Noli Me Tangere - ბათუმში ლევან სონღულაშვილის მონუმენტური ფერწერული ნამუშევარი გამოიფინება

8 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ქართველი ხელოვანის ლევან სონღულაშვილის ახალი მონუმენტური ფერწერული ნამუშევარი Noli Me Tangere გამოიფინება. 9 აგვისტოს, 14:00 სთ.-ზე, მუზეუმში გაიმართება ლევან სონღულაშვილის საჯარო დიალოგი ფილოსოფოს, ლექსო დორეულთან. ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნამუშევრის ნახვა 25 აგვისტომდეა შესაძლებელი.

ლევან სონღულაშვილი
ახალი ფერწერული ტილოს დეტალი; რელიეფური ზედაპირი, ექსპრესიული მონასმები, მრავალფეროვანი ფაქტურული გრადაციები და მაღალი კონტრასტული გამა

B.I.O. International Plus-ისა და Window Project-ის თანამშრომლობით გამართულ სამი პანელისგან შემდგარი კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმზე დასასწრებად დარეგისტრირდით ლინკზე

ლევან სონღულაშვილის შესახებ:

30 წლის ქართველი ხელოვანი, ლევან სონღულაშვილი დასავლურ სახელოვნებო სამყაროში, თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელია ჩვენი ქვეყნისთვის, ის ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედება, მისი ესთეტიკა, აზროვნებისა და გადმოცემის სტილი, ნამუშევართა მრავალშრიანობა და ფერთა იდეალური გრადაცია შეუმჩნეველი დასავლური სახელოვნებო წრეებისთვის არ დარჩენილა, ლევანმა მოკლე დროში მოახერხა და მსოფლიოს წამყვანი არტ-სივრცეებისა და აუქციონების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც ნიუ-იორკის ხელოვანთა ტოპ 10-ეულში მოხვდა და წლის არტისტად დასახელდა

ყველაფერი კი ლევანის ადრეული წლებიდან და ხელოვნების დაუძლეველი სიყვარულიდან იწყება, პირველი ნაბიჯები მან ხომ სულ რაღაც სამი წლის ასაკში გადადგა, მხატვრობისადმი განსაკუთრებული ინტერესის, სიყვარულისა და ნიჭის გამო დედამ ლევანი ადრეულ ასაკში შეიყვანა ხატვის წრეზე. 6 წლის ხელოვანი უკვე ხატავდა ფიგურატიულ კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებსა და პორტრეტებს.

ლევან სონღულაშვილი
Red Horizons | ტილო მადრიდის სერიიდან - "წითელი ჰორიზონტები"

9 წლის ასაკში კი ლევანი დამოუკიდებლად თავისუფლად ართმევდა თავს ურთულეს სამხატვრო ამოცანებს, რაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ

2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდგომ, 22 წლის ლევანმა გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო, სადაც ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ პრესტიჟულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში პირველი ქართველი სამაგისტრო კურსის სტუდენტი გახდა. 

2015 წელს, ლევანი აკადემიის მთავარი ჯილდოს Portrait Scholarship Award-ის გამარჯვებული გახდა, სადაც ამერიკელი, ევროპელი და აზიელი არტისტები იღებდნენ მონაწილეობას, ამავე წლის 13 აპრილს კი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-წვეულებაზე Tribeca Ball 2015, სონღულაშვილის ნახატები გამოიფინა.

ლევან სონღუაშვილი
ELYSIUM - ლევან სონღულაშვილი

ლევან სონღულაშვილი უდავოდ გახლავთ ის ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი ხელოვანი, რომელმაც მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა და წინ ჯერ კიდევ უამრავი მწვერვალი და დიდებული ბიოგრაფიული მომენტები ელის.

ზევით