#WOMEN POWER

8 ქალი, რომელმაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა

გაზიარება:

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. ეს გახლდათ დოკუმენტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შეიცავდა საყოველთაობის პრინციპით განმტკიცებულ და ინდივიდუალურ კონტექსტში მოაზრებულ ადამიანის უფლებებს. მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შიშით შეპყრობილმა საზოგადოებამ მომავალში, წინ გაიხედა და გადადგა ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ხედვებს უსწრებდა წინ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დღეისთვის 360 ენაზეა თარგმნილი. დეკლარაცია გახდა არა ერთი ქვეყნისთვის მთავარი კრიტერიუმი და საზომი იმისა, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ ადამიანის უფლებები დადებით და უარყოფით ჭრილში. 

ისტორიული დოკუმენტის შექმნის პროცესში, ელეონორ რუზველტის წამყვანი როლი, მისი თავდადება და ბრძოლა საყოველთაო უფლებებისთვის, ბევრი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ამბავია. მაგრამ, გსმენიათ ელეონორის გარდა იმ ქალების შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას?

ელეონორ რუზველტი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი (1933-1945), 1946 წელს მოქმედმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დელეგატად დანიშნა. ელეონორი გახლდათ ადამიანის უფლებათა კონვცენციის პირველი თავმჯდომარე და მისი როლი საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებაში უბრალოდ ფასდაუდებელია. 

1968 წელს, გარდაცვალების შემდეგ ელეონორს გაეროს ადამიანის უფლებათა პრემია მიენიჭა.

ჰანსა მეჰტა

ინდოელი ჰანსა მეჰტა, ერთადერთი სხვა ქვეყნის დელეგატი ქალი გახლდათ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში. ინდოეთში და მის ფარგლებს გარეთ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ჰანსას დამსახურებაა ის ფაქტი, რომ All men are born free and equal ჩანაცვლდა ფრაზით All human beings are born free and equal - ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი.

მინერვა ბერნარდინო

მინერვა ბერნარდინომ, დიპლომატმა და ფემინისტმა დომენიკის რესპუბლიკიდან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ ჩართვაში.

სხვა ლათინოამერიკელ ქალებთან ერთად (ბრაზილიელი ბერტა ლუცი და ურუგვაელი იზაბელ დე ვიდალი) მინერვას აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ქალთა უფლებებისა და სქესზე დაფუძნებული არადისკრიმინაციული ჩართვის ადვოკატირების პროცესში. მინერვას და მისი თანამოაზრე ქალთა ბრძოლა დასრულდა პირველი საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც 1945 წლიდან აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებს.

ბეგუმ შაისტა იკრამულა

გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტს სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებზე, ბეგუმ შაისტა იკრამულა პაკისტანის დელეგატის ამპლუაში ესწრებოდა. 1948 წელს 81 შეხვედრა გაიმართა ადამიანის საყოველთაო უფლებების დეკლარაციის პროექტის განხილვისას და ამ შეხვედრების განმავლობაში ბეგუში აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფლების, თანასწორობისა და არჩევანის უფლებების შეტანას დეკლარაციაში.

ბოდილ ბეგტრუპი

1946 წელს ქალთა სტატუსის ქვეკომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1947 წელს ქალთა სტატუსის კომისიის თავმჯდომარე ბოდილ ბეგტრუპი საყოველთაო დეკლარაციაში all men-ის განმარტების ჩანაცვლებას სიტყვებით all და everyone ითხოვდა. ბოდილმა 26-ე მუხლში, უმცირესობების უფლებების ჩართვა და მათთვის განათლების მიღების უფლებაც დააყენა დღის წესრიგში, თუმცა იმ დროისთვის ბეგტრუპის იდეები საკამათო აღმოჩნდა.

მარი-ჰელენ ლეფოში

1948 წელს ქალთა სტატუსის კომისიის თავმჯდომარემ, მარი-ჰელენ ლეფოშმა საფრანგეთიდან, მე-2 მუხლში სქესის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვის ხსენებას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით ეს მუხლი შემდეგნაირად ჩაიწერა დეკლარაციაში: ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა. სახელდობრ: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

ევდოკია ურალოვა

1947 წელს, ევდოკია ურალოვა ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან ადამიანის უფლებათა კომისიის ქალთა სტატუსის კომისიის მომხსენებელი გახლდათ. ევდოკია მკაცრად მოითხოვდა ქალთა თანაბარი ანაზღაურების ხაზგასმას დეკლარაციაში. სწორედ მისი დამსახურებაა 23-ე მუხლის შემდეგნაირი ინტერპრეტაცია: ყველას აქვს უფლება შესაბამისი ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ლაქშმი მენონი

1948 წელს, გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტში ინდოეთის დელეგატი ლაქშმი მენონი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „კოლონიური რელატივიზმის“ კონცეფციას, რომელიც ცდილობდა ადამიანთა უფლებების უარყოფას კოლონიური მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. ლაქშმის თქმით, თუ კოლონიალური მმართველობის ქვეშ მყოფი ადამიანები ცალსახად არ იქნებოდნენ ნახსენები საყოველთაო დეკლარაციაში, ის არ ჩაითვლებოდა „ყველას“ დეკლარაციად.

ზევით