#კინო

მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

გაზიარება:

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მსახიობი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) რეჟისორის ედვარდ ბერგერის ახალ ფილმში „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

„კონკლავში“, რომლის სიუჟეტის მოქმედებაც ვატიკანში ვითარდება, მერაბ ნინიძესთან ერთად მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: რალფ ფაინსი, იზაბელა როსელინი, სტენლი ტუჩი და ჯონ ლითგოუ მიიღებენ.

ფილმი, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და პაპის გარდაცვალების შემდეგ, ვატიკანში განვითარებული მოვლენების შესახებ გვიამბობს. კარდინალ ლოურენსს, რომლის როლსაც რალფ ფაინსი ასრულებს, ახალი წინამძღოლის არჩევა ევალება, სწორედ აქედან იწყება ჩახლართული, ინტრიგებით მოცული ამბები, რომლის მონაწილე მერაბ ნინიძეც ხდება, როგორც ერთ-ერთი კარდინალი.

„კონკლავის“ გადაღებები რომში უკვე დაწყებულია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ ნინიძეც გადასაღებ მოედანზე იმყოფება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერაბ ნინიძემ დასავლური კინემატოგრაფიის სამყაროში საკუთარი სახელი და ადგილი უკვე დაიმკვიდრა, ქართველი მსახიობის სახელთან არა ერთი პრესტიჟული კინონაწარმი და ჯილდოა დაკავშირებული. თბილისში დაბადებული 55 წლის მსახიობის დებიუტი კინოში 1984 წელს,  თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“ შედგა, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

20-ზე მეტ ქართულ პროექტში მონაწილეობის შემდეგ, მერაბ ნინიძემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ევროპაში გადადის საცხოვრებლად და საკუთარ სახელს სხვადასხვა ქვეყანაში იმკვიდრებს. მერაბის წარმატებულ სამსახიობო კარიერას ისიც უწყობს ხელს, რომ იგი ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულსა და ფრანგულ ენებს.

2015 წელს თბილისში გამოიცა მარიკა ბაკურაძესთან ერთად დაწერილი მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე“. ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია ოცზე მეტი წლის წინ რომ დატოვა სამშობლო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილი.

ზევით