#მხატვრობა

„თანამედროვე ჯოტოდ“ წოდებული ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ბეილერის ფონდში იწონებს თავს

გაზიარება:

„ის არის თანამედროვე ჯოტო“ - ამ სიტყვებით ახასიათებენ არტ-კრიტიკოსები ქართველ პრიმიტივისტ გენიოსს, ნიკო ფიროსმანს. 2023 წლის 17 სექტემბრიდან, შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის შემოქმედება მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გვერდით არის გამოფენილი. გამორჩეულ სახელოვნებო ინსტიტუციაში წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ქართული კულტურული მოვლენა, 2024 წლის 28 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი. გამოფენის კურატორი, ისტორიკოსი დანიელ ბაუმანი გახლავთ, მოწვეული ხელოვანები კი ანდრო ვეკუა და თეა ჯორჯაძე არიან.

საქართველოს ყველაზე ცნობილი მხატვრისა და ადრეული მოდერნისტული ხელოვნების ისტორიაში მითიური ფიგურის ნიკო ფიროსმანის 46 ნამუშევარი და მასთან ერთად, ხელოვანის ოთახი უკვე რამდენიმე კვირაა ბეილერის ფონდის სტუმრებს მასპინძლობს. ნიკო ფიროსმანის შემოქმედების და მისი ცხოვრების ახლოდან გასაცნობად, დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები. 

ბეილერის ფონდში ასევე მოეწყო ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას 1969 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება, რომელიც ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

„ნიკო ფიროსმანი ლეგენდარული მოღვაწეა, უთვალავი მითის საგანი. ქართველი მხატვარი, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი იდუმალი მარტოსულია. ვინსენტ ვან გოგის, ანრი რუსოს და მარკ შაგალის მსგავსად, მას შეეძლო დაეხატა ნახატები, რომლებსაც პატივს სცემდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, აგრეთვე ავანგარდისტი ხელოვანები. თვითნასწავლმა მხატვარმა დიდი მგრძნობელობით, ყოველდღიურობა განსაკუთრებულად გარდაქმნა. დიდებულად შესრულებული ადამიანები და ცხოველები, მაყურებელს, ერთდროულად, დაჟინებით და განკერძოებულად შესცქერიან. ჰარმონიულ სიმშვიდეში ჩაფლულებს, საოცარი მომხიბლაობა გამოარჩევთ. შავ ფონზე შესრულებული ნათელი ფერებით, ფიროსმანმა რეალისტური ნამუშევრები შექმნა“ - ნათქვამია ბეილერის ფონდის ანოტაციაში.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა Fondation Beyeler-ისა და “ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის” ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

ზევით