რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
“ეს არ არის ისტორია მტყუანსა და მართალზე. არც გეოპოლიტიკური წიაღსვლაა. საქართველოში და მსოფლიოში მილიონობით დევნილია. მათი ხმა არ ისმის. დროა ვისაუბროთ ამ ადამიანების ომის შემდგომ გამოცდილებაზე” - ამ სიტყვებით იწყება პირველი ქართული გრაფიკული ნოველა, იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, რომელიც, ყოველთვიურად, სერიების სახით გამოიცემა და ახალ, უთქმელ, უნახავ მაგრამ, არა მივიწყებულ, ისტორიებს გაგვაცნობს.
ქართული კომიქსის პრეზენტაცია 9 აპრილს გაიმართა, გურამ საყვარელიძისა (ავტორი) და მარიამ აქუბარდიას (ილუსტრატორი) წყალობით, გრაფიკული ნოველის პირველმა ნაწილმა მზის შუქი იხილა. ახლა კი ნამუშევრის, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირების პირადი გამოცდილებისა და გამოწვევების მოყოლას, მეორე ნაწილი უკვე მზადების პროცესშია და მკითხველს 10 მაისში შესახვედრად ემზადება.
6200 არის ხმა იმ ადამიანების, რომლებსაც ვერ მოვუსმინეთ
6200: სადღაც უსახლოდ - კომიქსების სერიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და დეტალის გასაგებად, მის ილუსტრატორს მარიამ აქუბარდიას გავესაუბრეთ:
როგორ გაჩნდა 6200-ის შექმნის იდეა?
კომიქსის შექმნის იდეა დაებადა გურამს მას შემდეგ, რაც მოისმინა მარიამისა და მისი ოჯახის გამოცდილების შესახებ აფხაზეთის ომის შემდეგ და გააცნობიერა, რომ დევნილებზე მხოლოდ ფაქტობრივი და სტატისტიკური ინფორმაცია ჰქონდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ქართული საზოგადოება ნაკლებად საუბრობს ამ საკითხზე ადამიანური, ინდივიდუალური გამოცდილების კონტექსტში.
6200-ში ბევრი მესიჯი, სიმბოლო და კოდი არის ჩადებული, რომლებიც გვსურს რომ მკითხველმა თავად აღმოაჩინოს და გაშიფროს.
ვინ არიან გრაფიკული რომანის შთაგონების წყაროები?
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იძულებით გადაადგილებულ პირებზე სოციალურ, ეკონომიკურ თუ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მთავარი - კონკრეტული ადამიანების ისტორიები. ამ დროს, ერთმანეთს სწორედ საკუთარი გამოცდილებების გაზიარებით ვუახლოვდებით, რაც ხშირად საზოგადოებრივი გამოწვევების გადაჭრის საფუძველს ქმნის.
რა არის 6200-ის მთავარი გზავნილი?
გული შეგვტკივა როდესაც ვიგებთ ენგურში დამხრჩვალ ადამიანებზე, უსახლოდ დარჩენილ ოჯახებზე, ნაწამებ მამებზე, გატაცებულ დედებზე, მაგრამ არაფერი ვიცით მათ ცხოვრებაზე.
ასეთი ტრაგიკული შემთხვევები იწყება და მთავრდება მდუმარებაში. ფაქტების მიღმა, არ არსებობს ისტორია. ჩვენ არ გვესმის დევნილების ხმა, რაც ხელს უწყობს უამრავი ადამიანის გარიყვას და შესაბამისად მათი გამოწვევების უგულებელყოფას.