#მხატვრობა

„რადისონ ბლუ ივერიაში“ თენგიზ სეფიაშვილის ექსპოზიცია გაიხსნა

გაზიარება:

27 მარტს, 19:00 საათზე „რადისონ ბლუ ივერიაში“ საგამოფენო სივრცეში სეფოს, მხატვარი თენგიზ სეფიაშვილის ექსპოზიცია გაიხსნა, რომელსაც სასტუმრო მომავალი ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. 

სეფო — თენგიზ სეფიაშვილი ერთ-ერთი პირველი ხელოვანია საქართველოში, ვინც კინეტიკური ხელოვნებით დაინტერესდა და მასშტაბური ინსტალაციები შექმნა სპეციფიკური სივრცეებისთვის. პარალელურად ის მუდმივად მუშაობს მცირე მასშტაბის სკულპტურებსა და კოლაჟებზე, ფერწერასა და გრაფიკაში.

სეფო მარტივი ვიზუალური ფორმულებით მუშაობს, სადაც პოპ-არტის მოტივები უცნაურ, სიურრეალისტურ ხედვებთან ერთიანდება. მას შეუძლია სივრცისა და ამავდროულად განწყობის შეგრძნება შექმნას ბრტყელ, მხოლოდ ფერით მოდელირებულ ზედაპირებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილია ბოლოდროინდელი სერიებიდან შერჩეული ნამუშევრები, სადაც ერთდროულად არის სირთულე და სიმარტივე, — თითოეულ მათგანში დამოუკიდებელი ისტორიაა, იქნება ეს პირადი ასოციაციით აღმოცენებული კადრი, თუ მოგზაურობის, ან თეატრალური მოტივის ამოუცნობი შინაარსის მომცველი კომპოზიცია. ხშირად აქცენტები დასვენების, გართობის, ეროტიკის, ბუნებასთან ურთიერთობის თემებზეა და გადმოიცემა გროტესკული, ანიმაციური მოდელირებით, სადაც შეფარულად, მაგრამ ყოველთვის არის ეგზისტენციალური ელემენტი სევდის ნოტებით. 

ზევით