#მხატვრობა

პიტ მონდრიანის ნახატი ათწლეულების განმავლობაში გალერეებში თავდაყირა ეკიდა

გაზიარება:

ხელოვნების ისტორიკოსის მტკიცებით, ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის საკულტო მოდერნისტული ნახატები შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში თავდაყირა ეკიდა სამხატვრო გალერეებში და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლოა ისინი პირვანდელ მდგომარეობას მალე სულაც ვერ დაუბრუნდნენ.

ნახატზე, სახელწოდებით New York City I, ასახულია მონდრიანის კლასიკური ძირითადი ფერების პალიტრა და გასაოცარი გეომეტრიული ხაზები. ჰოლანდიელმა მხატვარმა ნახატების სერია - New York City, 1941 და 1942 წლებში, ევროპიდან ქალაქში გადასახლების შემდეგ შექმნა.

New York City I უკვე დიდი ხანია, რაც Kunstsammlung Nordrhein-Westfalen-ის საგამოფენო კატალოგის მიხედვით იმ ფორმატშია გამოფენილი, რომელიც სახელოვნებო წრეებში, განხილვის მთავარ საგნად იქცა. ნახატი გერმანულმა გალერეამ 1980 წელს შეიძინა, წელს კი მონდრიანისა და მისი შემოქმედებისთვის მიძღვნილი გამოფენა კიდევ ერთხელ გაიხსნა. ვარაუდს იმის თაობაზე, რომ 75 წლის განმავლობაში ნახატი გალერეებში თავდაყირა იყო გამოფენილი, მონდრიანის სტუდიაში გადაღებული ფოტო ამტკიცებს, რომელშიც მხატვარს ნახატი სრულიად საპირისპირო ორიენტირებით აქვს გამოფენილი.

როგორც მუზეუმის კატალოგში ვკითხულობთ, New York City I-ის 180 გრადუსით მოტრიალების შემდეგაც კი, პიტ მონდრიანის ნახატი კვლავინდებურად შთამბეჭდავია, მეტიც კომპოზიცია ამ რაკურსიდან მეტ ინტენსივობასა და პლასტიკურობას იძენს.

მუზეუმის წარმომადგენლების მტკიცებით, შესაძლებელია ისიც, რომ ფოტოსურათზე პიტ მონდრიანი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში იყო ნახატზე, სწორედ ამიტომ აისახა იგი ამობრუნებული, შესაძლოა მხატვარმა რამდენჯერმეც კი დაატრიალა ნამუშევარი, ამ შემთხვევაში ხომ არ იარსებებდა სწორი და არასწორი ორიენტაცია.

ამ დროისთვის, ნახატი დარჩება ჩამოკიდებული იმ მიმართულებით, როგორც ის ამ დრომდე იყო წარმოდგენილი, თქვა მუზეუმის კურატორმა სიუზან მეიერ-ბიუსერმა ხუთშაბათს გამოფენის გახსნის პრესკონფერენციაზე. მისმა შემობრუნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნახატს - ორიენტაციული დაბნეულობა კი ახლა ობიექტის ისტორიის უნიკალური ნაწილია.

ზევით