14 ივლისი - ეროვნული და მსოფლიო დღე!

| ნანკა კიკალია |

არ შემიძლია 14 ივლისის აღნიშვნა ამ სამი ბუმბერაზი, კოსმოპოლიტი ქართველით არ დავიწყო. ზაფხულის ამ ცხელ დღეს ხომ მსოფლიოს ვაჟა ფშაველა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ნოდარ დუმბაძე მოევლინა. სწორედ ეს სძენს 14 ივლისს სრულ უფლებას კალენდარში ჩაიწეროს, როგორც საქართველოს ეროვნული დღესასწაული და აღინიშნოს საქართველოს ყველა კუთხეში დიდი ზარზეიმით. ვაჟა, ქაქუცა და დუმბაძე ის ინტელექტუალური რევოლუციაა, რომელიც საქართველოს ყველაზე საჭირო დროს გადახდა თავს, ეს ის არის, რაც დღევანდელ საქართველოს ასე სჭირდება კვლავ. თუმცა, ჩემი დღევანდელი სტატია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას ეძღვნება, რომელიც ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების ნამდვილი მაგალითია, რომელთანაც მეგობრობა ყველა ჭეშმარიტ ქართველს უნდა, ყველას ვისაც ახსოვს და სჯერა, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრი იყო და იქნება კვლავ!

ბასტილიის დღე

14 ივლისი ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს კალენდარში საპატიო ადგილს, სწორედ ამ დღეს 1789 წელს საფრანგეთის ახალი ისტორიის დაწერაც დაიწყო - საფრანგეთში რევოლუციამ იფეთქა, რამაც ხელი შეუწყო საფრანგეთის ჯერ კონსტიტუციურ მონარქიაში, შემდეგ კი პირველ რესპუბლიკად გაერთიანებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თანამედროვე ფრანგი ერის შეგნების აღმოცენებას.

ამ დღეს სრულიად ფრანგი ერი ბასტილიის აღების დღეს ზეიმობს. ის პირველად 1880 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტრადიციულად, პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ. წელს გამორჩეული იყო აღლუმიც და ზეიმიც, ვინაიდან ის უკრაინას და მათ შორის რუსეთსაც მიეძღვნა.

bastille day

აღლუმზე წარმოდგენილი იყო სამხედრო თვითმფრინავები, სამხედრო მანქანები და დრონები, რომელიც ხაზს უსვამდა საფრანგეთის ძლიერებას, ამ ევროპული ქვეყნის ერთგულებას ნატოსა და ევროპელი მოკავშირეების მიმართ და მის სამხედრო ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად. ელისის მინდვრებზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ცხრა მოკავშირე სტუმარი ქვეყნის ეროვნული დროშის წარდგენით ჩატარდა, რომელთა უმეტესობა უკრაინის ან რუსეთის მეზობელია: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

პარიზი, ბასტილიის დღე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და მათ გასაოცარ ძალისხმევას.

„ჩვენ გაოცებული ვართ უკრაინელების მორალური სიძლიერით. სწორედ მან მისცა ძალა უკრაინას იბრძოლოს ასეთ არათანაბარ ბრძოლაში“, - ემანუელ მაკრონი.

ემანუელ მაკრონი, ბასტილიის დღე

საინტერესოა რომ, წლევანდელი ბასტილიის ღონისძიების დევიზია „გააზიარე ალი", როგორც მინიშნება იმისა რომ საფრანგეთი 2024 წელს  ოლიმპიური თამაშების მასპინძელია. ღონისძიებას ოლიმპიელი და პარაოლიმპიელი სპორტსმენები, როგორც საგანგებოდ მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ბასტილიის დღის დღესასწაული გრანდიოზული  ფეიერვერკით დასრულდა.

პარიზი, ბასტილიის დღე

ეროვნული დღესასწაული საფრანგეთის ქალაქებსა და მის ფარგლებს გარეთ, ახალი ორლეანიდან ავსტრალიამდე და საქართველოშიც მათ შორის დიდი ზეიმით აღინიშნა. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ბასტილიის ზეიმის მსგავსად თუ არა, ოდნავ მაინც იდენტურად და მასშტაბურად აღვნიშნავთ 14 ივლისს - საქართველოში სამი ბუმბერაზი ადამიანის დაბადებას!

ფრანგ ხალხს კი ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ! შეხვედრამდე ევროპულ ოჯახში! 

ზევით