„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების უპირობო ლიდერია

კინო კრიტიკოსებსა და box office-ის წარმატების შემდეგ, რეჟისორების დანიელ კვანისა და დანიელ შაინერტის სამეცნიერო ფანტასტიკა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების ლიდერად გვევლინება. ჯამში 11 ნომინაციით, ამერიკული აბსურდული დრამა-კომედია ისეთ კატეგორიებში დასახელდა როგორებიცაა: წლის საუკეთესო მხატვრული ფილმი, მთავარი როლის შემსრულებელი, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი და წლის საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი.

„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ - ფილმის კოსტიუმების მთავარი დიზაინერი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სტილისტი შირლი კურატაა, რომელსაც ეკრანიზაციის წარმატებაში, ფერებისა და ფორმების სიუხვით, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. შირლის პორტფოლიოში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ცნობილი ბრენდების კამპანიებისთვის შექმნილი ვიზუალები, მათ შორის Westfield, Volkswagen, Clinique, Target და Oliver Peoples არიან.

შირლი კურატას, ფილმის პროდიუსერი ჯონათან ვანგი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის გადაღებებიდან იცნობდა, სწორედ ჯონათანმა წარუდგინა სტილისტი დანიელებს, მათ შორის კავშირი პირველივე შეხვედრისთანავე გაჩნდა. „როგორც აზიელ-ამერიკელს, დიდი სურვილი მაქვს ვიმუშაო ფილმებზე, რომლებიც რეპრეზენტატულობით გამოირჩევიან, განსაკუთრებით კი აზიურით“ - განაცხადა შირლიმ. „როდესაც ჰოლივუდის ახალი ფილმის შესახებ შევიტყვე, რომელსაც აზიელი მსახიობები, თანაც მთავარი როლის შემსულებლები ჰყავდნენ, მაშინვე გავიფიქრე მე მასში მონაწილეობა უნდა მივიღო“.

„ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ კურატასთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა, კოსტიუმების დიზაინერს მოუწია მულტისამყაროებში მთავარ პერსონაჟებთან ერთად, განსხვავებულ ეპოქასა და განზომილებაში ემოგზაურა და თითოეული მათგანის უნიკალურობა და ზოგჯერ აბსურდულობას სწორედ კოსტიუმების გავლით გადმოეცა.

საპატარძლო კაბა

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდური მომენტი ფილმში არის მიშელ იეოს (რომელიც ნომინირებულია ფილმისთვის საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციაში) გამოჩენა Elie Saab-ის დიდებულ კაბაში, რომელიც მბზინავი დეტალებიტა და მაქმანებითაა მორთული.

შთაგონება მუსიკის საკულტო ფიგურისგან

სტეფანი ჰსუს, რომელიც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის კატეგორიაშია ნომინირებული, ფილმში ყველაზე სახასიათო კოსტიუმებით გამოვარჩევთ, ალბათ საუკეთესოებითაც კი. სტეფანის პერსონაჟის მეტამორფოზას მაყურებელი რამდენიმე საათის განმავლობაში ადევნებს თვალს და ბოროტმოქმედის როლში ყველაზე დასამახსოვრებელი მისი თეთრი კომბინეზონია, რომლის შთაგონებაც ელვის პრესლის კოსტიუმიდან გაჩნდა.

IRS ინსპექტორი

ჯეიმი ლი კურტისი ფილმში არა ერთ სხვადასხვა სამყაროში გვევლინება, თუმცა მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩაცმულობა უდავოდ ინსპექტორის მდოგვისფერი სვიტრი, ყვითელი მოსაცმელი, წითელი სათვალეები და მძივებიანი ყელსაბამია. ეს ჩაცმულობა IRS ინსპექტორის პრეზენტაციის ყველაზე ფერადი საშუალებაა.

მიშელ იეო ბრძოლის სცენებში

ფილმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომენტი, მიშელ იეოს ბრძოლის რეჟიმში გადასვლაა, სადაც მის პერსონაჟს ყვავილებიანი პერანგი და წითელი მოსაცმელი აცვია. პერანგი მოგვაგონებს Liberty-ს ქსოვილს, რომელიც პრაქტიკულად მარადიულია კომპანიისთვის, რომელიც 1875 წლით თარიღდება და დღემდე მოღვაწეობს.

ზევით