#მხატვრობა

თეა სილაგაძის პერსონალური გამოფენა „აბრეშუმის გალერეაში“ მოეწყობა

გაზიარება:

17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით, „აბრეშუმის გალერეაში“, თვითნასწავლი მხატვრის თეა სილაგაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენა მხატვრის ბოლო 2 წლის მანძილზე შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს, მათ შორის გახლავთ Golden tame talants-ის კონკურში მეორე ადგილას გასული ნახატიც.

3-დღიანი გამოფენის, შვილის საღებავებით დაწყებული საყვარელი საქმისა და შთაგონების შესახებ, თეა სილაგაძესთან ინტერვიუში მოისმენთ:

თეა, როდის ჩნდება მხატვრობა თქვენს ცხოვრებაში?

მხატვრობასთან და ხელოვნებასთან კავშირი და სიყვარული ბავშვობიდან მაქვს. ძალიან მიყვარდა ნახატები, მაგრამ როდესაც თავად ვცადე დახატვა, არ გამომივიდა. ამიტომ, ცნობილი მხატვრების ბიოგრაფიების და მათი შემოქმედების შესახებ კითხვას დავჯერდი. რეალურად, 2 წელია რაც ხატვა დავიწყე, ალბათ გახსოვთ პირველი ლოკდაუნი რომ გამოცხადდა და ყველანი სახლში რომ გამოვიკეტეთ, სწორედ მაშინ შვილის საღებავებით, აკვარელით და გუაშით ვცადე გონების გადართვა და გამომივიდა კიდეც.

ამ საწყისის შემდეგ, აღარ გავჩერებულვარ და ამ 2 წლის განმავლობაში 59 ნახატი შევქმენი.

პირველი პერსონალური გამოფენის შესახებ:

გამოფენის გაკეთება არასდროს მიფიქრია, ჩემთვის ვხატავდი და ჩემი სათქმელი თუ ემოცია გადამქონდა თეთრ ტილოზე. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ინგლისში, ლონდონში მიმდინარე ონლაინ გამოფენა კონკურსის Golden tame talants-ის შესახებ შევიტყვე. გადავწყვიტე, ჩემი ერთი ნახატი აბსტრაქციის კატეგორიაში გამეგზავნა და 13 ქვეყნის წარმომადგენლისგან დაკომპლექტებული ჟიურის შეფასებები მომესმინა. სრულიად მოულოდნელად კონკურსში მეორე ადგილი ავიღე, ეს შემთხვევა უდიდეს სტიმულად და გამოწვევად იქცა ჩემთვის, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე პერსონალური გამოფენის გაკეთება და ჩემი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

გამოფენას ოფიციალური სახელწოდება არ აქვს, ის სხვადასხვა თემას აერთიანებს, თუმცა მათი უმრავლესობის ამომავალი წერტილი მაინც ადამიანია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2020-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

შთაგონებას სად ან რაში პოულობთ?

შთაგონების წყაროზე საუბარი ცოტა მიჭირს და მეუცხოება, რადგან კადრებს გონებაში ვხედავ, შემდეგ ვიწყებ ამ კადრების აწყობას და დალაგებას, ნელ-ნელა ერთიანი აზრი იკვეთება, სათქმელი, რომელიც იმ წუთას მინდა ვთქვა. აზრებს, შეგრძნებებს, ემოციას ქვეცნობიერთან ვაკავშირებ და სწორედ ასე იქმნება ძირითადი მონახაზი. როდესაც საქმე ფერებს ეხება, მაშინ კი იდეა მოდის, იდეა ყველაფრის დალაგების.

რა დროს ანდომებთ ტილოს შექმნას?

კონკრეტული დრო არ მაქვს შეიძლება დიდი ხანი მოვუნდე ნახატს გააჩნია ფორმას ზომას და იმას, თუ რა აზრი უნდა გადმოვცე. მაქვს როგორც ერთ საათში დახატული ტილო, აგრეთვე ნახატი, რომლის შექმნასაც ერთი თვე მოვანდომე. 

სად შეძლებს დამთვალიერებელი თქვენი ნამუშევრების ხილვას?

გამოფენა გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში: 17, 18 და 19 იანვარს, თბილისში Silk Factory Studio-ში, კოსტავას 59-ში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.

ზევით