#მხატვრობა

მარინა აბრამოვიჩის ნახევარ საუკუნოვანი კარიერა Royal Academy-ში წარმოდგენილი რეტროსპექტივის სახით

გაზიარება:

ლონდონის სამხატვრო გალერეა Royal Academy 255 წლიანი არსებობის ისტორიის მანძილზე, მთავარ გალერეაში პირველი ქალი არტისტის - მარინა აბრამოვიჩის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. სერბი არტისტის რეტროსპექტივა მის ნახევარსაუკუნოვან კარიერას ეძღვნება, რომელმაც არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა და შეფასებების დამსახურება გახსნის დღიდანვე მოახერხა. ფაქტი კი ფაქტად რჩება - მარინა აბრამოვიჩი კვლავინდებურად სახელოვნებო სამყაროს მოვლენათა ეპიცენტრშია.

რეტროსპექტივის სტუმრებს გამოფენილ ექსპონატებთან მოსახვედრად ორ შიშველ მოდელს შორის უწევთ გავლა. მათ, ვისაც ეს გზა უსიამოვნოდ მიაჩნიათ, შეუძლიათ ცალკე შესასვლელით ისარგებლონ, თუმცა პერფორმანსი იმთავითვე რეტროსპექტივის ნაწილია და არტისტსაც სურს მისი მნახველი გამოფენის უშუალო მონაწილედ იქცეს. კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სწორედაც რომ ამ ინსტალაციამ წარმოშვა. The Guardian-მა ის „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ ელემენტად შეაფასა, თუმცა Times-ის აზრით ეს „უსინდისო სვლაა“.

Evening Standard-ის კრიტიკოსმა - ბენ ლუკმა მარინა აბრამოვიჩის გამოფენას 4 ვარსკვლავი მიანიჭა და დაწერა: „ეს არ არის უაზრო აჟიოტაჟი. მე ვერ წარმომიდგენია უკეთესი ჩვენება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი დიდი ნაწილი არსებობს სპექტაკლების დოკუმენტაციის სახით“.

ორ შიშველ შემსრულებელს შორის გავლა სტუმრებს „დაპირისპირებაში სიშიშვლესა და სქესს, სექსუალურობასა და სურვილს შორის მოხვედრას აიძულებს" - აღნიშნა Royal Academy-ს გამოფენის კურატორმა - ანდრეა ტარსიამ. უჩვეულო ინსტალაცია პირველად 1977 წელს, აბრამოვიჩმა და მისმა მაშინდელმა გერმანელმა პარტნიორმა, ულეიმ დადგეს. წყვილი ერთმანეთის სიახლოვეს იდგა კარში და მნახველს მათ შორის გავლას აიძულებდა.

„ჩვენი გამოფენა მისი (მარინა აბრამოვიჩის) პრაქტიკის მიმოხილვაა. ის თემატურად არის ორგანიზებული, რათა ხაზი გაუსვას მის ზოგიერთ მუდმივ ინტერესს - საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობას, სხეულის საზღვრების გადალახვის, ბუნებისგან ენერგიის მოპოვებისა და განვითარების რიტუალის საშუალებით“ - ნათქვამია Royal Academy-ს აღწერაში.

კიდევ ერთი პერფორმანსი სახელწოდებით „შიშველი ჩონჩხით“, შიშველ სხეულსა და მასზე განთავსებულ ჩონჩხს აერთიანებს. ნამუშევარი შთაგონებული იყო ტიბეტელი ბუდისტი ბერების ვარჯიშით, რომელიც სიკვდილის შიშის დაძლევის მიზნით მკვდრების გვერდით ძილს გულისხმობს.

„სახლი ოკეანის ხედით“ გამოფენის მიმდინარეობისას, განმეორებით სამჯერ შესრულდება. პერფორმანსის მანძილზე არტისტი მთავარ გალერეაში 12 დღე იცხოვრებს ვიზიტორების თვალწინ. პერფორმანსი პირველად ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოეწყო და აუდიტორიისთვის, ცხოვრების მარტივი აქტის ჩვენებას მიეძღვნა.

ხელოვნების სამყაროს ხატი და პერფორმანსული ხელოვნების პიონერი - მარინა აბრამოვიჩი აუდიტორიას ბოლო 50 წელია თავისი სხეულისა და გონების საზღვრების გადალახვით ხიბლავს. ეს მნიშვნელოვანი გამოფენა კი აბრამოვიჩის კარიერიდან სკულპტურის, ვიდეოს, ინსტალაციისა და პერფორმანსის სახით საკვანძო მომენტებს აერთიანებს. გამოფენა Royal Academy-ში 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება.

ზევით