრჩხილის დიზაინებზე რას გვეტყვით, რა არის ყველაზე ტრენდული ამ სეზონზე?

საქართველოში, ტრენდთა სათავეში ყოველთვის მინიმალიზმია, ერთ ფერებში გადაწყვეტილი დიზაინები და ნამდვილი კლასიკა - ფრენჩი. თუმცა, სადღესასწაულო სეზონი ამ სტილში მბზინავი დეტალების შეტანასაც მოიაზრებს. ბრჭყვიალა თვალისმომჭრელი დიზაინები ახლა ყველაზე მოთხოვნადია.

როგორი გამოიყურება Nail Bar #1-ის სამომავლო გეგმები?

გეგმა ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ მსოფლიო პანდემიის ფონზე იდეის გაჩენისთანავე, უამრავი დაბრკოლება წარმოიქმნება. ჩვენი მთავარი ორიენტირი მაინც განვითარებაა და საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლაც აქტიურად განიხილება. თუმცა, როდის მოვახერხებთ ამ იდეის განხორციელებას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ზევით