#პოლიტიკა #საზოგადოება #WOMEN POWER

5 ქალი, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი #26მაისი

გაზიარება:

ავტორი: მარიამ გერგედავა

 

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრების 130 დეპუტატს შორის 5 ქალიც გახლდათ - მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, რომლებმაც ამ დღემდეც და მის შემდეგაც წარუშლელი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ხუთივე მათგანი ქვეყანაში დარჩა, ისინი ჩაებნენ წინააღმდეგობის ორგანიზაციებში და არალეგალურად მუშაობდნენ პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. სამწუხაროდ, მათი მეამბოხე ბუნების, შეუპოვრობისა და ქედმოუხრელობის ხვედრი მარტივი არ აღმოჩნდა, 

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძემ ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1901 წლიდან სწავლა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. მინადორა შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში. საქართველოში დაბრუნებულმა კი 1918 წლიდან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, რაც იმით დაგვირგვინდა, რომ მინადორამ ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.

კამათის დროს არავის ვუთმობდი, მაგრამ როცა კრებიდან გამოვდიოდით, ქუჩაში ბევრ რამეს ვივიწყებდი და ვცდილობდი, მტრული განწყობილება არ დამრჩენოდა მოწინააღმდეგეებთან.

1 წლის შემდეგ, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად გვევლინება სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მინადორა საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა, შემდეგ ორგანიზაციაში "არა", რის პარალელურადაც ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობასაც ეწეოდა.

1937-38 წლებში მინადორას ქმარი და შვილები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, თავად მინადორა კი მრავალგზის, წლობით გადაასახლეს, მას თბილისში დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ 1950 წელს მიეცა. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გ. უცნობია) 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე თბილისში დაიბადა, თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსების დამთავრების შემდეგ, მეუღლესთან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას ინდივიდუალური ხერხებით ეწეოდა და მოსწავლეებს სრულიად განსხვავებული მეთოდებით ასწავლიდა, ამის პარალელურად კი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც არა ერთხელ დააპატიმრეს.

1918 წელს ელეონორა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით აირჩიეს, 1919-21 წლებში ერთდროულად დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი გახლდათ, თუმცა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მისი ცხოვრება მინადორას მსგავსად შეიცვალა, ელეონორა აქტიურად ჩაერთო ანტი-საბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს. 30-იან წლებში ელეონორა თბილისში დაბრუნდა და კვლავ პედაგოგის ამპლუა მოირგო, თუმცა მალევე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამწუხაროდ, გარდაცვალების თარიღი ჩვენთვის უცნობია.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

დიდი 5-ეულის შემადგენლობაში ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის წვლილიც შეუფასებელია, ელისაბედი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახლდათ, ის გურიაში გლეხებს შორის მუშაობდა, 1907 წელს გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა ელისაბედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიიის კომიტეტის წევრად აირჩიეს, თუმცა ამავე წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ლიზა ნაკაშიძე გაძევებული იყო ამიერკავკასიის ფარგლებიდან.

ელისაბედი სამშობლოში 1917 წელს დაბრუნდა და ამავე წლის 20 მარტს  ლიზა, გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ელისაბედმაც თანაგუნდელების ბედი გაიზიარა და შეუპოვრობის და მეამბოხეობისთვის 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს. 1925 წელს უკვე მეორე დიდი გადასახლებიდან დაბრუნებული ლიზა მაინც არ შეეპუა საბჭოთა სისტემას და ეს ბრძოლა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 1937 წელს ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)

მასწავლებელი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, საიდანაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო15 წლის ასაკში გარიცხეს. ქრისტინე გახლდათ პედაგოგი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ის დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

1919 წელს ქრისტინე არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით და იმავდროულად გახლდათ ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. ქრისტინემ საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. თუმცა, რაღაც ეტაპზე მეამბოხე სულიც მიხვდა, რომ პროტესტის ამ ფორმას არ ჰქონდა ის შედეგი, რასაც ის მოელოდა, ამიტომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა სხვა გზით განაგრძო. 1931 წელს ქრისტინემ თსუ-ის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)

ადრეული წლებიდან ანა (ოლა) სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ და ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს არა ერთხელ დააპატიმრეს. 1918 წლიდან ანა მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში და ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ანა სოლოღაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა იმავდროულად საკუთარი წვლილი შეჰქონდა საზოგადოებრივ საქმიანობაში და აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1937 წელს ანა შინსახკომის "ტროიკის" გადაწყვეტილებით დააკავეს, ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე "შოვინისტური განწყობების" ბრალდებით დახვრიტეს.

 

ილუსტრაციების ავტორი: ნინი მარიხაშვილი; მირაბალდები

 
ზევით