3 ჩვევა, რომელიც ოკეანეების გადასარჩენად შეგვიძლია გამოვიმუშაოთ

გაზიარება:

დღეს მსოფლიო ოკეანეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, დედამიწის შემადგენელი 70%-ის რომელიც ურთულესი და ჯერ კიდევ ამოუცნობი ეკოსისტემით გამოირჩევა. ოკეანეებში დაახლოებით 700 ათასი სახეობის ცოცხალი არსება ცხოვრობს, რაც შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობას სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. ექსპერტების აზრით, პლანეტაზე ჟანგბადის 80 პროცენტი, სწორედ ოკეანეებიდან წარმოიქმნება.

სამწუხაროდ, გლობალური დათბობის გამო, დედამიწის მამოძრავებელი ძალა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, წყლის ტემპერატურა ზღვებში ყოველწლიურად იზრდება, რაც ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის სიკვდილს იწვევს. ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით გამოწვეული ოკეანის მჟავიანობა სერიოზულ პრობლემას უქმნის მარჯნის რიფებს, რაც იმთავითვე აისახება ოკეანეების ეკოსისტემის ბალანსზე. და დედამიწის ყოველ მოსახლეს, სულ მცირე წარმოდგენა მაინც ჰქონდეს, იმის შესახებ, თუ რა ზიანს აყენებს საკუთარი ცხოვრების წესით ამ მჭიდროდ შეკრულ სისტემას, აუცილებლად თითოეული ჩვენგანი დავიწყებდით ფიქრს იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, ამისთვის კი საწყისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

შევამციროთ თევზის მოხმარება

თუ კი Netflix-ზე დოკუმენტურ ფილმ Seaspiracy-ს უკვე შეავლეთ თვალი, მაშინ გეცოდინებათ, რომ თევზჭერა ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, ოკეანე ხომ ყოველწლიურად 2.7 ტრილიონ თევზს კარგავს. სწორედ ამიტომ, თევზის მოხმარების შემცირებით, განსაკუთრებით კი ისეთი სახეობის როგორიც თინუსია, ჩვენ ოკეანის გადარჩენის საქმეში მცირედი წვლილის შეტანა შეგვიძლია.

უარი ერთჯერად პლასტმასას

პლასტმასას შეუფასებელ ზიანზე, რომელსაც ის დედამიწას აყენებს, ალბათ ბევრჯერ წაგვიკითხავს, თუმცა გადაგვიდგამს კი ნაბიჯები რაიმეს შესაცვლელად? ერთ-ერთი პირველი რისი გაკეთებაც ოკეანისთვის და პლანეტისთვის შეგვიძლია, ეს ერთჯერად პლასტმასაზე უარის თქმაა. რასაკვირველია, ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ვერ შევცვლით, თუმცა, თუ კი დღეიდან უარს ვიტყვით პოლიეთილენის პარკის მოხმარებაზე და მას მრავალჯერადი ჩანთით შევცვლით, ცვლილებებიც გზადაგზა მოვა.

გახდით Blue Beauty მოძრაობის წევრი

სილამაზის სამყარო ოკეანეების ერთ-ერთ ვერაგ მტრად შეიძლება ჩაითვალოს, პროდუქტების შეფუთვისა და მისი მავნებლური ინგრედიენტების წყალობით, ისინი პლანეტას უდიდეს ზიანს აყენებენ.

აირჩიეთ ის კოსმეტიკისა თუ თავის მოვლის პროდუქტები, რომლებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო შეფუთვებს იყენებენ.

რა შეიძლება გავაკეთოთ? - პირველ ყოვლისა უარი ვთქვათ იმ პროდუქტების გამოყენებაზე, რომელთა შემადგენლობაშიც შედის სკვალენი - დამატენიანებელი კომპონენტი, რომელიც ზვიგენის ღვიძლისგან მიიღება, ან სულაც ოქსიბენზონი, რომელსაც ძირითადად მზისგან დამცავების შემადგენლობაში ვხვდებით და რომელიც წარმოუდგენელ ზიანს აყენებს მარჯნის რიფებს.

ზევით