#მხატვრობა

უცნობი/ნაცნობი BANKSY-ს ნამუშევრები საქართველოში გამოიფინება

გაზიარება:

ცნობილი ქუჩის არტისტის BANKSY-ს გამოფენა საქართველოში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 18 ოქტომბერს გაიხსნება. სიახლე, მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა და როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ მუზეუმის 5 წლის იუბილეს უკავშირდება. 

ექსპოზიცია ასახავს ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის - ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში. „ბენქსი: ლეგენდის დაბადების“ კურატორი სტივ ლაზარიდისი გახლავთ.

გამოფენისთვის მუზეუმის მესამე სართული და მისი 11 დარბაზი გამოიყოფა. სტივ ლაზარიდისის ხედვით, დამთვალიერებელს მიეცემა შესაძლებლობა ბენქსის სამყაროში იმოგზაუროს და ლეგენდარული არტისტის დაბადებიდან, მის მსოფლიო აღიარებამდე გზა თავადაც გაიაროს.

სახვითი ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი, ბენქსის შემოქმედებასთან ერთად, ქართველი ქუჩის ხელოვანების: გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკს და Sick’nTired-ის ნამუშევრებს დაეთმობა. 

ანონიმურობა, ბენქსის შემოქმედების ნაწილად, მისი გამოჩენის დღიდან იქცა. ხელოვანი, საკუთარ გადაწყვეტილებას მარტივად ხსნის - მას არ სურს მის შემოქმედებაში ყურადღება იდენტობას დაეთმოს, პირიქით, ბენქსის მიზანია მნახველმა მის თვალწინ არსებული ხელოვნების ნიმუშზე მოახდინოს სრულად კონცენტრაცია. 

ზევით