#საზოგადოება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

გაზიარება:

იცოდით, რომ მსოფლიოში ქალების 35%-ს ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა პარტნიორის მხრიდან ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრიდან?

დღეს, 25 ნოემბერს, გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადებული, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალები მთელ მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, დღევანდელი დღე კი ამ ფაქტების მიმართ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, მისი მიზანია მოცემული საკითხების მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

ისტორიულად, ეს თარიღი 1960 წელს, დომინიკის რესპუბლიკაში, სამი პოლიტიკური აქტივისტის - დები მირაბალების მკვლელობას უკავშირდება, რომელიც ქვეყნის დიქტატორმა შეუკვეთა.  1981 წელს,  25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დაწესდა.

ქალთა მიმართ ძალადობა ვლინდება ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ფორმებით, რაც აერთიანებს:

• ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას (ცემა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ქორწინებაში გაუპატიურება, ფემიციდი);
• სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას (გაუპატიურება, იძულებითი სქესობრივი აქტები, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, იძულებითი ქორწინება, ქუჩაში შევიწროება, თვალთვალი, კიბერშევიწროება);
• ადამიანებით ვაჭრობას (მონობა, სექსუალური ექსპლუატაცია);
• ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას
• ბავშვთა ქორწინება.

ტრადიციულად, 25 ნოემბრიდან  10 დეკემბრამდე, მსოფლიოს 187 ქვეყანა (მათ შორის საქართველო) და 5 000 ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას აწარმოებს, რომელიც მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

ქალთა მიმართ ძალადობა არ გახლავთ კულტურის ნაწილი, ეს კრიმინალია. თანასწორობა თავისით არ მოვა, მისთვის ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ - სამანტა პაუერი.

ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული ჩვენგანის წინაშე მდგარი გამოწვევაა. ძალადობის პრევენცია, აღმოფხვრა და მსხვერპლთა და დაზარალებულთა სათანადო რეაბილიტაცია მხოლოდ ერთიანი ძალით, მონდომებითა და თანადგომით მიიღწევა.

ზევით