„მარო“ - 19 თებერვალს სალომე ბენიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

19 თებერვალს, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეს, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, სალომე ბენიძის ახალი წიგნის „მაროს“ წარდგენაა დაგეგმილი. საქართველოს ისტორია ხომ წარმოუდგენელია მაროს - ამ მარადიული გოგოს გარეშე. 

„მარო“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გამოსცა.

სალომე ბენიძე, მარო, მარო მაყაშვილი, მარო მაყაშვილის დღიური

მარო მაყაშვილმა, ქართველმა ანა ფრანკმა, თავის ხანმოკლე ბიოგრაფიაში წარმოუდგენელი ეპიზოდები დაიტია: საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის და ქართველი ხალხის გაუნელებელი სწრაფვა, თუ სურვილი – ყოფილიყო ევროპის ნაწილი.

საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 70 წელი გაატარა, დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სწორედ ამიტომ, „მარო“, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ტრაგიკულ ამბავს ჰყვება, ამავდროულად, იმედით და მომავლის რწმენითაა სავსე.

„მაროს“ თავდაპირველი ვერსია ლიბრეტოდ, მონოდრამისთვის დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალთან თანამშრომლობით შეიქმნა. მონოდრამა მეცო-სოპრანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის, გვიამბობდა მარო მაყაშვილის ამბავს მუსიკით, ტექსტებითა და ანიმაციით. ამ უკანასკნელს საფუძვლად დაედო მაროს დღიური და მარო მაყაშვილის ოჯახის შთამომავლების მოგონებები. 

სალომე ბენიძე, მარო, მარო მაყაშვილი, მარო მაყაშვილის დღიური

მარო მაყაშვილი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, უამრავი ოცნებითა და გეგმით, რომელსაც ლიტერატურა, მუსიკა და თეატრი უყვარდა. ოცნებობდა ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზში სწავლასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე. თითქოს მის სურვილებს წინ ვერაფერი უნდა დასდგომოდა, მაგრამ 1921 წელს რუსულმა წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და ყველაფერი შეიცვალა. 19 წლის მარო, წითელი ჯვრის მოხალისე მოწყალების დად წავიდა ომში და ის თბილისის მისადგომებთან გაანაწილეს. მისი სიცოცხლე ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი იყო პირველი ქალი, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას შეეწირა.

სალომე ბენიძე, მარო, მარო მაყაშვილი, მარო მაყაშვილის დღიური

მარო ასევე პირველი ქალია, ვისაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა 2017 წელს.

წიგნის წარდგენა პანელური დისკუსიით გაიხსნება. დისკუსიის მონაწილეები სალომე ბენიძე, ლაშა ბაქრაძე, თამთა მელაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი და თამარ ლონდარიძე იქნებიან. მოდერატორი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გახლავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის საავტორო ჰონორარი მოხმარდება სოფელ დიმში მცხოვრები გოგოების განათლებას, საინიციატივო ჯგუფ „დიმელ ქალებთან“ თანამშრომლობით. 

ზევით